ხელისუფლებამ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას – კობახიძემ პირობა დადო

ხელისუფლებამ დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას – კობახიძემ პირობა დადო

საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა თანდათან მძიმდება. პატრიარქის ინიციატივამ მესამე შვილის ნათლობასთან დაკავშირებით რამდენიმე წელი იმუშავა, მაგრამ ახლა უკვე სხვა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. პირველ რიგში, ასეთ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისგან ელიან. ვითარება რომ სავალალოა, ეს სტატისტიკური მონაცემებიდან ყველაზე კარგად ჩანს. ამას, ალბათ, წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის შედეგებიც დაადასტურებს.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ ქვეყანას დემოგრაფიულის კუთხით აქვს სერიოზული პრობლემები.

„ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლებით, არც შობადობის მაჩვენებლებით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, ეს არის, პირველ რიგში, სწორედ დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისი ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-12 წლებში საქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ, როცა 2014 წლიდან ეს ტენდენცია შეჩერდა და 2014-23 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა.

„ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ტენდენციის შეჩერება მიგრაციის კუთხით. სურათი არ არის კარგი, მაგრამ ტენდენცია შევაჩერეთ, 2014 წლის მერე საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 19500 ადამიანით.

კმაყოფილი არა ვართ, ბედნიერი - მით უმეტეს, არის ცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ. განსაკუთრებით შემდეგ 4-წლიან პროგრამაში ამისათვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება შემოთავაზებული“, - განაცხადა კობახიძემ.

სხვათა შორის, სპეციალისტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირთან დაახლოება, მიგრაციას ნაკადს უფრო მეტად გაზრდის. ეს სხვა ქვეყნებშიც ასე იყო და არც საქართველო იქნება გამონაკლისი. სწორედ ამაზე ისაუბრა „პიემსიჯის“ გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა და განაცხადა, რომ საქართველოს რაც უფრო მეტად უახლოვდება დიდ ეკონომიკურ სივრცეს (ევროკავშირს), მით უფრო მეტად გაიხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და, ბუნებრივია, დადგება გამოწვევები, მათ შორის, მიგრაციის კუთხით.

„ანალოგი შეგვიძლია მოვიყვანოთ. გვქონდა ბალტიის ქვეყნების, ბულგარეთის, რუმინეთის და ხორვატიის სახით მაგალითები - როდესაც ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ, რა შედეგები დადგა. ამის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ ორი რამ: რა პოზიტიური შედეგები მოჰყვა ამას და ასევე, რა გამოწვევები. არც ერთ ქვეყანას არ აქვს მხოლოდ პოზიტიური ან მხოლოდ ნეგატიური შედეგი.

ჩვენ რაც უფრო მეტად მივუახლოვდებით ამ დიდ ეკონომიკურ სივრცეს, მით უფრო მეტად გაგვეხსნება კარი ძალიან ბევრ რესურსთან და, ბუნებრივია, დადგება გამოწვევები. ერთ-ერთი ასეთია მიგრაცია. ამას ვერ გავექცევით, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა, ეს მოცემულობაა. ყველა ჩამოთვლილი ქვეყანა, მათ შორის, პოლონეთიც, თავის დროზე, წუწუნებდა, რომ როდესაც ის მიუახლოვდა ევროპას, მიგრაციული პროცესები დაიწყო, მაგრამ როგორც კი ამ ქვეყნებში ეკონომიკური სიძლიერე წამოიწია, ვითარება შეტრიალდა.

ეს პროცესი გვინდა თუ არ გვინდა, დაგვიდგება და ამას უნდა შევხედოთ ჯანსაღად და ვეცადოთ, რომ იმ პოლიტიკამ, რომელიც ფორმირებული იქნება, უპასუხოს ამ გამოწვევებს და მოთხოვნებს“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

ქვეყანაში რომ დემოგრაფიული მდგომარეობა მძიმე, ეს ყველასათვის ცხადია. პროფესორი პაატა აროშიძე არ გამორიცხვას, რომ რამდენიმე ათწლეულში ეროვნებით ქართველები საქართველოში უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

„დემოგრაფიულად ცუდი სიტუაციაა. ეროვნებით ქართველები, ალბათ, რამდენიმე ათეულ წელში უმცირესობაში მოვექცევით. ამას გაეროს სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს.

ეკლესიამ კი ძალიან დიდი როლი ითამაშა, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ოჯახების მესამე შვილის ნათლია იქნებოდა. ამან ბევრი სამშვილიანი ოჯახი გააჩინა ქვეყანაში. რაღაც ასეთი მიგნებაა საჭირო, რადგან მიგრაციის ნაკადი ჩაიხშოს და თან შობადობა ამაღლდეს, პირველ რიგში, ეროვნებით ქართველებში“, - განაცხადა პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ დემოგრაფიისთვის პრობლემაა ისიც, რომ დაქორწინების ასაკმა გადაიწია. თუ ადრე იყო, 25-27 წელი, ახლა 30 წელს ზემოთაა.

მიგრაცია და უარყოფითი დემოგრაფიული სალდო საქართველოსთვის კარგა ხანია პრობლემას წარმოადგენს. მძიმე სურათი კიდევ უფრო დაამძიმა კორონავირუსის პანდემიამ. 2020, 2021 და 2022 წლებში საქართველოში იმაზე ბევრი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ 2022 წელს ქვეყანაში 46 520 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაიცვალა 50 537 ადამიანი. 2021 წელს შობადობის მაჩვენებელმა 45 946 შეადგინა, ხოლო გარდაცვლილთა ოდენობამ 59 906. რაც შეეხება 2022 წელს, მაშინ ქვეყანაში 42 319 ბავშვი დაიბადა, ხოლო დაიღუპა 49 118 ადამიანი.

რაც შეეხება მიგრაციის მაჩვენებელს, რაც დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, მართალია, პანდემიის წლებში, საქართველოს ბევრი ქართველი დაუბრუნდა, მაგრამ მაინც მაღალი მიგრაცია დაფიქსირდა. 2020 ქვეყნიდან 74 264 ადამიანი წავიდა, 2021 წელს - 99 974, ხოლო 2023 წელს - 125 269.