მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
ციხეში დაბადებული ბავშვები
მისთვის ციხე ორჯერ დიდი სასჯელი აღმოჩნდა, ვიდრე - ჩემთვის...
მან ციხეში ორსულობის შვიდი თვე გაატარა...
მშობიარობისას მეუღლე გვერდით არ ჰყოლია..
არც დედას უკოცნია შუბლზე მელოგინესთვის...
არც “ბებიაქალი” გაქცეულა ოჯახის წევრებთან, ვაჟი შეგეძინათო...
არც ჩვილისათვის მოუქსოვია ბებიას წინდები...
არც ოჯახში გაუშლიათ სუფრა ძეობისთვის...
არც მეზობელს უთქვამს შესალოცი სიტყვები, ალისასა, მალისასაო...
ის 2 თვის ორსული შემოასახლეს ციხეში...
შინ სამი შვილი ელოდა, სამი მცირეწლოვანი მშიერი... არც ერთი შვილის ასაკი არ აღემატებოდა ხუთ წელს...
ბაზრობაზე დაიჭირეს... უთხრეს, რომ ფული მოიპარა და კამერამ დააფიქსირა... ფული ვერ აღმოაჩინეს, რადგან მგონი, ის მოპარული ფული ვიღაცამ მოჰპარა...
ორსულობა მძიმე არ ჰქონდა - მხოლოდ სამფენა გისოსის იქით იყურებოდა და გასცქეროდა ჰორიზონტს...
მშობიარობის დროს თავზე ერთი კონტროლიორი ქალი და 3 ბადრაგი მამაკაცი ედგა...
როცა სამშობიარო ბლოკში ტკივილით იკლაკნებოდა, ბადრაგები ხუმრობით კენჭს ყრიდნენ, რომელმა მივცეთ ბავშვს გვარიო...
ზუსტად აღარ იცოდა, რომელი დარდი უფრო დიდი იყო ციხეში - მასთან ერთად დაპატიმრებული ჯერარდაბადებული შვილის დარდი თუ გარეთ, თავისუფლებაზე დარჩენილი სამი მშიერი ბავშვის ბედი...
ციხეში ბავშვს არაფერი აკლდა: არც - “პამპერსი”, არც - ფაფა, არც - სათამაშო...
ნორვეგიელების აშენებულ დედათა და ბავშვთა განყოფილებაში ყველაფერი, ერთი შეხედვით, კომფორტული იყო, მაგრამ ყველაფერი იყო უცნაურად ცივი, უხალისო და უღიმღამო...
დღეებს კვირები მისდევდა, კვირებს - თვეები, თვეებს - წლები...
ასფურცელას ზღაპრისა არ იყოს, ბავშვი იზრდებოდა და მშვენდებოდა, დედას მიკვროდა მკერდზე და მასთან ერთად იხდიდა სასჯელს - თავისი დედმამიშვილებისათვის შიმშილის დასამარცხებლად ჩადენილი ერთი შეცდომის საფასურს...
ბავშვი მარტო არ იყო, მასავით სხვა ბავშვებიც იზრდებოდნენ... და ვითარდებოდნენ...
“მამკებში” სულ 12 ქალი ცხოვრობდა და... 12 ბავშვი...
არ გაგეცინოთ: ერთ ბაგა-ბაღს კი ჰგავდა ეს განყოფილება...
ერთ-ერთი პატიმარი დედა ავად გახდა - სიცხე, უძილობა, უმადობა და დაღლა სისტემატურად აწუხებდა, მისი შვილი თავის ოთახში გადმოიყვანა, სამი დღე უვლიდა ორ ჩვილს....
სამი დღის მერე, ჩვილის დედას ტუბერკულოზი დაუდგინეს...
ბავშვი ჩამოართვეს, ოჯახს გადასცეს, დედა კი, “ტუბზონაზე” გაამწესეს...
“მამკებში” თერთმეტი ქალიღა დარჩა...
ყველას ერთმანეთის ეშინოდა, ყველას ჭლექის ფობია დაეწყო, ყველა ავად იყო...
თავისუფლების ჭლექით დაავადებული.
ყველას უნდოდა სახლში...
მას კი, ერთი ოცნება ჰქონდა - ოდესმე ოთხივე შვილთან ჩახუტებულს დაეძინა...
ამასობაში, საბა 3 წლის გახდა და კანონმა დედასთან დარჩენა აკრძალა...
საბა წაიყვანეს...
ინგას კი, ნერვიულობაზე, ტუბერკულოზი დაემართა!
ციხის სკანდალური რომანები
ბუნებით კეკლუცი იყო...
ალბათ, ცოტა აღვირახსნილიც...
ციხეში მასზე ლეგენდები დადიოდა, კაცები უყვარს, უკაცობას ვერ იტანს და რა ქნასო?!
ამბობდა, რომ უყვარდა საპირისპირო სქესი, მაგრამ მგონი, კი არ უყვარდა, სურვილი კლავდა...
იწვა თავის ნარზე და ყველას უყვებოდა, თუ როგორ იძირებოდა იმ კაცის ნატვრაში...
ის კაცი კი, ციხის თანამშრომელი იყო.
მოკლედ, მალე აღარ ვენდობოდით....
ქალთან, რომელიც „ნაძორს“ „მიუწვება“, რთულია ურთიერთობა...
მას ყველაფერი ჰქონდა, რაც ციხეს ენატრებოდა... თავისუფლების გარდა...
მის საკნიდან უცნაური ხმები მუდამ ესმოდათ მეზობლებს...
რცხვენოდა?
არა!
უნდოდა, რომ ჰყოლოდა კაცი და... ჰყავდა!
არც იმის შერცხვა, როცა დაორსულდა...
სამი კვირა ვენიდან თითო გრამ სისხლს იღებდა...
ჭიპთან „სანტავიკს“ იკრავდა, ნაყოფისათვის ჟანგბადი რომ არ მიეწოდებინა...
ნაყოფიც მოიშორა...
იმ კაცს კი უნდოდა, რომ ჰყოლოდა ინფორმატორი და... ჰყავდა...
უნდოდა, რომ ეარსება, როგორც ქალს...
არავის უყვარდა...
ყველას სძულდა...
ციხეში არ უყვართ კაცთმოყვარე დაუოკებელი ქალები...
და არც გარეთ უყვართ, მგონი, ასეთები...
P.S. ასეთია ორი მდედრის სახე ციხეში!