“სისხლიანი ვარდების” 10-წლიანი მმართველობის ქრონიკა

“სისხლიანი ვარდების” 10-წლიანი მმართველობის ქრონიკა

მიხეილ სააკაშვილის ათწლიანი მმართველობა დასრულდა, თუმცა ვიდრე პრეზიდენტობის ვადის ბოლო დღეებში სააკაშვილის, ასე ვთქვათ, ქარიზმა ყველაფერს მისწვდა: სააკაშვილი მწვერვალზე, სააკაშვილი მთაში, ტყეში, მშენებარე ობიექტებზე... ამ ვოიაჟებისას, “ვარდების რევოლუციის” “მამა” “ნაციონალთა” ეფექტური მმართველობის მეთოდებს გვახსენებდა, წარსულს მისტიროდა და გვაიმედებდა, ,,ნაცმოძრაობა” ძველ პოზიციებს დაიბრუნებსო. სააკაშვილის ბოლოდროინდელი ქმედებებიდან განსაკუთრებით “შთამბეჭდავი” პროექტი - “საქართველოს მოქალაქეობა ჩამოტარებით” იყო: თურქეთის ქალაქებსა და სოფლებში მოსეირნე სააკაშვილი, სამოქალაქო რეესტრის გვერდის ავლით, წარმოშობით (და არა მხოლოდ) ქართველებს საქართველოს მოქალაქის პასპორტებს ჩუქნიდა... რატომ დაარიგა პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ბითუმად? - ,,ქართული სიტყვა” პოლიტოლოგს, კავკასიის საკითხების ექსპერტ მამუკა არეშიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო მამუკა, საქართველოს ახალი, რიგით მეოთხე პრეზიდენტი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომვარდების ეპოქადასრულდა. დღევანდელი გადასახედიდან, როგორ უნდა განვიხილოთ 2003 წლის ნოემბრის მოვლენები - როგორც რუსული, ამერიკული თუ რუსულ-ამერიკული სცენარი?

- გარკვეული ეტაპი გავლილია, მაგრამ ვიდრე ,,ავგიას თავლა” იმ ნარჩენებისგან, რაც ,,ნაციონალებმა” დატოვეს, არ გაიწმინდება, შეჯამებას ვერ გავაკეთებ. საერთოდ, 1990 წლის მერე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, სხვადასხვა ფორმით, დასავლეთი და რუსეთი ყოველთვის ჩართულია, თუმცა ძნელი გასარკვევია, რომელია დომინანტი.

2003 წლის ნოემბერში, დემონსტრაციების ფონზე, ერთის მხრივ, ამერიკელების დიპლომატიური კორპუსისა და, მეორეს მხრივ, იგორ ივანოვის გამოჩენა მაფიქრებინებს, რომ ეს პარალელური სცენარით მიმდინარე პროცესები იყო.

- მაინც, რა დაუბარა ივანოვმა რევოლუციურ სამეულს?

- ცხადია, რომ რუსეთმა ამ სამეულის მოსვლას მხარი ცალსახად დაუჭირა. არ ვიცი, კონკრეტულად რა დაუბარა, მაგრამ რევოლუციის შემდეგ სააკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლების მისამართით გაკეთებული განცხადებები პოზიტიური იყო. გარდა ამისა, მისი ვიზიტი პეტერბურგში მაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან გარკვეული ურთიერთობები და ვალდებულებები ჰქონდა...

- მაშასადამე, გამოდის, რომ დომინანტი მაინც რუსეთი იყო, მაგრამ თუკი ასეა, აბა, 2008 წლის აგვისტომდე რატომღა მივედით?

- სააკაშვილის უახლოესმა ამერიკელმა ნეოკონსერვატორმა მეგობრებმა, ჯონ მაკკეინის მეთაურობით, მისგან ანტირუსული პოლიტიკის გატარება კატეგორიულად მოითხოვეს და სააკაშვილმაც მიმართულება მკვეთრად შეიცვალა.

აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთთან ომის წინააღმდეგი იყო და ამის შესახებ სააკაშვილი არაერთხელ გააფრთხილეს. კონდოლიზა რაისი სააკაშვილს კატეგორიულად მოუწოდებდა, რუსეთის ანკესზე არ წამოგებულიყო და უთანასწორო ომში არ ჩაბმულიყო. ომის მერე ამერიკელ პოლიტოლოგებთან გვქონდა საუბარი, რომლებიც გამალებულნი გვიმტკიცებდნენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებში თეთრი სახლი არ ერეოდა. როცა ჩვენ დავსვით შეკითხვა, პენტაგონი თუ ერეოდა, სიჩუმე ჩამოვარდა - მათ პასუხი არ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ამ საქმეში რაღაც ფორმით თეთრი სახლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და, ამავე დროს, ნეოკონსერვატორი დიკ ჩეინი იყო ჩართული.

მაქვს ეჭვი, რომ მაკკეინმა, რომელიც 2008 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა, სიტუაციას ალღო უცებ აუღო და აგვისტოს ომის დაწყებიდან მეორე დღესვე გამოვიდა ლოზუნგით: ,,მე ქართველი ვარ!” ამჯერად ანტირუსული რიტორიკა მომგებიანი აღმოჩნდა და მან, ჩემი ვარაუდით,  დამატებით ხმები მიიღო. დასკვნა ასეთია: არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს თავის დროზე გაპრეზიდენტებაში ხელი წაუკრა აშშ-ის პოლიტელიტის ერთმა ჯგუფმა.

- ჩიხში შესული პოლიტიკის მერე, ახალი ხელისუფლება მოვიდა. ესეც რუსულ-ამერიკული გარიგების შედეგია?

- დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს 2012 წლის პირველ ოქტომბერს რომ არ ეთქვა, დავმარცხდითო, ყველაფერი ასე იოლად არ დამთავრდებოდა. სააკაშვილის ეს აღიარება აშშ-ის მაშინდელი ელჩისა და ადმინისტრაციის სერიოზული მუშაობის შედეგი იყო. იგი სასტიკად გააფრთხილეს, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით უნდა ჩატარებულიყო. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ცნობილი გახდა, რომ ახალაიები იარაღის გამოყენებასა და არეულობის მოწყობას აპირებდნენ. მათ კატეგორიულად მოსთხოვეს მიშას, რომ მსგავსი რამ არ დაეშვა. საინტერესოა, რომ ეს ფაქტი დიმიტრი შაშკინმა გაამჟღავნა.

გასული წლის არჩევნებში რუსეთის კვალი აშკარად არ ჩანს, მაგრამ კრემლი პროცესებს კეთილგანწყობით უყურებდა. პუტინისა და სააკაშვილის ურთიერთანტიპათია საყოველთაოდაა ცნობილი. რუსეთის პირველი პირისთვის სააკაშვილთან უბრად ყოფნა მომგებიანი იყო - რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა, საერთაშორისო ასპარეზზეც თავს იმართლებდა, რომ ვიდრე სათავეში ,,ნაცმოძრაობაა”, საქართველოსთან ურთიერთობას ვერ დაალაგებდა.

- თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე და გენერალური შტაბის ყოფილი მეთაური ვლადიმერ იმნაძე ამბობენ, რომვარდების რევოლუციისლიდერებმა საქართველოთი ივაჭრეს...

- ე.წ. სამხრეთ ოსეთში წამოწყებული ავანტიურა იმას ემსახურებოდა, რომ სააკაშვილი ტანჯულის მანტიამორგებული გამოსულიყო და აფხაზეთი ლეგალური გზით დაეთმო. ყოველ შემთხვევაში, ლოგიკურად ასე ჩანს, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება. ამიტომ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. დასკვნა იმისათვისაა საჭირო, რომ მომავალში მსგავსი შეცდომები არ განმეორდეს და თუ ღალატი იყო, ასეთი ტიპის ღალატის ბლოკირება მოხდეს.

ჩვენს პოლიტიკურ თამაშში ყოველთვის ერევიან კავკასიის დიდი მოთამაშეები, მაგრამ ვერაფრით მოვახერხეთ ინიციატივების ხელში აღება - ყოველთვის წამგებიან მდგომარეობაში ვართ. ჩვენი ლიდერები ბოლომდე ეყრდნობიან რომელიმე ქვეყნის დედაქალაქს, არ ცდილობენ საკუთარი ნების დემონსტრირებას.

- გასამართლდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი?

- როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, გასამართლდება.

- ოც წელზე მეტია, საქართველოში წინამორბედის დაუფასებლობის ტენდენცია დამკვიდრდა. რატომ ვებრძვით წარსულს?

- ბოლო წლებში, ყველა წინამორბედმა მომდევნოს მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა. გამორიცხულია, რომ წინა ლიდერის შეცდომები მომდევნომ თავის რიტორიკაში არ გამოიყენოს. არც ერთი ხელისუფალი - გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი - საკუთარი ნებით არ წასულა. შეცდომები დააშვებინეს გამსახურდიას და შევარდნაძესაც. სააკაშვილმა კი, თვითონ დაუშვა საბედისწერო შეცდომები. მან შესანიშნავად იცოდა, თუ როგორი ვითარება იყო და ხაფანგში თავი მაინც გაყო - წამოიწყო ომი სამაჩაბლოში. 1978 წლიდან, საქართველო პოლიტიკურ ლაბორატორიადაა ქცეული, ხელისუფალნი საკუთარ ქვეყანაზე ცდებს ატარებენ. ისე, ამ ცდებს სიკეთეც მოჰყვა - 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაირაზმა ქვეყნის ინტელიგენცია და სტუდენტობა. კულტურული ლაბორატორიაც იყო საქართველო - ვერც ერთ საბჭოთა ქვეყანაში ვერ ნახავდით ასეთ სპექტაკლებს, წიგნებს, ფილმებს. ცეკა-ს მდივნები თვალს ბევრ რამეზე ხუჭავდნენ.

საბჭოეთის დანგრევა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებით დაიწყო და საქართველო ისევ ლაბორატორია იყო. ჩვენი გამოცდილების გაზიარების შემდეგ, 2-3 თვეში ბალტიისპირეთის ხალხებმა ისტორიული პროცესების წარმართვა დაიწყეს. ჩვენთვის ეს პროცესები დამანგრეველი იყო, მათთვის კი, - ჭკუის სასწავლებელი. რუსეთი დღესაც აშინებს უკრაინას, მოლდოვას, სომხეთს და ჩვენზე ზეწოლას ახდენს, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრი არ გავხდეთ. ჩვენ ისევ ლაბორატორია ვართ.

- ბატონო მამუკა, როგორ აფასებთ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო ინიციატივებს? იყო თუ არა სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნება, როცა მან თბილისის თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის გაჩერებაზე საჯაროდ ისაუბრა?

- რასაკვირველია, იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ, თვით მტერმაც კი იცის, თუ რა შენდება თბილისის გარშემო. სააკაშვილის სადაზვერვო ინფორმაცია ზედაპირულია, მაგრამ დაცული ობიექტების ჩამოთვლა, სამხედრო თემაზე ამ ფორმით საუბარი დანაშაულია.

- ტელემაყურებელმა კიდევ ერთი ,,შეუპოვარი და გმირული შემართებისკადრები იხილა სააკაშვილის მონაწილეობით - რას ემსახურებოდა ვაჰაგან ჩახალიანთან დაპირისპირება?

- ამ კადრების შემყურე ვიტყოდი, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსო. ჩახალიანმა თავის დროზე ჩაიდინა დანაშაული, რისთვისაც სომხეთის სამართალდამცავებმა დააკავეს და საქართველოს გადმოსცეს. ჩახალიანი რომ პოლიტიკური ფიგურა და ტერორისტი ყოფილიყო, სომხები თავისთვის შეინახავდნენ, როგორც შირაქიანს და ბევრ სხვას დააფარეს ხელი. ჩახალიანი ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღია, ე.წ. შავი, რომელსაც ,,ჯავახკის” ახალგაზრდული ფრთის ლიდერობა უნდოდა. სამარცხვინო სანახაობა იყო, თუ როგორ ეკამათებოდა პრეზიდენტი ერთ ჩვეულებრივ ყაჩაღს. განა, ასე ადვილია, სააკაშვილთან მიახლოება? ჩახალიანი მასთან ამ სპექტაკლის დასადგმელად საგანგებოდ მიუშვეს.

- ყველაზე საინტერესო იყო პრეზიდენტის ვოიაჟი თურქეთში, სადაც პროექტი - ,,საქართველოს მოქალაქეობა ჩამოტარებით” - განახორციელა...

- ჩემი აზრით, ,,ნაციონალებს” გარკვეული კულუარული ვალდებულებები აქვთ აღებული სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის მიმართ. ამის თქმის საფუძველს კი ის მაძლევს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საოცრად უცნაურ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო თხოვნას უსრულებს ამ ქვეყნებს. ასე ეტაპობრივად გადაეცათ სომხებს მარნეულის ნაწილი. ის თურქები, ვისაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქის პასპორტები გადასცა, წარმოშობით ქართველები ნამდვილად არიან, ქართულად საუბრობენ, მაგრამ საკითხავია, არიან თუ არა პროქართული ორიენტაციის? ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მიშა აჭარას თურქებს აბარებდა. ამაზე მიუთითებს მოსახლეობის ისეთი ბალანსი, რომელსაც იგი აჭარაში ქმნიდა - აჭარაში მცხოვრებ 30-35 ათას თურქს საქართველოს მოქალაქეობა აქვს, აჭარის მთიანეთში კი, რელიგიურ ნიადაგზე, ყოველ წუთს შეიძლება, სამოქალაქო დაპირისპირების ფონი შეიქმნას. გავიხსენოთ, თუ როგორ ებრძოდნენ მუსულმანი ქართველები 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოს.

- პარალელურად, რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ საქართველოში დაბადებულ ქართველებს უარს ეუბნებიან თანამემამულის სტატუსზე...

- არა მარტო უცხოეთში მცხოვრებ გენეტიკურად ქართველებს ეუბნებიან უარს საქართველოს მოქალაქეობაზე, არამედ, საქართველოში მცხოვრებ ჩერქეზებსაც, რომელთა მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული გენოციდის ფაქტი მსოფლიოს გასაგონად ვაღიარეთ.