"იგივე შეფასებები მაქვს, რაც არჩევნებამდე მქონდა, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვპროგნოზირებდი, გაიყვეს ელექტორატის ძირითადი რაოდენობა კოაბიტაციის მონაწილე მხარეებმა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ კიდევ დრო დასჭირდება ქართველ საზოგადოებას, რათა ეს ყველაფერი გააცნობიეროს. ცვლილებები არ იქნება, რეფორმები არ იქნება. საქართველოში შენარჩუნებული იქნება ის პოლიტიკური და ფინანსური კორუფციული სისტემა, რომელიც არსებობს", - აცხადებს "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ნაციონალები" ხელისუფლებაში უკვე დაბრუნდნენ.
"ნაციონალები" ხელისუფლებაში უკვე დაბრუნდნენ. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებას მართლაც აკლია აკადემიური დებატები. რა უნდა ქართველ საზოგადოებას, თვითონ უნდა ჩამოყალიბდეს, იმიტომ რომ ხანდახან ეს მიზნები და ამოცანები გაუცნობიერებელია. თუ მთელი საზოგადოების სურვილი გამოიხატება პირად ზიზღში მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ მის ფიზიონომიას არ ვუყუროთ ტელეეკრანებზე, ეს მიღწევადი ამოცანაა, მაგრამ მე არა მგონია, რომ საქართველოს მთავარი პრობლემა სააკაშვილის ფიზიონომია იყოს ტელეეკრანზე. პრობლემები ბევრად უფრო ღრმა არის, ბევრად უფრო მასშტაბურია და ფაქტია, რომ დღევანდელი მთავრობა ამის რეფორმირებისათვის მზად არ არის, იმიტომ რომ უკონტროლო პოლიცია და სასამართლო ცუდია, როცა ის შენ წინააღმდეგ მუშაობს, მაგრამ ძალიან კომფორტულია, როცა ის შენს დაქვემდებარებაშია. დღევანდელ მთავრობას არა აქვს სურვილი, რომ ამ სისტემის რეფორმირება მოახდინოს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.
"ვადამდელი არჩევნები, მე ვფიქრობ, გამოირიცხა, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა 27 ოქტომბერს არ დაუჭირა მხარი ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ ვიცოდით, რომელი კანდიდატი იყო ვადამდელი არჩევნების მომხრე. ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი ნამდვილად პატიოსნად მოიქცა და მან არჩევნებამდე განაცხადა, რომ სწორედ ვადამდელ არჩევნებს არ დაუშვებდა. ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა მარგველაშვილს. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა მომწონდეს ეს პარლამენტი, უბრალოდ, არანაირი არგუმენტი არ მაქვს ახლა, რომ ვთქვა - ვადამდელი არჩევნებისთვის რაიმე საფუძველი არსებობს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"წინასწარ ძალიან რთულია რაიმეს თქმა, როდესაც არ ვიცით, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, ძნელია, კომენტარი გავაკეთო. თუმცა, ეს არ გამოიწვევს ქვეყნის კურსის ცვლილებას, ამაზე ორი აზრი არ არის. გასაგებია, რომ ხელისუფლების არაფორმალურ ლიდერად რჩება კვლავინდებურად ბიძინა ივანიშვილი. შეიძლება ეს ვინმესთვის არ არის ტრაგედია, მაგრამ მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, რომ ყურადღება მიაქციოს ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის პროტოკოლსაც, თუ როგორ იქნება ესა თუ ის კანდიდატურა გამოცხადებული ან დამტკიცებული. ეს რაღაცა პატრონალიზმის ელემენტები არის, როცა ერთი ადამიანი ძალიან ღიად ამბობს, რომ ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, ვინ უნდა იყოს ქალაქის მერი და ამბობს, რომ მე კი ვიცი, მაგრამ მაინც პარასკევ საღამოს გეტყვით. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ ტრადიციებთან. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობა ბევრად უფრო სხვა პრობლემებითაა დაკავებული და ამ დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ, ჩვენ თუ გვინდა ევროპული დემოკრატიის დამკვიდრება ქვეყანაში, პრემიერ-მინისტრის შერჩევის ასეთი წესი, რომ ერთი ადამიანი გადაწყვეტს და დანარჩენებს ამის შესახებ დეპეშით გაუგზავნის, რბილად რომ ვთქვათ, არ არის მთლად ევროპულ დემოკრატიასთან შესაბამისობაში მყოფი პროცედურა. ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს უახლოეს პერიოდში. ვგულისხმობ იმას, რომ იქნება ლეგიტიმურობის კრიზისები", - ამბობს კახა კუკავა.
"ნამდვილად არ არის დასამალი, რომ ღარიბაშვილი ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია, სხვებთან შედარებით, მეტი სიმპათიით სარგებლობს საზოგადოებაში. მთავარია, რომ ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა იყოს მმართველი კოალიციის ლიდერი. თუკი ის იქნა განხილული საზოგადოებაში, როგორც ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრი, ეს შეუქმნის აუცილებლად მას პრობლემებს საზოგადოებასთანაც და საკუთარ კოალიციასთანაც", - დასძენს რესპონდენტი.