პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა, 27 ოქტომბრის არჩევნები დამთავრდა თუ არა, თბილისის მერ გიგი უგულავასთან ერთად, საქართველო დატოვა. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტყოფილი და ჯერ კიდევ მოქმედი მერი ბრიუსელში იმყოფებიან. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ სააკაშვილი საქართველოდან გაიქცა... ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძე მეორე ადგილზე გავიდა, “ნაცმოძრაობა” დასავლეთს, ლობისტების საშუალებით, დაარწმუნებს, რომ მავანთაგან ცოცხების პარტიად შერაცხულ პოლიტიკურ ძალას საქართველოს მოსახლეობაში 20-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს... სხვა თა შორის, დროს უქმად არც სააკაშვილის ოპონენტები კარგავენ და მსოფლიოს “ნაციონალთა” “საგმირო საქმეებს” აცნობენ. ასე, მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, მედიაკავშირ “ობიექტივის” ინიციატივით, აშშ-ის პოლიტელიტამ დოკუმენტური ფილმი ნახა, რომელშიც სააკაშვილის 10-წლიანი მმართველობის სისხლიანი რეალობაა ასახული. როგორ მოხვდა კაპიტოლიუმში დოკუმენტური ფილმი? - ,,ქართული სიტყვა” ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთ ლიდერს, სოსო მანჯავიძეს ესაუბრა:
- 2012 წელს, მედიაკავშირ “ობიექტივისა” და “წინააღმდეგობის მოძრაობის” მიერ ე.წ. ციხის კადრების გასაჯაროებით, დასავლეთმა სააკაშვილისადმი პოლიტიკური მხარდაჭერა შეწყვიტა და ამით დააცხრო სახალხო მღელვარება, რომელიც შესაძლოა, უმართავი გამხდარიყო, თუმცა კოჰაბიტაციის პირობებში, ,,ნაცმოძრაობის” რეანიმირება მოხდა. 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ ძალასა და ყოფილ მმართველ გუნდს ერთიანი კომპრომატებით განმტკიცებული პოლიტიკური წარსული და ხედვები აქვთ. გარდა ამისა, მათ ერთი პოლიტიკური ძალა - ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის უკიდურესად მემარცხენე ფლანგი მფარველობს. სწორედ ამ ფლანგის წარმომადგენელია ცნობილი მილიარდერი ჯორჯ სოროსი.
რაც შეეხება მედიაკავშირ ,,ობიექტივის” მიერ მომზადებულ ორ პატარა დოკუმენტურ ფილმს, 23 ოქტომბერს, აშშ-ის კონგრესში, სენატში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, კონგრესმენები, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი მენენდესი და, ასევე, კონგრესმენი, აშშ-ში წამყვანი პოლიტიკური ფიგურა საირესი ესწრებოდნენ. ამ ფილმების სანახავად კაპიტოლიუმში ასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. შეხვედრის ორგანიზატორი კი, გამოჩენილი ებრაელი პოლიტტექნოლოგი, ამერიკელი პოლიტოლოგი, ,,ობიექტივის” მეგობარი ავიგდორ ესკინი იყო, რომელიც ,,ციხის კადრების” საქმეშიც გვეხმარებოდა. ქართულ მხარეს წარმოადგენდა ამერიკა-კანადის მოქალაქე, ამერიკულ-კანადური ინსტიტუტის დამფუძნებელი, დისიდენტი, ,,პატრიოტთა ალიანსის” წევრი, გამოჩენილი რუსი მწერალი და პოეტი, ნობელის პრემიის ნომინანტი რომან ფინი, რომელმაც საოცარი პუბლიცისტური წერილები დაწერა და რომელსაც საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები ბევრ ქართველზე უკეთ ესმის.
თავის დროზე აშშ-ში ხმა ჩადიოდა და იცოდნენ, თუ რა ხდებოდა ქართულ ციხეში, მაგრამ სრული სურათის დასახატად ვიზუალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფილმების ჩვენებამდე საზოგადოება გავაფრთხილეთ, რომ სუსტი ნერვების პატრონებს დარბაზი დაეტოვებინათ, მაგრამ გარეთ არავინ გასულა. ჰქონდათ შეკითხვა: ხომ არაა პოლიტიკური დევნა ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებების სერია? ფილმის ნახვის შემდეგ, შეკითხვის ავტორებმა უხერხულობა იგრძნეს და გაოცდნენ, როცა გაიგეს, რომ ამ საშინელებების ჩამდენნი დღემდე არ დასჯილან.
- ჩვენების მიზანი რა იყო?
- რა და, - ,,ნაცმოძრაობის” ჩამოცილება ხელისუფლებიდან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე დეზინფორმაციის აღკვეთა, ასევე, საქართველოს გაყვანა ზემოხსენებული პოლიტიკური ძალების ზემოქმედების სფეროდან, ანუ აშშ-ში ჩვენ მოკავშირეებს ვეძებთ. ჯერჯერობით აშშ მსოფლიო პოლიტიკის მეტროპოლია და ერთადერთი პოლუსია. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, დავამყაროთ ურთიერთობები იმ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებასთან, ვისთანაც ჩვენი ეროვნული იდეების ჰარმონიზება შეიძლება. დღესავით ნათელია, რომ ძველი ურთიერთობები გვანგრევდა - განადგურებულია ეკონომიკა, დაკარგულია ტერიტორიები... ამ პოლიტიკური უერთიერთობების ხაზს აშშ-ში ჰყავს ლობისტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის კი არა, მეზობლების, იმ ხალხის ინტერესებს იცავენ, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ მტაცებლური ინტერესი ამოძრავებს.
- სიტყვამ მოიტანა და, ,,ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დასავლეთში ლობისტები არ სჭირდება, რადგან მისი ლობი სიმართლეა...
- ასეთი განცხადებები, ჩემი აზრით, არაკომპეტენტურობის შედეგია.
- არადა, კოალიციაში გამოცდილი პერსონები არიან, რომელთაც დასავლეთში დიდი კავშირები აქვთ და პიარ-ტექნოლოგიის ხელოვნებასაც ფლობენ...
- ეს პერსონები საქართველოში გარკვეული ამერიკული პოლიტიკური მიმდინარეობის ინტერესებს ლობირებენ და სწორედ ამ ხაზის გატარებისათვის აფინანსებენ ჩვენი ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე ძალები. ეს მარტივი სამკუთხედია. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს არ ესმის, რატომ ინგრევა ქვეყანა, რატომ დავკარგეთ და მომავალში დავკარგავთ ტერიტორიებს. ვიდრე თბილისის საამიროს ფარგლებში არ დავრჩებით, ეს არხეინობა და სიბეცე არ გაქრება... ხუთი წლის წინ, 2003 წლის შეთანხმებისამებრ, რუსეთისთვის ტერიტორიების გადაბარება მოხდა. გაიძახიან, დავით აღმაშენებლის იდეით შეპყრობილი სააკაშვილი უთანასწორო ბრძოლაში ჩაებაო. ამ დროს კი, ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. ნურავინ მოტყუვდება, თითქოს იმ დონის სულელები იყვნენ, რომ არ იცოდნენ, რუსეთთან დაპირისპირებას რა მოჰყვებოდა. 2008 წლის ომი ამორალური შეთანხმება იყო! ცხინვალის ოპერაცია იმისთვის დაიწყო, რომ აფხაზეთიც ჩაბარებულიყო. რუსეთმა ამ ომით დიდი პოლიტიკური დივიდენდი მიიღო - გადმოვიდა სამხრეთ კავკასიაში, ბაზები გააკეთა და ზესახელმწიფოს პრესტიჟი დაიმკვიდრა. სამაგიეროდ, აშშ-ის პრესტიჟი დაეცა... სოხუმს რუსეთის რკინის ხელი აკონტროლებს, აფხაზები შავ დღეში არიან და მათი მდგომარეობა თანდათან მძიმდება. ამ დროს, ჩვენს ინტერესებზე ლაპარაკი საერთოდ არაა. აი, სომხური ინტერესები კი იკვეთება. სენატში ჩვენს მიერ ორგანიზებული შეხვედრა აფხაზეთის კონფლიქტის ოცი წლისთავს დაემთხვა და, ებრაელი მეგობრების დახმარებით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური წმენდის თემა კვლავ გავააქტიურეთ...
- ბატონო სოსო, მოდით, ისევ ფილმებს დავუბრუნდეთ, რა თემები იყო წამოწეული?
- ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ბიზნესზე ზეწოლა... ფილმის ავტორი ირმა ინაშვილია, მთელი ამ პროცესის ორგანიზატორი კი, დავით-თარხან მოურავი გახლდათ. დროში შეზღუდულები ვიყავით, განსაკუთრებით ბიზნესმენების ჩაწერა გაჭირდა - დაზარალებულ ბიზნესმენთა ნაწილი დიდი ძალისხმევით შევკრიბეთ. სამწუხაროა, რომ ისინი ისევ შიშით ცხოვრობენ და ბევრმა მოსვლა ვერ გაბედა. ამერიკული მენტალიტეტისთვის ძალიან რთული გადასალახი იყო, მთავრობის მხრიდან ბიზნესის დაყაჩაღების თემა...
- ქართულ ფილმებს ამერიკული მედია გამოეხმაურა?
- ამ შეხვედრას ტალღისებური აფეთქების ეფექტი ჰქონდა - ჟურნალ-გაზეთები აჭრელდა, გვირეკავენ პოლონეთიდან, რუსეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან. სხვათა შორის, სწორედ ამ შეხვედრის შედეგად, ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრის სტატუსს ვერ მიიღებს. არადა, დასავლეთი აპირებდა, მისთვის ეს სტატუსი მიენიჭებინა და გვეყოლებოდა ვანო ნელსონ-მანდელა! ჩვენს მიერ აშშ-ში გადადგმული გაბედული ნაბიჯით გაოგნებულნი მხოლოდ “ნაცები” კი არა, კოჰაბიტანტებიც არიან!
,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ” მედი-აქტივობაში კვლევა ჩაატარა და ჩვენ ერთ პოზიციაშიც არ აღმოვჩნდით, რადგან ჩვენი საქმიანობა ლიბერალურ-სოროსულ სქემაში არ ჯდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, სინამდვილეში, საერთაშორისო ბურუსია, რითიც წლებია, ქართველ ხალხს აბოლებენ! სრული დუმილია ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც, რადგან მუდამ პოლიტიკური ყბედობითა და საქართველოს ინტერესებით ვაჭრობით, გაუბედურებული ამომრჩევლისა და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით, პირადი კეთილდღეობის მოწყობით არიან პოლიტიკოსები დაკავებულნი და “ორღობის პოლიტიკას” აწარმოებენ!
- კოჰაბიტანტებში ვის გულისხმობთ?
- ყველას, ვისაც სურს, შეინარჩუნოს ,,ნაცმოძრაობა”.
- ბატონო სოსო, ამბობთ, რომ აშშ-ში ე.წ. მეორე რაუნდსაც გამართავთ. კიდევ ფილმებს აჩვენებთ?
- ეს სიურპრიზი იქნება... ჩვენი სტრატეგიული მიზანია, ქვეყანას ის პოლიტიკური ძალები ჩამოვაცილოთ, რომლებიც საქართველოს განადგურების გეგმით მოქმედებენ. სტრატეგიული მოკავშირის პოვნაში უდიდესი გავლენის მქონე ისრაელის კონსერვატული წრეები გვეხმარებიან. სამწუხაროდ, ბევრს ჰგონია, რომ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა კარგია. სინამდვილეში, ჩვენს ცნობიერებას გაუკუღმართებული ფსიქოლოგია და ნიჰილიზმი ჭამს. ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს - შეგვიძლია, ძლიერი და მდიდარი სახელწიფო ავაშენოთ. საქვეყნო საქმეების გადაწყვეტისას, ყველა დროში ჭკუას უხუცეს ადამიანებს ეკითხებოდნენ... ხომ აცხადებდა ,,ქართული ოცნება”, ზეწოლას ვგრძნობ და ამიტომ არ ვსჯი დამნაშავეებსო. თუკი ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობებით, ამის გაკეთება შევძელით, მას ხომ მეტი შეეძლო?.. სურვილის შემთხვევაში, კაპიტოლიუმში ფილმის ჩვენებას გამოიყენებდა და ბაქრაძე ერთ ხმასაც ვერ მიიღებდა. რაღაც მითიურ ძალებს აბრალებენ ზემოქმედებას, სინამდვილეში, თავად არ სურთ, დასაჯონ დამნაშავენი, ქვეყნის იმიჯი შეირყევაო. რომელ ქვეყანას ედრებიან - ისრაელს, საფრანგეთს თუ აშშ-ს? როგორც ჩანს, სააკაშვილს ქვეყნიდან გაუშვებენ, როგორც დამსახურებულ პიროვნებას, რომელმაც დემოკრატიული არჩევნების გზით გადააბარა ხელისუფლება. გამოდის, რომ ის, რაც “ობიექტივმა” გააკეთა, დამსახურებად სააკაშვილს ჩაუთვალეს. ისე, მიხეილ სააკაშვილი გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს გამოადგებათ - ახალგაზრდაა, ქარიზმატული, დიდი ფინანსებისა და კავშირების მქონეა. ამიტომ, სათადარიგო სკამზე დასვამენ და არაა გამორიცხული, ქვეყნის სათავეში კვლავ ვიხილოთ, რაც არ უნდა დავუშვათ. მიშა უნდა გასამართლდეს და ოფშორში გადარიცხული ნაძარცვი ქონება ქვეყნის ბიუჯეტში დააბრუნოს!