ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალი ვერსია

ლაფანყურის სპეცოპერაციის ახალი ვერსია

ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შექმნილი საზოგადოებრივი კომისიის მიზანი ამ ოპერაციის დეტალების გამოვლენა და მასზე ხელისუფლებისგან რეაგირების მოთხოვნაა. ამ საკითხზე რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის სამმართველოს მთავარი მრჩეველი მექა ხანგოშვილი გვესაუბრება:

- ამ კომისიის, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანია; ჩეჩნურ-ინგუშური, ვაინახური საზოგადოება ტრადიციულია და მისთვის მნიშვნელოვანია უხუცესთა აზრი. კომისიის შემადგენლობაში ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები შედიან: ხასო ხანგოშვილი, ზაურ გუმაშვილი, განათლებული ადამიანი, რომელსაც სიტყვა ეთქმის ხეობაში, მურად ქავთარაშვილი, ახალგაზრდა იურისტი. უხუცესთა საბჭოს წევრობისთვის ასაკი კი არ არის გადამწყვეტი, არამედ ავტორიტეტი, ხეობელების ნდობა.

- ლაფაყურის მოვლენებთან დაკავშირებით ახალი ვერსია გავრცელდა, რომლის თანახმად, ჯგუფი, რომლის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია, ზელიმხან ხანგოშვილმა (პანკისის ხეობის მკვიდრი) ჩამოიყვანა საქართველოში, აქტიურად მონაწილეობდა მათ მომზადებაში, მერე კი - მოლაპარაკებებში.
- ზელიმხან ხანგოშვილს ახლოს ვიცნობ, ტყუილია იმის თქმა, რომ მან ჩამოიყვანა ეს ჯგუფი, განა ჩვეულებრივი მოქალაქე ჩრდილო კავკასიიდან თუ სხვა ქვეყნებიდან ასეთი ჯგუფის შეკრებას შეძლებდა? ზელიმხანი სიტუაციის დაძაბვისას, იმის გამო, რომ მას მებრძოლები ენდობოდნენ, ჩატაევთან ერთად მოლაპარაკებებში ჩართეს, იფიქრეს, რომ მებრძოლები მას დაუჯერებდნენ. ზელიმხანი ჩემი ნათესავია, ვიცი, რომ იმ დღეებში თბილისში იყო და არც კი იცოდა, რა ხდებოდა ლაფანყურში, მას კახეთის ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დაურეკეს და პროცესში ჩართვა სთხოვეს, ეგებ გადასვლა გადააფიქრებინოო.

- გავრცელებული ინფორმაციით, ჩატაევი თურქეთში ამ სპეცოპერაციის შარიათის სასამართლოს უნდა დასწრებოდა...
- ეს სასამართლო არ შემდგარა და არც რაიმე გადაწყვეტილება გამოუტანია. ამ სპეცოპერაციას გადარჩენილი რამდენიმე მებრძოლი თურქეთში გადავიდა, ზოგიერთი ევროპაში წავიდა, ერთი კი სირიის სამოქალაქო ომში დაიღუპა, აჯანყებულების მხარეზე ბრძოლისას. პანკისის ხეობაში მოუთმენლად ელიან როგორც ამ კომისიის, ისე ოფიციალური გამოძიების შედეგებს. მშობლებმა შვილების ექსჰუმაციის უმძიმესი გადაწყვეტილებაც კი მიიღეს. მომხდარიდან საკმაო დრო გავიდა. ამ ლოდინს შეეწირა ჯგუფის ყველაზე ახალგაზრდა წევრის, ასლან მარგოშვილის მამა, ის მძიმედ დაავადდა, ბელორუსიაში მკურნალობდა, იქიდან დაბრუნებისას კი თბილისის აეროპორტში უსიამოვნება შეემთხვა: სამი საათი აცდევინეს, წყალიც არ მიაწოდეს, ქვეყანაში არ უშვებდნენ, რაზეც ძალზე ინერვიულა. საავადმყოფოში ექიმებმა გვითხრეს, რომ ორი დღის სიცოცხლე­
ღა ჰქონდა დარჩენილი და აპარატზეც არ შეაერთეს, მას კი ისე უნდოდა გამოძიების შედეგის ნახვა, ამის მერე ოთხი თვე იცოცხლა...