პირველი ქართული ”შავი სია” ევროკავშირისთვის...

პირველი ქართული ”შავი სია” ევროკავშირისთვის...

[რუსიკო მუმლაძე]

მალე ევროკავშირს ”შავ სიაში” შეყვანილი საქართველოს 150 მოქალაქის გვარ-სახელი და საპასპორტო მონაცემები გადაეცემა. პრესაგე.ტვ-ის ინიციატივით კი, ამ საერთაშორისო ორგანიზაციას მედიის ერთობლივი განცხადებაც გადაეგზავნება. მიმართვაში ზუსტად იქნება აღწერილი ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქართული მედიასაშუალებებზე ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტები. შეიქმნება პრეცენდენტი, როცა ყველა ერთად (და არა - ცალცალკე) ამხელს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობაში. ვნახოთ, რამდენი მედიასაშუალება მოაწერს ხელს საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენის ოფისში შექმნილ მიმართვას...

ახლა კი იმის შესახებ, რატომ შეიქმნა ევროკავშირისთვის გადასაცემი ე.წ. ”შავი სია”. საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობამ ეს ”შავი სია” იმიტომ შეადგინა, რომ მასში შეყვანილი ადამიანები  დიდი ხანია განიცდიან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას, თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების დროს, მაგრამ ისინი, ფაქტობრივად, დაუცველები არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ.

”თუ ამ ადამიანზე სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ზეწოლა, ეს ფაქტი მაშინვე ეცნობება ევროკავშირს. მაგრამ მთავარი აქ ისაა, ევროკავშირი უკვე წინასწარ იქნება გაფრთხილებული, რომ  ამ ადამიანზე შესაძლოა, ზეწოლა განხორციელდეს. ანუ ფაქტის მოხდენის შემდეგ არ დაიწყება რაპორტების წერა, აი, ასეთი რამ მოხდაო. როგორც წესი, ამ რაპორტების წერას ფაქტის მოხდენის შემდგომ ნაკლები ეფექტი აქვს, მაგრამ ასეთი ადამიანების სიები რომ იარსებებს, მათ თავს გადამხდარ ისტორიაზეც უფრო მეტად მოხდება ყურადღების გამახვილება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან”, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საერთო სახალხო მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოსო მანჯავიძემ.

პრესკონფერენციის შემდეგ პრესაგე.ტვ-მ მანჯავიძეს ბლიც-ინტერვიუ ჩამოართვა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო ამ მოძრაობის საქმიანობის შესახებ.

სოსო მანჯავიძე: ”საქართველოში არსებულ სავალალო სიტუაციაზე, ჩემს მიერ შემუშავებულ ერთ-ერთ მიმართვაში, გასული წლის დასაწყისში უკვე ვისაუბრე, თუმცა, ჩემდა სამწუხაროდ, მას შემდეგ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა.  მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, 2004 წლიდან დღემდე საქართველოში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანია. ხელისუფლება, სწორედ იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული და გაამართლოს საკუთარი მოსახლეობის მიმართ განხორციელებული რეპრესიები, მიზანმიმართულად ცდილობს საქართველოს მოსახლეობის დისკრედიტაციას და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე საკუთარი ერის კრიმინალურ ერად გამოცხადებას. ქართული საზოგადოება არ უნდა შეეგუოს ამას, უნდა გავაცნობიეროდ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ შვილებს მომავალს უსპობს და ერს განადგურებას უქადის.

საქართველოში ჩამოყალიბდა რეჟიმი, რომლის მოქმედებაც სრულად შეესაბამება 1987 წლის ჟენევის დეკლარაციის განსაზღვრებას ”სახელმწიფო ტერორიზმის” შესახებ. ჟენევის კონვენციის თანახმად ასეთად მიიჩნევა  "პოლიციური სახელმწიფოს პრაქტიკა  - საკუთარი ხალხის წინააღმდეგ შიშის დანერგვის მიზნით - თვალთვალი, შეკრებათა დაშლა, მედიის კონტროლი, ცემა, ტანჯვა, არასამართლებრივი და მასიური დაპატიმრებები, ფალსიფიცირებული ბრალდებები და ხმების გავრცელება, საჩვენებელი სასამართლოები, მკვლელობები".

საქართველოში ყველამ იცის, რომ ციხეები ადამიანის საწამებელ ადგილად გადაიქცა, ყოველდღიურია პატიმართა ნათესავების შანტაჟი. განსაკუთრებით ამაზრზენია პატიმართა ოჯახების იძულება, წინასაარჩევნოდ ხმების მოზიდვის თვალსაზრისით. 2004 წლიდან დღემდე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებულია 100,455-ზე მეტი  ადამიანი, ხოლო ადმინისტრაციული წესით  - 145 000 ათასზე მეტი... რამდენიმე ათასი მოქალაქე, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ემალება ამ ტერორის მანქანას. პატიმართა რიცხვი, 2003 წლამდე - ე.წ "ვარდების რევოლუციამდე" 7, 500 ადამიანს შეადგენდა,  ამჟამად კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ციხეებში გამოკეტილია 30 000 ზე მეტი ადამიანი.  300 ათასზე მეტი კი პრობაციონერია.. ამ ფონზე, გავიხსენოთ ის, რომ დღეს საქართველოში სულ რაღაც 3 500 000 ადამიანი ცხოვრობს, რათა კიდევ უფრო რეალურად დავინახოთ ეს კატასტროფული მდგომარეობა.

ადამიანები ცდილობენ სტრასბურგის სასამართლოში იპოვონ სამართალი, რისთვისაც ისინი სასტიკად იდევნებიან რეჟიმის მიერ... საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელების რაოდენობით - მყარად დგას სამარცხვინო პირველ ადგილზე. სახელმწიფო ტერორიზმის რეჟიმი საქართველოში უნდა დამთავრდეს.

 

ბატონო სოსო, ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ მოხდება ფაქტი, ყველა ერთად ავტეხთ კაკაფონიას, მეორე დღეს - ვივიწყებთ მომხდარს... იმ ადამიანებს კი, რომლებზეც სახელმწიფო ტერორი განხორციელდა, მარტოებს, მხოლოდ ადვოკატების იმედად უწევთ ბრძოლა სახელმწიფო მანქანის წინააღმდეგ... არსებობს უამრავი არასამთავრობო, თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერს მხოლოდ  საკუტარი პიარისთვის იყენებს... ამიტომ ახალი ორგანიზაციების აღარვის სჯერა...

-ეს პრობლემა ყველას ერთად გვაწუხებს და სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა იქნება მიზანმიმართული და ყოველდღიური. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მიზეზებს და არა - მათგან გამომდინარე შედეგებს. კერძოდ - მიზეზი ჩვენს ქვეყანაზე თავსდატეხილი უბედურებისა არის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ატარებს სახელმწიფო ტერორის პოლიტიკას და ამასთანავე ემორჩილება გარე ძალებს, რომელთა ინტერესები წინააღმდეგობაშია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან. ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება უკომპრომისო და შედეგზე ორიენტირებული. მაგალითად, საგარეო მიმართულებით ჩვენ ვაჩვენებთ მთელ მსოფლიოს, რომ ”ნაცმოძრაობის” რეჟიმის რეალურ არსს...

ამიტომ, პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით, დავამყარეთ ურთიერთობა ევროკავშირთან  და ადამიანის უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ვიწყებთ მათთვის იმ ადამიანთა სიების გადაცემას, რომლებიც ხელისუფლებასთან ბრძოლის გამო მუდმივი საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ არიან საქართველოში. 150 ადამიანის სია უახლოეს დღეებში გადაიგზავნება. შევქმენით ომბუცმენთა ინსტიტუტი, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება მთელი ძალით. მოქალაქეებს შეეძლებათ, მივიდნენ და თავისი პრობლემების შესახებ დააფიქსირონ წინააღმდეგობის მოძრაობის ოფისში, სადაც მათ გაეწევათ უფასო იურიდიული მომსახურება. შეიქმნება ოპერატიული რეაგირების ეკიპაჟები, რომლებიც შემთხვევის ადგილებზე დააფიქსირებენ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რაც დაუყოვნმებლივ ეცნობება, როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია და არ ვიბრძვით ხელისუფლებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ავტორიტარული ჯგუფის მიერ მიტაცებული ძალაუფლება უკან დავუბრუნოთ ქართველ ხალხს. ამ ბრძოლის კიდევ სხვა კონკრეტული მექანიზმების შესახებ უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას... ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბრძოლა იქნება კონკრეტული მიზნების მისაღწევად, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ კვალიფიციურად და გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა.

უახლოეს მომავალში კიდევ 150 ადამიანი სია გადაეგიგზავნება ევროკავშირს. ჩვენ ნებისმიერ მოქალაქეს მოვუწოდებთ, მოვიდნენ ჩვენს ოფისში, დააფიქსირონ თავისი პრობლემები და თუ მათ სურვილი ექნებათ, შევიტანთ ამ სიაში...

ანუ შესაძლებელია, რომ ამ სიაში ცნობილი სახეების გარდა, ”რიგითი” მოქალაქეებიც მოხვდნენ?

-რა თქმა უნდა. ჯერ ერთი ”რიგითი” ადამიანები არ არსებობენ, ყველა ადამიანი ღმერთმა შექმნა იმიტომ, რომ თავისებურად უნუიკალურია... როგორც კი ორი ერთნაირი გაჩნდება, სამყაროც დაიღუპება. ამას იმიტომ ვამბობ, მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ყველა ადამიანი ღირსეულ ცხოვრებას იმსახურებს და არავის აქვს უფლება, მითუმეტეს - ხელისუფლებას, ის გაანადგუროს.

ჩვენი საქმიანობა იმიტომაცაა განსხვავებული, რომ ევროკავშირისთვის გადაგზავნილ სიებში მოხვდება ყველა, ვისაც აქვს მოტივაცია, ებრძოლოს რეჟიმს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

თქვენ აცხადებთ, რომ ეს არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მაგრამ რეჟიმთან ბრძოლა უკვე პოლიტიკურ ელფერს იძენს..

-რეჟიმთან ბრძოლა პირველ რიგში საზოგადოების საქმეა. ყველა ხვდება რომ, ავტორიტარიზმის პირობებში პოლიტიკური საქმიანობა შეუძლებელია, არის მხოლოდ ამ საქმიანობის იმიტირება. არსებობს პოლიტიკური მონოპოლია, რომელიც ახდენს დემოკრატიის იმიტირებას, რათა არ დაკარგოს საერთაშორისო მხარდაჭერა, გრანტები და ა.შ. ეს იმიტაციები პირველ რიგში ხელისუფლებას სჭირდება, რათა თავის ინტერესებიდან გამომდინარე, მართოს საერთო სახალხო პროტესი... ამ მიზნით ინახავს, აფინანსებს და პროპაგანდას უწევს ვითომ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც სინამდვილეში - ამ პროტესტის ბლოკირებას ახდენენ. უფრო მეტიც, ამ ქვეყანაში არსებობენ სოციალური პროტესტის ბლოკატორები, პატრიოტული თუ ლიბერალური განწყობილების ბლოკატორები და ა.შ.

ასეთ სიტუაციაში ერთი გამოსავალი არსებობს, რომ ხალხმა თავად იბრძოლოს თავისი პოლიტიკური უფლებების დასაბრუნებლად, რაც ავტომატურად გამოიწვევს ჯერ რეჟიმის რყევას, შემდეგ კი - საერთოდ დასრულებას. ფაქტობრივად, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო დემოკრატიული მოძრაობა. საერთოდ კი, მინდა, გითხართ, საქართველოში პოლიტიკა არ არსებობს. პოლიტიკური პროცესები მიდის მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელიც მოქალაქეებისგან შედგება... მოქალაქეებს კი, მოვალეობებთან ერთად აქვთ უფლებები. მათ შორის ერთ-ერთ უმთავრესი - თავისუფალი არჩევანის უფლებაა. სწორედ ამ უფლების დაბრუნებისათვის შეიქმნა ეს ორგანიზაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გადავდივართ კონკრეტულ მოქმედებებზე და მხოლოდ ლაპარაკით არ შემოვიფარგლებით”.

ამ ”შავ სიაში” აუცილებლად მოხვდებიან ქართული მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც უკვე გახდნენ ხელისუფლების ზეწოლისა, თუ მათი მხარდამჭერებისგან გავრცელებული ბინძური პროვოკაციის ობიექტები. შეგახსენებთ, რომ გასული წელს ქართული მედიაისტორია პრესაგე.ტვ-ის სკანდალით შეივსო, ახალი წელი კი ასე დაიწყო: მედიაკავშირი ”ობექტივისთვის” ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება ”ობიექტივის” ჩასაძირად, ერთ-ერთ სააგენტოს (რამდენიმე ათეული ათასი დოლარის სანაცვლოდ) პიარ-კამპანიას უკვეთდა... ამ სააგენტომ უარი თქვა ”შავი პიარის” განხორციელებაზე და ”ობიექტივის” ხელმძღვანელობაც საქმის კურსში ჩააყენა. თუმცა, აქ საკითხავი ისაა, სხვა - ხელისუფლებისგან მართული მედიასაშუალება არ გამოჩნდება, რომელიც ამ ბინძურ თამაშში მონაწილეობას მიიღებს?   

საერთო სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის მედიაომბუდსმენი ირმა ინაშვილი: ”ჩვენ მივესალმებით პრესაგე.ტვ-ის ინიციატივას, რომ ყველა ქართულმა მედიასაშუალებამ, რომელზეც ხელისუფლების ზეწოლა განხორციელდა, ერთობლივად მივმართოთ - როგორც ევროკავშირს, ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება თავისუფალი მედიის წინააღმდეგ”.