"ქვეყანაში დაგეგმილია 14 დიდი ჰესის აშენება. 14 დიდი ჰესის აშენების იდეა პირველად მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფურ გონებაში დაიბადა. სამწუხაროა, რომ ახალი მთავრობაც ეთანხმება მის კაპრიზს. 14 დიდი ჰესი საქართველოს დატბორვას გამოიწვევს. ბატონმა კახა კალაძემ მინისტრად დანიშვნისას საინტერესო განცხადება გააკეთა - პრინციპულად განაცხადა, რომ საქართველოში აიგებოდა მხოლოდ მცირე ჰესები. ეს განცხადება მომეწონა, მაგრამ სამწუხაროა, რომ სწრაფად შეიცვალა აზრი. ახლა ის თანახმაა დიდი ჰესების აშენებაზე. სამწუხაროა, რომ ის ისე დაჟინებით უჭერს მხარს "ხუდონჰესის" აშენებას", - აცხადებს გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ელენე აბაშიძე: "მთელ საქართველოს დატბორვა ემუქრება"
"ამ საკითხის ირგვლივ 30 წლის წინ იყო მეტად მკაცრი პოლემიკა. შედეგად, მიაღწიეს "ჰიდროჰესის" უარყოფით დასკვნას და საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღეს. დღეისთვის კამათი განახლდა. სექტემბერში შედგა თათბირი, სადაც ის ხალხი იყო მიწვეული, ვინც "ხუდოჰესის" მშენებლობას მხარს უჭერდა. ამ თათბირზე ინკოგნიტოდ დამჭირდა მისვლა - იმის მიუხედავად, რომ წლის დასაწყისში განცხადებით მოვმართე ენერგეტიკის მინისტრს - ვთხოვე, თუ საერთოდ ჰესებზე და უშუალოდ კი ხუდონჰესზე იქნებოდა საუბარი, ჩემთვისაც ეცნობებინათ. მე ვარ ამ საქმის სპეციალისტი, გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროგეოლოგი. პირველი დისერტაცია "შაორჰესზე" დავიცავი და საერთოდ, მსოფლიოში პირველმა გამოვიკვლიე წყალსაცავების ფუნდამენტში გავრცელებული კარბონატული ქანების ბეწვისოდენა ნაპრალების გაგანიერება, რაც ხდება დროთა განმავლობაში. მივუთითე ჩემს რეგალიებზე, რომ აშშ-ის საერთაშორისო ექსპერიმენტული კვლევები ჩავატარე, მაგრამ მინისტრმა იგნორირება გაუკეთა ჩემს განცხადებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას ელენე აბაშიძე.
"ჩემნაირად მოაზრეოვნე ხალხი, ჩანს არ აწყობდა და არ მიმიწვუია თათბირზე, რომელმაც ჩაიარა დიდ ხმაურში - უმრავლესობა მოწინააღმდეგე იყო. ტათბირზე მოხდა ამ ტემაზე ჩატარებული მეცნიერული კვლევების განხილვა - დაწვრილებით იყო შესწავლილი ადგილის გეოლოგია, გეომორფოლოგია, ჰიგროგეოლოგია, სეისმოლოგია და ა.შ. - საბოლოო დასკვნა იყო უარყოფითი. ამის მიუხედავად, სამინისტრო და და უშუალოდ მინისტრი ცდილობენ თავიანთი კაპრიზი გაიტანონ და ააგონ "ხუდონჰესი"... თათბირის მიმდინარეობის დროს ძლივს მივაღწიე იმას, რომ დამეყენებინა საკითხი დიდი ჰესების ალტერნატივაზე - ეს არის მცირე ჰესები. მიუხედავად ამისა, ამ თემაზე მსჯელობა სპეციალისტებმა არ ისურვეს, რაც ჩემს და ჩემი კოლეგების გაოცებას იწვევს - საკვირველია სწორედ ის, რომ მეცნიერული დასკვნები არ აინტერესებთ და "ხუდონჰესის" აგებას მაინც აპირებენ. ჩანს მიზეზი მხოლოდ ერთია - ზოგიერთს უნდა ხელი მოითბოს ქვეყნის დაქცევით", - მიიჩნევს მეცნიერი.
"ამ საკითხზე ჩატარებული მეცნიერული კვლევები იძლევა იმის პირობას, რომ დიდი ჰესების მშენებლობაზე უარი ვთქვათ. ეს ხალხი არად დაგიდევს ჩვენი მთაგორიანი რელიეფის სპეციფიკას, რომელიც მცირე წვიმების დროსაც კი იმეწყრება ინტენსიურად და ისედაც მცირე სავარგულები, რომელიც საქართველოს ზედაპირის მხოლოდ 30%-ს შეადგენს, სოფლის მეურნეობისთვის გამოუსადეგარი ხდება. სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე ხომ შემცირდა სოფლის მეურნეობისთვის სასარგებლო ფართობი, ამას ემატება მოსახლეობის გადასახლების შემდეგ შექმნილი წარმოუდგენელი სიმწვავე. ამ ჰესის აშენებით დატბორვა ემუქრება არა მხოლოდ 7 სოფელს, მიმდებარე ფართობებსაც, საფლავებს, სალოცავებს. ვერავითარი კომპენსაცია ვერ გამოასწორებს იმ მორალურ და ეკონომიკურ დანაკლისს. ამან შესაძლოა სვანეთის მოსახლეობა სახელმწიფოს წინააღმდეგ განაწყოს. სვანები თავისი მიწის სიყვარულით განსაკუთრებით გამოირჩევიან - ეს ყველაფერი სულაც არ ენაღვლება გადამთიელს, რომელიც მხოლოდ ფულის საშოვნელად არის ჩამოსული, ამაში კი ხელს ჩვენი მოქალაქეები უწყობენ - ეს დაუშვებელია", - ამბობს ელენე აბაშიძე.
"მცირე ჰესები არ მოითხოვს ხალხის აყრას და გადასახლებას მშობლიური ადგილებიდან - ამით ყველაფერია ნათქვამი. ერთსა და იმავე მდინარეზე შეიძლება აიგოს რამდენიმე მცირე ჰესი. ამით ხელუხლებელი დარჩება სავარგულები, არ დაიტბორება ნათესები, ხელშეუხებელი დარჩება ეკოლოგია. მცირე ჰესები არ საჭიროებს წყალსაცავს, რის მშენებლობასაც დიდი თანხები სჭირდება. მცირე ჰესებმა კი შეიძლება მოითხოვის მდინარის ნაპირების გამაგრება, რადგან დროდადრო მდინარის კალაპორტის შეცვლასთან გვექნება საქმე. ამიტომაც თანხა მის გამაგრებაზე დაიხარჯება. ამ სამუშაოების ჩატარება მოგვიხდება მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში, მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს. ეს იმუშავებს ხანგრძლივად. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო მტკვრის კალაპოტის ცვალებადობა - 92 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს მისი კალაპოტი არ შეცვლილა. რა გამორჩენა რჩება საქართველოს მთელი მისი ტერიტორიების ჰესებად ქცევაში? რაღაც მიზერული. განა ღირს მცირე შემოსავლისთვის ქვეყნის გამეტება?" - დასძენს რესპონდენტი.