თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა. ირაკლი ალასანია ლიცეუმის მესამე კურსელებს შეხვდა და გამოსაშვები გამოცდების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება მიულოცა. 77-მა კადეტმა პირველი ეტაპის გამოცდები ოთხ საგანში - გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ბიოლოგიასა და ქიმიაში უმაღლესი შეფასებებით ჩააბარა.

კადეტები გამოსაშვები გამოცდების II ეტაპს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში 2013-2014 სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ, რის შემდეგაც ისინი ლიცეუმის კურსდამთავრებულად ჩაითვლებიან, მიიღებენ საშუალო განათლების ატესტატს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაიშვებიან.

დღეისათვის ქუთაისის სამხედრო ლიცეუმში, პანსიონური სისტემით, 282 კადეტი სწავლობს. სწავლება 3 წლიანია. ყველა საგანი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ისწავლება. კადეტები დამატებით სამხედრო პროგრამით მომზადებას გადიან, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და საველე მეცადინეობებს გულისხმობს.

დღესვე, სამხედრო ლიცეუმში ყოფნისას თავდაცვის მინისტრმა ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ჯილდო გადასცა. ირაკლი ალასანიამ კაპრალი დავით ნარაშელაშვილი საერთაშორისო მისიაში გამოჩენილი მამაცობისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „კაპრალი ნარეშელაშვილი გმირობის მაგალითია. იგი საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად ემსახურა საქართველოს ავღანეთის მისიაში. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ არა მხოლოდ ისტორიაში გვყავდნენ გამორჩეული გმირები, არამედ საქართველოს დღესაც ჰყავს გმირები და ამ გმირობის მაგალითით უნდა ვიცხოვროთ, ვისწავლოთ და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას” - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ამჟამად, კაპრალი დავით ნარეშელაშვილი III ქვეითი ბრიგადის საარტილერიო ბატალიონში განაგრძობს მსახურს. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეით ბრიგადაში 2006 წლიდან მსახურობს. 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე 2012 წელს ISAF-ის მისიაში მონაწილეობისას, ქვეითი პატრულირების დროს დაიჭრა. დაშავებული სამხედრო გერმანიაში, ლანდშტულის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. კაპრალ ნარეშელაშვილს აშშ-ში, ვოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო კლინიკაში გაუკეთდა პროტეზირება. მან მკურნალობის კურსი საქართველოში, გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც გაიარა.