"ბატია", "სვარშჩიკები" და "შავი მხედრიონი“

პოლიციის გენერალ-მაიორი დავით ზეიკიძე  "მხედრიონთან" და მის ლიდერთან პოლიციის დაპირისპირებაზე გვიამბობს:

დაპირისპირება "მხედრიონთან"

თბილისის პოლიციის შეფი გია გულუა  ბორია ივანოვის თანამდებობიდან მოხსნასა  და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლებთან დაპირისპირებას გადაჰყვა. გულუას  თანამდებობიდან გათავისუფლებამ  თენგიზ კიტოვანს ხელიდან გამოაცალა თბილისის მრავალრიცხოვანი პოლიცია და პოზიციები შეუსუსტა...  გადაწყდა, ამ თანამდებობაზე ისეთი პიროვნება მოეყვანათ, ვინც არც ჯაბა იოსელიანის და არც თენგიზ კიტოვანის დაჯგუფების წევრი არ იქნებოდა და პოლიციასაც დაიმორჩილებდა.

ცოტა ხანში თბილისის პოლიციის შეფობა მე შემომთავაზეს, მაგრამ შს მინისტრ რომან გვენცაძეს უარი ვუთხარი, - მერე ვინ დავაჯერო, რომ გულუას მე არ მოვუწყვე ბუნტი, რათა მისი ადგილი დამეკავებინა-მეთქი, მაგრამ ბოლოს მაინც მომიწია თენგიზ კიტოვანთან გასაუბრებაზე წასვლამ.

კიტოვანის მისაღებში დამხვდა ალეკო მიქაბერიძე, განზე გამიყვანა და მთხოვა, - რამდენიმე თვით უარი თქვი პოლიციის შეფობაზე. ეს თანამდებობა რეაბილიტაციისთვის მჭირდებაო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი და თენგიზ კიტოვანთან გასაუბრებაზე ალეკო მიქაბერიძესთან ერთად შევედი. "ბატიას" შევატყვე, მიქაბერიძის დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ უკან არ დავიხიე, - გთხოვთ, თბილისის პოლიციის შეფად ალეკო მიქაბერიძე დანიშნოთ-მეთქი.

იუარა - პარტიები შემჭამენ. 1991 წლის 2 სექტემბრის მიტინგის დაშლისას, როდესაც მომიტინგეებს კინოს სახლთან ესროლეს (ეს აქცია ედპ-ის ორგანიზებული გახლდათ), ალეკო მიქაბერიძე იყო თბილისის პოლიციის შეფიო. "ბატიამ" მიქაბერიძე გამოისტუმრა და მითხრა, - შენი დანიშვნა გადაწყვეტილიაო.

რამდენიმე კვირის შემდეგ შევარდნაძემ დამიძახა, - შენ შესახებ ინფორმაცია მოვიძიე. მე ვარ თბილისის პოლიციის შეფად შენი წარდგენის ინიციატორი და იმედი არ გამიცრუო. ძალიან რთულ პერიოდში მოგიწევს მუშაობა, იცოდე, ეს იოლი არ იქნებაო და მაგრძნობინა, რომ საქმიანი ურთიერთობა მხოლოდ მასთან უნდა მქონოდა.

იცით, რა დრო იყო? "მხედრიონი", გვარდია და შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს კალიებივით იყვნენ შესეულნი. ქუჩებში ქათმებივით ხოცავდნენ ხალხს. თბილისელები შიშით შინ ჩაიკეტნენ, სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელობა ჯაბა იოსელიანსა და თენგიზ კიტოვანს თვალებში შესციცინებდა.

პოლიციის უფროსად დანიშვნისთანავე შევქმენი პირველი სპეცრაზმი, რომელიც დანაშაულზე წასწრებულებს მაშინვე აკავებდა, მაგრამ ამას ბანდფორმირებების საპასუხო ქმედება მოჰყვა. შეიარაღებული ბანდიტები თბილისის პოლიციის განყოფილებებს თავს ესხმოდნენ და დამნაშავეებს ათავისუფლებდნენ. რაღა აზრი ჰქონდა დამნაშავის დაკავებას, თუ  ვერ დავსჯიდით? ისევ პოლიციის გამაგრება გადავწყვიტე.

პოლიციელებისათვის უპირველესად საკუთარი თავის რწმენა უნდა დამებრუნებინა და ამიტომაც რიყეზე თბილისის გარნიზონის დათვალიერება, ფაქტობრივად კი ძალის დემონსტრირება გადავწყვიტე. 5 ათასი შეიარაღებული პოლიციელი დიდი ძალა იყო. პოლიციელებს მივმართე, ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ და ჩვენზე ხელის აღმართვას ვერავინ გაბედავს.

დღეიდან ქალაქში რეიდებს ვიწყებთ. რომელ ხელმძღვანელსაც შეეშინდება, ურჩევნია ახლავე ჩამაბაროს პოლიციელის მოწმობა. საქართველოს უსუსური პოლიციელი არ სჭირდება-მეთქი. მთელი ღამე პოლიციის რეიდი ტარდებოდა. ქალაქში დავდიოდი და პოლიციის მუშაობას ვამოწმებდი. ბარათაშვილის ხიდთან შევესწარი - "მხედრიონელებს" ოცდაათამდე პოლიციელი კედელზე აეყუდებინათ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, - რას ჰქვია, ღამის სამ საათზე მანქანის საბუთების წარდგენა გვთხოვეთო. "მხედრიონელებთან" მივედი და ვუთხარი, - დღეიდან პოლიციელის შეურაცხყოფა აღარ შეიძლება-მეთქი.

წამომეჭიმნენ, - ბიჭო, შენ რა, გვემუქრები? არ დაგავიწყდეს "მხედრიონელები" ვართო. ამის მთქმელს ისეთი მუშტი ვუთავაზე, ძირს მოწყვეტით დაეცა. მეორემ სცადა მიშველებოდა, მაგრამ მას ჩემმა მძღოლმა დაასწრო. ნაცემები საძმოს მოყვანით დაგვემუქრნენ, - არ შეგარჩენთ, რაც მოგივათ, საკუთარ თავს დააბრალეთო. დილამდე ველოდი "მხედრიონელებს", მაგრამ არავინ გამოჩენილა.

ეს ამბავი თბილისში გახმაურდა. მთელი დღე მირეკავდნენ. რეიდი შედეგიანი გამოდგა. დავაკავეთ ქურდების 4 ჯგუფი, ამოვიღეთ 6 მოპარული მანქანა და დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ჩემმა მეგობარმა ბიჭიკო რამიშვილმა ორგანიზაცია "თბილისელების" ხელმძღვანელობასთან მიმიყვანა. რეიდების ჩატარების დროს დახმარებას დამპირდნენ. ეს დიდი მხარდაჭერა იყო. მაგრამ "მხედრიონსა" და გვარდიას არ უნდოდა ამდენი ძალისხმევით მოპოვებული უფლებების ხელიდან გაშვება.

ერთხელაც პოლიციამ დამნაშავე "მხედრიონელი" დააკავა, რასაც გლდანის საძმოსთან დაპირისპირება მოჰყვა. საძმოს წევრები თავს დაესხნენ გლდანის პოლიციას, შენობა დაარბიეს და იქ გამაგრდნენ. განგაში გამოვაცხადე და შენობაში გამაგრებული "ურჩი მხედრიონელები" უსისხლოდ დავიმორჩილეთ, დამნაშავეები კი დავაკავეთ. გლდანის პოლიციასთან იმდენი პოლიციელი მოვიდა, "მხედრიონელებმა", რომლებიც შენობას გარს უვლიდნენ, მეორე იერიში და დაკავებულების დახმარება ვეღარ გაბედეს.

ჯაბა იოსელიანმა ვერაფერი მომიხერხა და დახმარებისათვის პარლამენტს მიმართა. საკანონმდებლო ორგანომ პარადოქსული და სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო, - გლდანის საძმოს აპატია პოლიციის შენობის დარბევა. "მხედრიონსა" და პოლიციას კი შერიგებისკენ მოუწოდა. ამით პარლამენტმა "მხედრიონის" პირისპირ მარტო დამტოვა.

"მხედრიონმა" ისევ გაილაღა... აფხაზეთთან გაჭიანურებულმა ომმა ახალგაზრდობა სულ გადარია. ყველა კბილებამდე შეიარაღებული იყო. ძარცვავდნენ საწყობებს, მაღაზიებს, ბაზრებს, ჯიხურებს, იტაცებდნენ მანქანებს. ამდენ უკანონობასთან მხოლოდ კანონით ბრძოლა შეუძლებელი იყო. მით უმეტეს, როდესაც ქვეყნის ხელმძღვანელობა შექმნილი მდგომარეობის წამქეზებელი იყო! ამის გამო შს მინისტრი რომან გვენცაძე, ჯაბა იოსელიანს დაუპირისპირდა.

"მხედრიონი" გვიტევდა, მაგრამ უკან არ ვიხევდით. ერთხელ, დილაადრიან, ჯაბა იოსელიანმა დამირეკა, - დათო, რა ხდება, მთლად თავს გახვედით. შენმა პოლიციელებმა "ივერიის" წინ ბიჭები გამილახესო. თქვენი შტაბის წინ "მხედრიონელებზე" ხელის აწევას პოლიციელები როგორ გაბედავდნენ-მეთქი. თავს ნუ ისულელებ, დანამდვილებით ვიცი, "სვარშჩიკები" (სპეცრაზმი) იყვნენ. დავადგენ მათ ვინაობას და დედას ვუტირებო.

თუ პოლიციელები მართლები აღმოჩნდებიან, თმის ერთ ღერსაც ვერავინ ჩამოუგდებს-მეთქი. ბიჭო, როგორ მელაპარაკები, მანდ არ მომიყვანოო. მოხვალ და... ჯაბა იოსელიანმა სიტყვა არ დამამთავრებინა, ყურმილი დამიკიდა. ოციოდე წუთში ჩემს კაბინეტში ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ზაზა ვეფხვაძე და გია სვანიძე შემოვიდნენ. ზაზა ვეფხვაძეს ბავშვობიდან ვიცნობდი. ოქროსუბნელი იყო.

როდესაც ჯიბგირების წინააღმდეგ ბრძოლის უფროსი ვიყავი, ბევრი სიკეთე გავუკეთე (არ მიყვარდა არასრულწლოვნებთან მეტისმეტი სიმკაცრე, რადგან ციხეში მოზარდის გაშვება გამოსწორებას არ ნიშნავდა), ამიტომაც ჩვენ შორის მშვიდი საუბარი წარიმართა. ზაზამ და გიამ მთხოვეს, - ბატონ ჯაბასთან თუ არ იმეგობრებთ, მის ასაკს მაინც ეცით პატივიო. არც მე ვარ კონფლიქტის მომხრე, მაგრამ თუ მხედრიონი ბანდიტებისაგან არ გაიწმინდება, ჩვენ შორის დაძაბულობა არ შენელდება.

ჩვენ თუ ერთმანეთს წავეკიდებით, ჩავიძირებით და ჩვენს ადგილას სხვები იბაირამებენ-მეთქი. ზაზა ვეფხვაძეს ვუთხარი, - ჭკვიანი კაცი ხარ და უნდა ხვდებოდე, საქართველოს ბანდიტებს ხელში არავინ ჩაუგდებს, დღეს თუ არა ხვალ ვითარება შეიცვლება და გირჩევთ, დროზე გათავისუფლდით ბაქტერიებისგან-მეთქი. არ ვიცი, ჯაბამ როგორ მიიღო ჩემი წინადადება, მაგრამ პოლიციასა და "მხედრიონს" შორის დაპირისპირება გაგრძელდა.

როდესაც "მხედრიონის" სამიზნე რომან გვენცაძე გახდა, შევარდნაძესთან მივედი. დამპირდა, გვენცაძეს თანამდებობას შევუნარჩუნებო, მაგრამ... მის ადგილას ჯაბა იოსელიანის უახლოესი გარემოცვის წევრი თემურ ხაჩიშვილი დანიშნა. ხაჩიშვილის გამინისტრებამდე "მხედრიონი" გვარდიაზე ნაკლებად აგრესიული იყო, მერე კი დაუფარავად უჯდებოდა წილში ყველას. "მხედრიონის"  ფინანსური აღმავლობის ხანა დაიწყო.  "მხედრიონელები", რომელთაც ეკონომიკურ ბერკეტებზე არ მიუწვდებოდათ ხელი, მოსახლეობას ძარცვავდნენ. გაჩაღდა ნადირობა შეძლებულ ქართველებზე, სომხებსა და ებრაელებზე.

მადლიერი ებრაელი

ღამის ორ საათზე ჩემი კაბინეტის კარი აღელვებულმა შუახნის კაცმა შემოაღო და შემეხვეწა, - ერთი ებრაელი კაცი ვარ, "მხედრიონელებმა" 250 ათასი დოლარი მომთხოვეს. ორი კვირაა, სახლ-კარი მივატოვე, ცოლ-შვილი გადავმალე. უნდა მიშველოთ, რომ საქართველოდან ოჯახი გავაპარო, თვითმფრინავის ბილეთები ამიღეთო და მიამბო, რატომაც მისდგომიან "მხედრიონელები" ფულის გამოსაძალავად: უბნელ ბიჭებთან ერთად სუფრაზე ვიყავი.

ჯაბა იოსელიანი აუგად ახსენეს. მეც ავყევი. ნეტავ ენა გამხმობოდა! სუფრა რომ დაიშალა, ათი შეიარაღებული "მხედრიონელი" შინ მომივარდა, ოჯახი ამიწიოკეს, მაგინეს, მცემეს, თუ რამ მქონდა, წაიღეს და თან 250 ათასი დოლარითაც დამაჯარიმეს. თუ დროზე არ მივუტან, ოჯახს ამომიწყვეტენ. ამდენი ფული არ მაქვს, თორემ  ხომ გადავიხდიდი. როგორმე მიშველეთო. გაჯიუტდა კაცი და დაიჟინა, -  დათო უფროსო, აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ ბილეთებს არ ამიღებთო. ებრაელი კრიმინალური სამსახურის უფროსს, გრიშა ხევსურიშვილს ჩავაბარე, - დილით ამ კაცს თვითმფრინავის ბილეთებს აუღებთ და ტრაპამდე მიაცილებთ. სანამ თავისი ოჯახის წევრებიანად არ გაფრინდება, აეროპორტიდან ფეხი არ მოიცვალო-მეთქი.

მოგვიანებით, როდესაც გამიჭირდა და ჯერ ძებნილი გავხდი, მერე  ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად გადავწყვიტე ბრძოლა, გამოუვალი მდგომარეობიდან მადლიერმა ებრაელმა მიხსნა. თავის დასაცავად 1995 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადავწყვიტე მონაწილეობა, მაგრამ ფეხი მოვიტეხე. ფულიც არ მქონდა საარჩევნო კამპანიისთვის.

ერთ დღესაც ფეხმოტეხილი ვიწექი და გამოსავალზე ვფიქრობდი. ჩემი მძღოლი შემოვიდა  - ვიღაც გკითხულობთო. უცებ ვერ ვიცანი მოსული. დაგენაცვლე, ვერ მიცანიო? - მკითხა უცნობმა. გამახსენდა! ჩემ წინ ის ებრაელი იდგა, რომელიც 1993 წელს "მხედრიონის" კლანჭებიდან ვიხსენი.

აქამდეც მინდოდა მადლობა მეთქვა, მაგრამ თქვენს ოჯახს უთვალთვალებდნენ. თუ რამ შემეძლება, ყოველთვის თქვენთან ვიქნებიო. მაგიდაზე ფეხსაცმლის ყუთი დადო და კარს მიაშურა. გაოცებულმა მისი შეჩერებაც ვერ მოვასწარი. ყუთი გავხსენი და დოლარების შეკვრა გადმოვარდა. ასე გამომიჩნდა მადლიერი ებრაელის წყალობით ფული, რაც საარჩევნო კამპანიისათვის და ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად მჭირდებოდა.

განუკითხაობა

შავი "მხედრიონელები" ისე გათავხედდნენ, ხალხის გასამართლებასაც კი მიჰყვეს ხელი. ერთხელ "კაპეზეს" უფროსი ჟორა მურადოვი შემოვიდა ჩემს კაბინეტში, - გუშინ "მხედრიონელებმა" ნაცემი მოქალაქე მოიყვანეს. დაკავების ოქმი რომ მოვთხოვე, მაფურთხეს, მაგინეს და მაიძულეს, მათი მოყვანილი კაცი მიმეღო. კი დამპირდნენ, ოქმს დილით მოვიტანთო, მაგრამ ჯერაც არ მოუტანიათო.

ეს სერიოზული კანონდარღვევა იყო... ამასობაში სამი "მხედრიონელი" შემოვიდა ვაკის გამომძიებელთან ერთად: იმ კაცს ჯაბას მოკვლა უნდოდა და მაგას ვაპატიებდითო? მისაღებში დამელოდეთ, საკითხს გამომძიებელთან ერთად გავარკვევ-მეთქი. არ მოეწონათ, მაგრამ გავიდნენ. შეშინებულმა გამომძიებელმა მითხრა: - გუშინ საღამოს წყნეთის ასასვლელში რეიდი ტარდებოდა.

პოლიციამ მანქანა შეამოწმა, საბარგულში მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში წარმატებული ბიზნესმენია. პოლიციამ "მხედრიონელები" დააკავა და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა. აურზაური ატეხეს, - ეს კაცი მოსკოვიდან ჯაბას მოსაკლავად საგანგებოდ ჩამოვიდა.

ამიტომ დავაკავეთ  და ჯაბასთან მიგვყავდა წყნეთშიო. საბარგულში რატომღა ჩასვით-მეთქი. თავხედურად მიპასუხეს, - მანქანაში ადგილი არ გვქონდაო. ბიზნესმენი დავკითხე და მითხრა,  - გატაცების დროს გავუძალიანდი და მცემესო. ცხადია, მაყუთის დასაწერად გაიტაცებდნენო. გამომძიებელს დავავალე, "მხედრიონელების" დასაკავებლად პროკურორისაგან სანქცია აეღო.

შს მინისტრ თემურ ხაჩიშვილს თბილისში ჩემნაირი პოლიციის უფროსი რად უნდოდა! რომ ვერ დამასუსტეს, ზოგიერთმა ჩემს ლიკვიდაციაზე დაიწყო ფიქრი. არაერთხელ დაიგეგმა ჩემზე თავდასხმა. ერთი  მოსალოდნელი თავდასხმის თაობაზე მთაწმინდის რაიონის პოლიციის უფროსმა გუჯა ჯამბურიამ გამაფრთხილა, თან მაცნობა ლიკვიდაციის  დრო, ადგილი, შემკვეთისა და შემსრულებლის მონაცემებიც.

მტერმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, რადგან ინფორმირებული ვიყავი და დაცვა გავაძლიერე. მერე კი მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებს სახალხოდ ავუტეხე ერთი ამბავი, - თუ ოდესმე რამე შემემთხვევა, პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისრებათ-მეთქი. ეს გეგმა ჩავუშალე, მაგრამ კუზიანს სამარის მეტი არაფერი გაასწორებს და სულ ვფრთხილობდი.

ამასობაში კი, როგორც იქნა, შევარდნაძემ გააქტიურება და სამთავრობო ცვლილებების გატარება  გადაწყვიტა. ხმა დაირხა, თენგიზ კიტოვანს წყალი შეუდგა, მის მემკვიდრედ გია ყარყარაშვილი სახელდებაო. "რევოლუციის გმირი" თენგიზ კიტოვანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შევარდნაძე გამსახურდიაზე ჭკვიანი აღმოჩნდა, თავდაცვის სამინისტროს სათავეში ავტორიტეტიანი პიროვნება რომ ჩაუყენა. მას კიტოვანის მხარდამჭერებიც მიემხრნენ  და კიტოვანმა ვეღარ გაბედა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა.

"მხედრიონის" და ჯაბა იოსელიანის ჯერი დგებოდა. ჯაბამ თავის დროზე განცხადებით, - რა დააშავა საცოდავმა აფხაზეთის ომის პირველი ჯგუფის ინვალიდმა, თუ კომბინატორის ეზოში ორი ავტომობილი ნახა და ერთი წამოიყვანაო, შეიარაღებულ ახალგაზრდებს კარტ-ბლანში მისცა სათარეშოდ და ხალხის საძარცვავად.

ასეთმა ქმედებებმა  "მხედრიონს" სახელი გაუტეხა. მისი ალაგმვა აუცილებელი და გადაუდებელი ამოცანა იყო. გადაწყდა, "მხედრიონზე" შეტევა დაწყებულიყო რუსთავის საძმოდან, რომლის ლიდერი თემურ ტალახაძე იყო. უშიშროების მაშინდელმა შეფმა ირაკლი ბათიაშვილმა მთავრობის წინაშე დააყენა რუსთავის საძმოს განიარაღების საკითხი. შევარდნაძის  ბრძანებით, სამ უწყებას - თავდაცვის სამინისტროს (გელა ლანჩავას ხელმძღვანელობით), ჩემს დაქვემდებარებაში მყოფ თბილისის პოლიციის სამმართველოს და უშიშროების სამსახურის უფროს ირაკლი ბათიაშვილს რუსთავის საძმოს წევრების დაპატიმრება დაგვევალა.

სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად ოპერაცია დილაადრიან დაიგეგმა, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა. შს მინისტრმა თემურ ხაჩიშვილმა, რომელიც რუსთავის  "მხედრიონის" ძველი თანამებრძოლი და მფარველი იყო, საძმო გააფრთხილა და შეიარაღებული დაპირისპირებისათვის შეამზადა (ეს ამბავი ქალაქში ელვის სისწრაფით გავრცელდა და საძმოს შტაბთან მხედრიონელების დედებმა და ოჯახის წევრებმა მოიყარეს თავი.- მ.ზ.). სისხლის ღვრას მოვერიდეთ და ოპერაცია ჩაიშალა. ბათიაშვილი ძალიან გააღიზიანა ხაჩიშვილის საქციელმა.

შევარდნაძის წინაშე მინისტრის მოხსნის  საკითხი დასვა. მოხსნეს. ჯაბა იოსელიანიც კიტოვანის მდგომარეობაში აღმოჩნდა, მაგრამ ამასობაში აფხაზეთის ომი განახლდა და იოსელიანი, "მხედრიონთან" ერთად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად წავიდა, რამაც გაუხანგრძლივა  პოლიტიკური კარიერა.