ვინ არიან და საიდან მოდიან თინა ხიდაშელის რჩეულები?

ვინ არიან და საიდან მოდიან თინა ხიდაშელის რჩეულები?

თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნით გამოწვეული გაოცება-გაოგნება ჯერ გადატანილი არ ჰქონდა ხალხს, რომ ხიდაშელმა კიდევ ერთხელ მისცა მათ თვალების გაფართოების მიზეზი. თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ებრალიძე დანიშნა, მოადგილეებად - ანა დოლიძე და ბესო ლოლაძე. ხალხი, რომელთაც თავდაცვის სფეროში, მინისტრისა არ იყოს, ერთი დღე არ უმუშავიათ, მეტიც, ამ სისტემასთან, სხვა სამსახურებში მუშაობის დროსაც კი, სერიოზული შეხება არ ჰქონიათ. ვინ არიან და საიდან მოდიან თინა ხიდაშელის რჩეულები?

რა დააშავეს ასეთი ჩვენმა სამხედროებმა, რომ ჯერ მიხეილ სააკაშვილმა დაუნიშნათ მინისტრად ფინანსური პოლიციის უფროსი, დავით კეზერაშვილი, შემდეგ - ვანდალი ბაჩო ახალაია, ახლა კი ირაკლი ღარიბაშვილმა - მინისტრად ქალი და მის მოადგილეებად ერთბაშად სამი იურისტი? რა შარსა და ხათაბალას  გადაგვყრიან თავდაცვის საქმეში უმეცარი ეს ადამიანები, თუ საქმე საქმეზე მიდგება, ძნელი წარმოსადგენი არ არის. არადა, საქმე საქმეზე შეიძლება ძალიან მალე მიდგეს, რადგან ფეთქებადსაშიშ რეგიონში ვცხოვრობთ და არაკეთილმოსურნე  მეზობლებით ვართ გარშემორტყმულნი.

რა კავშირი ჰქონდა დავით ებრალიძეს პატარკაციშვილთან?

დავით ებრალიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა ამ ხელისუფლების დროს, მაგრამ გადადგა, რადგან დავების საბჭოს რეფორმირების საკითხებთან დაკავშირებით, ნოდარ ხადურისგან პრინციპულად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა. უფრო ადრე წარსულში ენერგოომბუდსმენიც იყო, საკმაო ხანს - ენერგეტიკის ექსპერტიც და მე ვიტყოდი, ამ სფეროში მართლა გამორჩეული. როცა სააკაშვილის ხელისუფლება შეიცვალა და "ქართულმა ოცნებამ" დავით ებრალიძე ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნა, აი, პირველად მაშინ გაოცდა ხალხი. ყველა ელოდა, რომ ენერგოომბუდსმენად ნამუშევარი კაცი, თუ სახელმწიფო თანამდებობას დასთანხმდებოდა, ენერგეტიკის სფეროში წავიდოდა და არა ფინანსთა სამინისტროში. ახლა მეორედ გააოგნა ხალხი დავით ებრალიძემ - თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილეა და შესყიდვებსა და ტენდერებს უნდა გაუწიოს კურატორობა. ეს გასაგებია, მაგრამ თინა ხიდაშელი რომ შვებულებაში, ბიულეტენზე გავიდეს, მაშინ მინისტრის მოვალეობის შესრულება მის პირველ მოადგილეს, დავით ებრალიძეს მოუწევს. თუმცა, სადაც თინა ხიდაშელი მინისტრად, იქაც დავით ებრალიძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად, ერთი ფასი აქვს - არაპროფესიონალი არაპროფესიონალია. უბრალოდ, თინა ხიდაშელი პოლიტიკოსი მაინც არის და ებრალიძე არც პოლიტიკოსია. სხვათა შორის, დავით ებრალიძის წარსულიდან ერთი ფაქტის შესახებ ბევრმა არ იცის და ამაზე არც თავად ამოუღია ხმა. როცა ბადრი პატარკაციშვილი საქართველოში ჩამოვიდა, დავით ებრალიძე იმ იურისტთა ჯგუფში იყო, რომლებიც ბადრიმ დაიქირავა. დავით ებრალიძე პირველად საზოგადოებამ 2002 წელს გაიცნო, როდესაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში, პატარკაციშვილის ფავორიტის, დავით პეტრიაშვილის გუნდში იყო. იქ ებრალიძე პეტრიაშვილის შტაბის იურისტი კი იყო, მაგრამ საარჩევნო სტრატეგია-ტაქტიკის განსაზღვრაში მონაწილეობდა. მაშინ სპორტულ ჟურნალისტიკაში ვიყავი და კარგად მახსოვს, დავით პეტრიაშვილზე მეტი ინტერვიუ და კომენტარი დავით ებრალიძეს ჰქონდა მიცემული მედიისთვის. ეს იყო ერთადერთი არჩევნები, რომლის დროსაც მრავალი სასამართლო პროცესი გაიმართა, ბრძოლის დიდი ნაწილი სამართლებრივ სფეროში მიმდინარეობდა, შესაბამისად, მის შედეგებზე უშუალო პასუხისმგებელი დავით ებრალიძე იყო. მერაბ ჟორდანიას გუნდმა პეტრიაშვილს ყველა გადამწყვეტი სამართლებრივი დავა მოუგო და ეს, ცხადია, უპირველესად, დავით ებრალიძის მარცხი იყო. საბოლოოდ, ის არჩევნები მერაბ ჟორდანიამ მოუგო დავით პეტრიაშვილს - მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის ფავორიტს. მაშინ კულუარებიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ბადრი პატარკაციშვილმა არჩევნების წაგება შტაბის წევრებს დააბრალა. დააბრალა კი არა, სულ ფაქტებით დაუმტკიცა უუნარობა და დაშვებული შეცდომები. მათ შორის დავით ებრალიძეც იყო. ამის შემდეგ იურისტი დავით ებრალიძე აღარც ფეხბურთს გაჰკარებია და აღარც ბადრი პატარკაციშვილს. ცოტა ხნის შემდეგ, საზოგადოებას ენერგეტიკის ექსპერტობით შეახსენა თავი.

როგორ დაიწყო ხიდაშელისა და ანა დოლიძის მეგობრობა?

ანა დოლიძეს ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" იცნობს. ამ ასოციაციას იმჟამად თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა. სწორედ მისი მოწადინებით იყო, რომ ასოციაციაში თავმოყრილ ათობით საუკეთესო იურისტს შორის, ანა დოლიძე დაწინაურდა, გაპიარდა, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. არა, ანა დოლიძეს იურისტობას არავინ უწუნებს, მართლა კვალიფიციური იურისტია და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია, აქტიური უფლებადამცველი იყო და არაერთი რეზონანსული სისხლის სამართლის საქმიდან გვახსოვს მისი აქტიურობა, როცა ხელისუფლებას არ ეპუებოდა. მაგრამ თავად იურისტთა წრეში ამბობენ, რომ ხიდაშელმა ის მასზე ნიჭიერ და მცოდნე არაერთ ახალგაზრდა იურისტს გადაახტუნა თავზე. ამას კი მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა - ხიდაშელ-დოლიძის იდეოლოგიური ერთობა, ორივენი დასავლური ლიბერალური იდეების მქადაგებლები იყვნენ. იურისტთა წრეში მოარული ხმები მალე დადასტურდა - თინა ხიდაშელმა ასოციაციის ხელმძღვანელობა რომ დატოვა, მის თავმჯდომარედ ანა დოლიძე აირჩიეს. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ ეს თინა ხიდაშელის არჩევანი იყო, რომელსაც ასოციაციის გამგეობის წევრები წინ ვერ აღუდგნენ. ანა დოლიძე 2004-2006 წლებში იყო საია-ს თავმჯდომარე. საია-დან წამოსვლის შემდეგ, 2005 წელს, თინა ხიდაშელი და მისი მეუღლე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკურ პარტიაში" აღმოჩნდნენ, უსუფაშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდა. საია კი "რესპუბლიკელთა" ცალსახა მხარდამჭერ არასამთავრობოდ იქცა. ასე იყო ანა დოლიძის, თამარ ჩუგოშვილისა და კახა კოჟორიძის ხელმძღვანელობისას, საია-ს "რესპუბლიკელთა" ფილიალსაც ეძახდნენ. ანა დოლიძე ვადაზე ადრე გადადგა საია-ს თავმჯდომარის პოსტიდან და ის თამარ ჩუგოშვილმა შეცვალა. ამის მიზეზი კი დოლიძის ოჯახური მდგომარეობა იყო. ის პუბლიცისტ ირაკლი კაკაბაძეზე გათხოვდა და საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა.

ანა დოლიძეს მიღებული აქვს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის, კორნელის უნივერსიტეტისგან, სამართლის მაგისტრის ხარისხი ლეიდენის უნივერსიტეტისგან და სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან... ამჟამად სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს კანადაში, არის დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი და სამართლის დარგში მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი; ატარებს ლექციებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და საქართველოში. კი ბატონო, შთამბეჭდავი სამეცნიერო ტიტულებია, როგორც თავად ანა დოლიძე აცხადებს, სამეცნიერო, ანუ თეორიულ დონეზე უსაფრთხოების საკითხებზეც აქვს ნამუშევარი, მაგრამ სხვა არანაირი გამოცდილება თავდაცვის სფეროში არ გააჩნია. ადგა თინა ხიდაშელი და ეგრევე მინისტრის მოადგილედ დანიშნა. იმას არ ვამბობ, ანა დოლიძე აუცილებლად ომამდე ტანკისტი უნდა ყოფილიყო-მეთქი, არც სამხედრო სფეროს ღრმა ცოდნას ვთხოვ. არც თინა ხიდაშელია თავდაცვის აზრზე, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს პირველი პირები არაერთ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, არაპროფესიონალები, თუმცა, მათ მოადგილეებად ჰყავთ პროფესიონალი სამხედროები, რომლებიც მინისტრის არაკომპეტენტურობას აბალანსებენ. თინა ხიდაშელი კი ადგა და მაგას ვინღა ჩივის, ერთდროულად სამი არაპროფესიონალი დაინიშნა მოადგილედ. ანა დოლიძეს ახლა კანონით გენერლის ჩინი ეკუთვნის და მისცემენ კიდეც და ცოტა უხერხული ხომ არ იქნება, სამხედრო სამსახურში ნამსახურები 30 წლის პოლკოვნიკები "ჩესტს" რომ აუღებენ და მის წინაშე გაიჯგიმებიან? უხერხული კი არა, ძალიან ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იქნება ეს და ამ ხალხს ვერ გაამტყუნებ. როგორ დავიჯერო, რომ თინა ხიდაშელმა ეძება, ეძება და თავდაცვის სფეროში ვერ მოძებნა ისეთი ადამიანი, რომელსაც სამხედრო საქმის გამოცდილებაც ექნებოდა, კარგი იურისტიც იქნებოდა და კარგი მენეჯერიც? ასეთები ახლაც არიან თავდაცვის სამინისტროში და სააკაშვილის რეჟიმის დროს იქიდან გამოყრილთა შორის, მაგრამ საქმე ისაა რომ, ხიდაშელს არსად არავინ უძებნია, მან იდეოლოგიური ნიშნით შეარჩია ანა დოლიძე. მას "რესპუბლიკური პარტიის" წევრის მანდატი არ აქვს, თორემ ისე "რესპუბლიკელია".

სხვათა შორის, სწორედ თინა ხიდაშელი ლობირებდა ანა დოლიძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე, როცა მისი კანდიდატურა ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესთავაზა პრეზიდენტს. თუმცა, მაშინ ორივენი მიხვდნენ, რომ ეს ის სიმაღლე არ იყო, რომელსაც შესწვდებოდნენ. არა, "რესპუბლიკელები" მაშინ ასე მოძალებულნი და მოძლიერებულნი რომ ყოფილიყვნენ, არავინ იცის, რა მოხდებოდა, იქნებ კიდეც გამხდარიყო ანა დოლიძე უზენაესი მსაჯული, კაცმა არ იცის.

რატომ ბესიკ ლოლაძე?

თინა ხიდაშელის მოადგილედ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, ბესო ლოლაძე დაინიშნა, რომელიც საპარლამენტო მდივნის ფუნქციებს შეითავსებს. ლოლაძეც კარგი იურისტია, მაგრამ რა შუაშია თავდაცვის სამინისტრო? კარგი იურისტების მეტი რა არის ქვეყანაში? თუმცა, ყველაფერი გასაგები გახდება, თუ მოგახსენებთ, რომ ბესო ლოლაძე და თინა ხიდაშელი უნივერსიტეტიდან მეგობრობენ, ხიდაშელი ორი კურსით წინ იყო ლოლაძეზე. "ქართული ოცნების" კულუარებში არ მალევენ, რომ ხიდაშელმა სწორედ მეგობრობის ნიშნით შეარჩია ბესო ლოლაძე მოადგილედ.

მოკლედ, თინა ხიდაშელმა სამი იურისტი დაინიშნა მოადგილეებად.

არა, იურისტებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო არაპროფესიონალების ხელშია, ეს არაპროფესიონალები კი ამერიკის ხელისუფლებას ემორჩილებიან და საქართველოს ხელისუფლებას არაფერს ეკითხებიან.