ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, „ზვიადისტური თემა“ ქართულ პოლიტიკაშიკვლავ აქტუალური ხდება, ოღონდ „თეორიული“ და არა „პრაქტიკული“ თვალსაზრისით.
ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს ესმის, რომ ეს მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში აბსოლუტურად უპერსპექტივოა. იგი უპერსპექტივო იყო 1990-91 წლებშიც კი. მით უმეტეს, აღარ გააჩნია რაიმე შანსი ექსპრეზიდენტის დაღუპვისა და მისი მომხრეების სრული დისკრედიტაციის შემდეგ.
ამჯერად სწორედ მათი დისკრედიტაციის მიზეზებია მხოლოდ აქტუალური და არა ის, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში, - „ზვიადისტების“ აქტიურობის შედეგად.
ძნელი განსაჭვრეტი არ არის, რომ 9 თებერვლის შემდეგ „ზვიადისტები“, განურჩევლად იმისა, რა კავშირი აქვთ უშუალოდ ტერაქტთან, ხმის ამოღებას ვეღარ გაბედავენ. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ეს მოძრაობა საბოლოოდ გადაგვარდა და გადაიზარდა სრულ აბსურდში.
ელემენტარული მაგალითიც კმარა ამის დასადასტურებლად: ზვიად გამსახურდიას რამდენიმე „უერთგულესი თანამებრძოლი“, მისი თანამეცხედრის ჩათვლით, კარგა ხანია, მოსკოვში გადაბარგდა და „ბოროტების იმპერიაში“ (როგორც თავად უწოდებდნენ), დალხინებულად ცხოვრობს.
თქვე დალოცვილებო, მთელი ცხოვრება რუსეთს ებრძოდით, ანტირუსული ლოზუნგებით ხელისუფლებაში მოხვედით, ახლაც დარწმუნებულნი ხართ, - პრეზიდენტი რუსეთმა დაამხოო და მოსკოვში რა გინდათ?
მესმის, იგორ გიორგაძე გაქცეულიყო მოსკოვში, ვინაიდან მას არასდროს უთქვამს, „რუსეთი ბოროტების იმპერიაა და საქართველო მისი კლანჭებიდან უნდა გამოვგლიჯოო“, მაგრამ რა უნდათ მანანა არჩვაძეს და ზვიადის შვილებს მოსკოვში?
ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა გურამ აბსანძემ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო და ამ გზით დაიხსნა თავი „ხუნტის“ შურისძიებისაგან. ასევე ჩრდილოეთში იმალებიან „კანონიერი ხელისუფლების“ სხვა წარმომადგენლებიც. პირველი პრეზიდენტის მეუღლე რუსეთში საქართველოს ელჩის კაბინეტთან აცხადებს შიმშილობას და ა.შ.
რაც ყველაზე მეტად უცნაურია, ადგილობრივ „ზვიადისტებს“ ამგვარი ქმედების უსამართლობასა და აბსურდულობაშიც ვერ დაარწმუნებ, უეჭველად გეტყვიან, ასეა საჭირო, იმავე კრემლის პროვოკაციათა თავიდან ასაცილებლადო. არადა, ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც ზღვარი, თუ გნებავთ რაღაც (ფორმალური მაინც) არგუმენტი - იოტისოდენი დამაჯერებლობა?
ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია: ბევრი „ზვიადისტი“ დღემდე დარწმუნებულია, რომ თუ შევარდნაძეზე თავდასხმა მართლაც ლოთი ქობალიას მებრძოლებმა განახორციელეს, - მათ სიძულვილი ამოძრავებდათ და არა ფული ან რუსეთის აგენტობა.
ესეც მტკნარი სისულელეა! ოპერაციის ორგანიზებას („პრემიები“ რომც გამოირიცხოს) ასი ათასობით დოლარი დასჭირდებოდა. ზვიადისტებს ასეთი ფული არ ექნებოდათ. მათ უეჭველად ვიღაც აფინანსებდა. შესაძლოა, ფულს იღებდნენ: მოსკოვში გადახვეწილი ყოფილი „პატრიოტი“ ზვიადისტები, დავუშვათ, მათაც ბოღმა და სიძულვილი ახრჩობთ, მაგრამ უეჭველია, რომ ემოცია არ ამოძრავებდა იმ ძალას, ვინც „ზვიადისტებს“ რუსეთის მოქალაქეობას აძლევდა, ბიზნესის წარმოებაში ხელს უწყობდა, სხვადასხვა „არხებსაც“ უხსნიდა ზუგდიდში ფულის გადაქაჩვისთვის, ყალბი დოკუმენტებითა და იარაღით ამარაგებდა, აგენტურულ მონაცემებს აწვდიდა და ა.შ.
ისიც საკითხავია, ამ ხალხს თუ მართლა შურისძიება ამოძრავებდა, რატომ მაინცდამაინც შევარდნაძეს ერჩიან – ხომ არ ჰგონიათ, რომ დეკემბერ-იანვრის გადატრიალებაში ყველაზე დიდი წილი სწორედ დღევანდელ პრეზიდენტს მიუძღვის და მათივე ზოგიერთი ყოფილი თანამებრძოლი არაფერ შუაშია?
აქაც ვლინდება საოცარი ეშმაკობა, რომელიც 1992 წლის მარტში გამოიჩინეს სამხედრო გადატრიალების ნამდვილმა ორგანიზატორებმა – მათ ხომ შესანიშნავად იცოდნენ: ფანატიკოსი „ზვიადისტური მასისათვის“ შევარდნაძე გახდებოდა პასუხისმგებელი არა მხოლოდ იმაზე, რაც შემდგომ მოხდებოდა, არამედ იმაზეც, რაც მანამდე მოხდა.
რუსულ სპეცსამსახურებს რაც შეეხებათ, მათ თავიანთი საქმე შესანიშნავად იციან - ქვეყანაში დესტაბილიზაციისათვის სწორედ ისეთი ძალა უნდა გამოიყენო, რომელიც უშუალო აგენტი არ არის და ბოღმა ახრჩობს. ასეთი ძალა, ფაქტობრივად, დაუმორჩილებელი და უძლეველი იქნება. იგივე სალმან რადუევი გააფთრებით იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ სულაც არ არის გამორიცხული, ნებსით თუ უნებლიედ რუსულ სპეცსამსახურთა „გავლენის აგენტად“ იქცეს. სწორედ ასეთი „გავლენის აგენტები“ იყვნენ ის „ზვიადისტებიც“, ვინც 9 თებერვალს კინაღამ მოკლეს შევარდნაძე. მათი მოტივაცია მხოლოდ იმდენად არის საინტერესო, რამდენადაც იმავე რუსეთის სპეცსამსახურთა გავლენის ხარისხს ასახავს. მოსკოვში (დარწმუნებული ვარ) ამჟამად ჩუმი, საზოგადოებისათვის უცნობი და უხილავი სკანდალი მძვინვარებს სხვადასხვა უწყებებს შორის.
თუ მიაქციეთ ყურადღება, „ორტ“-ს ჟურნალისტ დორენკოსათვის მიცემულ ინტერვიუში შევარდნაძემ განაცხადა: რაკი ანატოლი კულიკოვმა თავად არ მიიჩნია საჭიროდ ამ ფაქტის დაფარვა, მეც მაქვს უფლება, ვთქვა, რომ იგი წინასწარ ცდილობდა ჩვენს გაფრთხილებასო.
მაშასადამე, კულიკოვმა ბაქოში თარგამაძესთან „ცნობილი“ საუბრისას ქართველი კოლეგა გააფრთხილა: საიდუმლო ინფორმაციას გაწვდი და ნუ გაამხელო. აქედან დასკვნა: რუსეთის სპეცსამსახურებმა, როგორც მინიმუმ, იცოდნენ დაგეგმილი ტერაქტის შესახებ. ისინი სრულად აკონტროლებდნენ სალმან რადუევის დაჯგუფებას ჩეჩნეთში, რომლის შემადგენლობაშიც გაიწვრთნა „ქართველი მგლების ლეგიონი“.
მათ იცოდნენ, რას აპირებდა ლეგიონი თბილისში. კულიკოვმა შევარდნაძის გაფრთხილება სცადა - როგორც ჩანს, ეგონა, „მსუბუქი ქარაგმაც“ საკმარისი იქნებოდა, მაგრამ შეცდა - ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. მიამიტ „ზვიადისტებს“ კი სჯეროდათ „კავკასიური სახლი“ გვაფინანსებსო. ამ „სახლამდე“ რამდენიმე „გადამცემი კვანძია“ გროზნოსა და მოსკოვს შორის აბსანძე-ბურჭულაძეების ჩათვლით, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი (რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს) იმავე ლაბორატორიაში იღებს სათავეს, სადაც პირველი პრეზიდენტის დამხობა დაიგეგმა.