სამხრეთკავკასიური რესპუბლიკა საქართველო კვირას ახალ პრეზიდენტს ირჩევს. წარსული არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად მწვავე საარჩევნო ბრძოლა არ მიმდინარეობს, რაც იმის ბრალიცაა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელობას კარგავს.
პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს სიამოვნებით გაჰყავს სტუმრები სამთავრობო პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის აივანზე. ის მდინარე მტკვართან მდებარეობს. მტკვარი ქვეყნის დედაქალაქ თბილისს ორ ნაწილად ჰყოფს. მდინარის მეორე მხარეს დგას განათებული პრეზიდენტის სასახლე, რომელსაც ბერლინის რაიხსტაგის მსგავსად, კვერცხის ფორმის მინის გუმბათი ამშვენებს. მაგრამ ამ სასახლეში გადასვლა მარგველაშვილს არ სურს, თუკი მას პრეზიდენტად აირჩევენ. მმართველი კოალიციის კანდიდატს მიაჩნია, რომ შენობა გრანდიოზულია და ხალხისგან მოწყვეტილი. “ჩემთვის პირადი ამბიციები მთავარი არ არის. მინდა ქართველ ერს ვემსახურო“, ამბობს 43 წლის მარგველაშვილი, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ არის.
დღემდე უცნობი
მარგველაშვილი კეთილგანწყობილია, მაგრამ ქარიზმა აკლია. მომავალი პრეზიდენტისთვის ეს უჩვეულო რამ არის 1991 წლიდან, დამოუკიდებელი საქართველოს მოკლე, მაგრამ მოვლენებით სავსე ისტორიაში. სამივე პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძეს და მიხეილ სააკაშვილს ჯერ კიდევ თანამდებობის დაკავებამდე სერიოზული საერთაშორისო რეპუტაცია და ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა. მარგველაშვილი ასე არ არის. 2012 წლამდე მას თბილისს გარეთ არც იცნობდნენ. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ყოფილი რექტორი თავის პოლიტიკურ კარიერას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს უმადლის, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრება საჯაროობას გაურბოდა. 2011 წელს პოლიტიკურ სცენაზე გამოჩენამდე, წლების განმავლობაში მის სიმდიდრეზე ლეგენდები დადიოდა. მან ოპოზიციური ძალები კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გააერთიანა და მოიგო საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილმა მთავრობის ხელმძღვანელის პოსტი გადაიბარა, გამოუცდელი პოლიტიკოსი მარგველაშვილი კი განათლების მინისტრად დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილი მოუქნელი გადაწყვეტილებებითა და გამონათქვამებით გამოირჩეოდა, მთავრობის ხელმძღვანელმა თავისი მეგობარი ჯერ საკუთარ მოადგილედ, შემდეგ კი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა. ნათელია, რომ ამ თუ სხვა საკადრო გადაწყვეტილების მიღებისას მილიარდერი ლოიალურობის და პირადი ნდობის ფაქტორით ხელმძღვანელობდა. მაგალითად, გენერალურ პროკურორად მან თავისი პირადი ადვოკატი დაასახელა.
მარგველაშვილს თავისი მიზნები ამ წერტილამდე დაყავს: „მე მსურს ვიზრუნო ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისათვის“. ეს ადგილობრივი მეწარმეებისა და საერთაშორისო ინვესტორებისათვის აუცილებელი ნიადაგია, რათა აამუშავონ ჩაწოლილი ეკონომიკა. ეს განსაკუთრებულად ამბიციური მიზანი არ არის. თუმცა სახელმწიფოს მომავალ მეთაურს მანევრისთვის დიდი სივრცე ისედაც არ რჩება. ახალი პრეზიდენტის ძალაუფლება პრემიერმინისტრისა და პარლამენტის სასარგებლოდ იზღუდება. ეს საკონსტიტუციო ცვლილებები ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველმა პარტიამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო. 2004 წელს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ სააკაშვილს კანონი მესამე ვადით კენჭისყრას უკრძალავს. ამიტომ არსებობდა ვარაუდი, რომ მთავრობის ხელმძღვანელისთვის ძალაუფლების გაზრდა მისი სურვილი იყო, რომ მოგვიანებით ეს პოსტი თავად დაეკავებინა.
თუკი ეს მისი გეგმა იყო, მაშინ ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით მას ხაზი გადაუსვა. მილიარდერი იმ ქართველებისთვის იყო იმედი, რომლებიც სააკაშვილის დროს თავს ძალიან ძლიერი კონტროლის მსხვერპლად თვლიდნენ. ტელეფონები და კომპიუტერები მთელს ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში კონტროლდებოდა. ციხეები პატიმრებით იყო გადავსებული, რომლებიც მცირე დანაშაულის გამო მძიმე სასჯელს იხდიდნენ. ბევრ პატიმარს სასტიკად მოექცნენ. ეკონომიკას და მედიას სააკაშვილის ბანაკი აკონტროლებდა, მას კორუფციაშიც ადანაშუალებდნენ, მაშინ როდესაც სოფლის მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობდა.
არანაირი უკუსვლა
სააკაშვილი ცდილობდა პრეზიდენტობის ბოლო თვეები, მინიმუმ უცხოეთში მაინც, რეფორმატორისა და მოდერნიზატორი სახელის შენარჩუნებისათვის გამოეყენებინა. მიუხედავად რამდენიმე სერიოზული უთანხმოებისა, კოჰაბიტაციამ ორ ბანაკს შორის ერთ წელიწადს გასტანა – და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს აქამდე სხვა გამოცდილება, გარდა ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობისა, არ ჰქონიათ. ივანიშვილის კოალიცია მართლაც რომ წესიერად მანევრირებდა მთავრობის მუშაობის პროცესში. სასამართლო სისტემასა და ჯარის რეფორმებისათვის შესაბამისმა სამინისტროებმა დასავლეთისგან შექებაც კი დაიმსახურეს. უცხოეთისთვისაც ნათელი გახდა, რომ ივანიშვილის მიზანი დემოკრატიისა და დასავლური ორიენტაციისთვის ზურგის შექცევა არ ყოფილა.
მაგრამ რეგიონებში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა, გაზაფხულზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე, ბევრი ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსი ჩამოაშორეს გამგებლების თანამდებობებსა და ადგილობრივ საკრებულოებს. ძალაუფლების ცვლა კულისებშიც მიმდინარეობს. ორგანიზაცია „გამჭვირვალობა საქართველოს“ თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ბევრი მნიშვნელოვანი ფირმა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ხელში გადავიდა. საზოგადოებრივ ტელევიზიაშიც გავლენებისთვის იბრძვიან.
სააკაშვილის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატ დავით ბაქრაძეს ზომიერი და ლიბერალი პოლიტიკოსის სახელი აქვს. როგორც, საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერმა, მან დაძაბული განწყობის მოხსნაში საკუთარი წვლილი შეიტანა. ქარიზმა მასაც არ აქვს, მაგრამ წლების განმავლობაში ომებითა და რევოლუციებით სავსე პოლიტიკური არეულობების შემდეგ მოქალაქეთა უმრავლესობას არა პოლიტიკური სპექტაკლი, არამედ სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, 27 ოქტომბრის არჩებვნებში მარგველაშვილმა მართლაც მნიშვნელოვანი გამარჯვება უნდა მოიპოვოს. გაურკვეველია მხოლოდ ის, თუ ვინ იქნება მეორე ადგილზე, რადგან რბოლაში მარგველაშვილისა და ბაქრაძის გვერდით პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეცაა. ერთ დროს სააკაშვილის მოკავშირე, 49 წლის ბურჯანაძე დღეს თავის ყოფილ თანამებრძოლს ყველაზე მწვავედ აკრიტიკებს, ივანიშვილზე მწარედაც კი. შეიძლება, საქართველოში მან ის ამომრჩევლები გადაიბიროს, რომლებსაც პრეზიდენტისა და მისი თანამებროძლების ციხეში ჩასმა, ან ქვეყნიდან გაძევება უნდათ.
ამჟამად სააკაშვილი ცდილობს მისი პრეზიდენტობის ვადა შეძლებისდაგვარად გაახანგრძლივოს. შეიძლება, მისი მიზანი ნოემბრის ბოლომდე პრეზიდენტად დარჩენა იყოს. მაშინ ის „მისი“ ვარდების რევოლუციის ათი წლისთავს როგორც პრეზიდენტი იზეიმებს და პრეზიდენტის რანგში ვილნიუსში ევროკავშირის სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება იგეგმება. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მეორე ტური ან არჩევნების შედეგების გაპროტესტების გამო საბოლოო შედეგის გამოცხადება გაჭინაურდება.
ივანიშვილს როგორც ჩანს ეს არ სურს. გასულ კვირაში მან განაცხადა, რომ თუკი მარგველაშვილი პირველივე ტურში არ გაიმარჯვებს, იგი მეორე ტურს გამოეთიშება. ამ განცხადებას თავად პრეზიდენტობის კანდიდატიც დაეთანხმა. იმავდროულად, ივანიშვილმა სააკაშვილზე ზეწოლა გააძლიერა. ორშაბათს მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მრავალი მიზეზის გამო ის შეიძლება წარდგეს სასამართლოს წინაშე. ამ შემთხვევაში ის მისი ბევრი თანამებრძოლის, მათ შორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბედს გაიზიარებს, რომელიც მაისის შემდეგ ციხეში ზის. ივანიშვილის გამონათქვამები მის მთავარ მიზანზე მიანიშნებს: სააკაშვილის ჩამოცილება ქართული პოლიტიკური სცენიდან და გადამწყვეტ პოზიციებზე საკუთარი ნდობით აღჭურვილი პოლიტიკოსების მოყვანა.
განცხადება წასვლის შესახებ
მას შემდეგ, რაც ივანიშვილი ამ მიზანს მიაღწევს, ის პოლიტიკიდან წავა. ეს წელსვე მოხდება. საკუთარ შემცვევლს მთავრობის მეთაურის პოსტზე ნოემბერში დაასახელებს. შეინარჩუნებს თუ არა კოალიცია „ქართული ოცნება“ ერთობას, გარედან ძლიერი ოპოზიციის ზეწოლის გარეშე, გაურკვეველია. ლიბერალმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ უკვე მიანიშნა, რომ მისი პარტია მომავალში კოალიციაში ყოფილ კონსერვატიულ ძალებთან პირისპირ უფრო ძლიერად იქნება წარმოდგენილი. ისინი თავისი მხრივ საქართველოს ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესიის აფრების ქვეშ მიცურავენ, რომელიც აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ქვეყნის ჰეტეროგენურ საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ თავისი არატოლერანტული დამოკიდებულებით. თუ სოციალური მდგომარეობა მალე არ გამოსწორდება, მოსახლეობა დიდხანს ვეღარ გაჩუმდება.
ეს ძალიან დიდი გამოწვევაა მარგველაშვილისთვის, თუკი მისი მიზანი ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევაა. საკუთარ თავში რწმენა მას როგორც ჩანს არ აკლია. როდესაც ცენტრალური ოფისიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით, მდინარე მტკვრის მეორე ნაპირზე საღამოს ცაზე ფოიერვერკმა გაიელვა, მან თავის თანაშემწეს ჰკითხა, ჩემს გამარჯვებას ხომ არ ზეიმობენო?
foreignpress.ge