მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” აგრძელებს ამონარიდების გამოქვეყნებას მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
2006-2007 წლებში პატიმართა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა... დანაშაულის მრავალფეროვნება არაფერ შუაში იყო!
მთავარი იყო ფული, ფული და რაც შეიძლება ბევრი ფული!
დედა და 3 ქალიშვილი ერთად ციხეში. შინ მხოლოდ მამა, რომ სახლი გაყიდოს და ოჯახი მიხეილის ტყვეობიდან იხსნას.
დანაშაული? - ქურდობა!
რისი? - 120 ლარის....
და და ძმა - შინ მხოლოდ მშობლები, პროკურატურა სთავაზობს, თუ ფულს გადაიხდიან, გოგოს გაანთავისუფლებენ!
მშობლებიც ყიდიან ბინას!
ცოლი და ქმარი - ბავშვები სოციალურმა მუშაკმა წაიყვანა, ბებია მოხუცია და ვერ უვლის, სახლი გაყიდა და სასჯელი 25-დან 10 წლამდე შეუმცირა ცოლ-ქმარს, თავად კი, მოხუცთა თავშესაფარში წავიდა...
ერთხელ, ჩემმა ერთმა მეგობარმა, უკანონოდ დაჭერილმა, გასამართლებულმა და გაუბედურებულმა სიმართლისათვის ბრძოლა გადაწყვიტა...
აგზავნა განცხადებები ყველა უწყებაში...
პასუხი არსაიდან მოდიოდა...
ბევრი აღარ უფიქრია, ე.წ. განმარტოვების საკანში გადავიდა და შიმშილობა დაიწყო!
აგვისტო იდგა...
15 - მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა...
“ზონა” მოშიმშილესთვის “ნაბეღლავსა” და სიგარეტს აგროვებდა და “სამარტოვოში” უგზავნიდა...
უცებ, „ზონაზე“ ახალი ამბავი შემოვიდა, მოშიმშილის შვილი დაიჭირესო...
ადმინისტრაციამ ვერ გაბედა ეთქვა მოშიმშილისათვის, შენი გოგო მე-5 საკანში გვყავსო...
გოგოები დავჯექით და ფიქრი დავიწყეთ, რა გვექნა... ისიც არ ვიცოდით, რას ედავებოდა გამოძიება... მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ ისევ ჩვენ, პატიმრებს უნდა გვეთქვა მოშიმშილისთვის სიმართლე. დირექტორმა პატივი დაგვდო და მის მოსანახულებლად სხვა კორპუსში გადასვლის უფლება მოგვცა. აბა, თვითონ ხომ არ ეტყოდა, შენი შვილიც ჩემი პატიმარიაო...
რომ მივედით, გაუხარდა, დაბადების დღე მაქვს და არ დაგვიწყებივართო. ცოტა ვეჭორავეთ... მერე, ვუთხარი:
- წამოდი “ზონაზე”, შეწყვიტე შიმშილობა, მგონი, რაღაც პრობლემები გაქვს სახლში და რომ დარეკო, სჯობია...
შემომიბღვირა:
- ადმინისტაციამ გამოგგზავნა? თუ პრობლემებია, აგერ ვარ და მითხარით... ისეთი ძლიერი ვარ, ყველაფერს ავიტან და გავუძლებ!
- შენი შვილი მე-5 საკანშია! - მივუგე თითქმის ჩურჩულით,
შემომხედა, დამაკვირდა და ხმის კანკალით მითხრა:
- მე ასეთი შვილი არ გამიზრდია!
- არც მე გაუზრდივარ დედაჩემს ასეთი და არც - შენ... წავიდეთ...
უცებ თავი ბეტონის კედელს მიარტყა და ისტერიკა დაეწყო...
რა უნდა მექნა? - ვუყვირე.
მერე?..
გოგოები ჩავეხუტეთ და ყველა ერთად ვტიროდით...
შიმშილობა შეწყვიტა...
იცით, რას ედავებოდნენ 19 წლის გოგონას?
მან და მისმა ორმა თანაკლასელმა ბიჭმა თანაკლასელის პაპის სახლიდან ორი ბოცა ღვინო გამოიტანეს, ერთი ღობესთან გაუტყდათ, მეორეთი იქეიფეს...
პაპამ არ იცოდა, რომ ღვინო შვილიშვილმა და მისმა თანაკლასელმა „მოიპარეს“ და პატრულს შეატყობინა...
მოკლედ, ეს 40 ლიტრი ქართლის დაბალ გრადუსიანი ღვინო სამი ადამიანის პატიმრობის მიზეზი გახდა... დანაშაული, განზრახ, ჯგუფურად, წინასწარ დაგეგმილი ჯგუფის მიერ, ჯამში, 30 000 ლარი დაჯდა... 2 თვე პატიმრობა და 5 წელი პირობითი სასჯელი, პლუს, 2 წელი გამოსაცდელი ვადა...
ესეც საპროცესო გარიგება - აღიარებული ბრალი! უსახლოდ დარჩენილი ჩემი მეგობარი და მეზობელს შეკედლებული 19 წლის გოგონა... ყოველ კვირა ერთი კილოგრამი ვაშლით კვლავ დედის „პერედაჩის“ რიგში...
შეწყალება
“ზონაზე” ყველამ იცოდა, რომ მსუბუქი დანაშაულის შეწყალება 15 000 ლარამდე ღირდა!
მძიმე - 50 000-მდე!
განსაკუთრებით მძიმე - ყველაზე ცოტა, 70 000!
არ დამიწყოს ახლა თევდორაძემ, ვერულაშვილმა, ეს რა თქვი, პირველად გვესმისო...
ყველამ ვიცოდით და მათაც იცოდნენ!
მთავარია, “შუა კაცი” გყოლოდა „ნაღდი“.
აი, ასე დაემართა ბევრს, ვისაც არ შეხვდა “ნაღდი”:
გადაიხადეს და 4 წლის მერე ძლივს გავიდნენ...
ზოგიც მანამდე დარჩა, სანამ ამნისტიამ არ მოუსწრო.
ბებო გვყავდა “პრინცესა”...
შვილი ჰყავდა ნარკომანი და რეალიზატორი...
ბებოს ეგონა, რომ ეს „რაცხა უბედურება” ის ძვირფასი წამალი იყო, კომუნისტების დროს რომ ძლივს იშოვიდა კაცი მხოლოდ ებრაელებში... ჰოდა, საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა წამალს - უნახავდა შვილს და საყვედურით ეუბნებოდა, „ნეტა, ნენა, სააქიმოზე ჩაგებარებინა. მაი საინჟინრო არაფერში გამოგადგა...“
დაიჭირეს ბებო და მისი ინჟინერი შვილი...
ბებოს რომ ჰკითხეს, წამალი სად გაქვსო, უპასუხა, რაღა ჩემი წამალი გინდათ, წაით ებრაელებში და იქ იყიდეთო...
დიდი ხვეწნის მერე, ბებომ ვენახის ბოძში ჩამალული და 10 ცელოფნით შეფუთული ჰეროინი გამოიტანა და გამომძიებელს უთხრა:
- მაი უვნებელია, ქინაქინას სჯობია ასი თავით, სულ მთელს ვერ გაგატანთ, ცოტას კი მოგცემთ, ვინმე გაჭირვებულისათვის გენდომებათ!
და აი, ასე: ბებო მოხვდა ციხეში!
სულ იმ თავის ქინაქინაზე დარდობდა...
ერთხელ, ძალიან ცუდად გახდა... განაჩენის აღსრულება გადავადების შესახებ უპრობლემოდ ეკუთვნოდა...
ბებოს საკანში უცხო ტიპებმა მოაკითხეს და უთხრეს :
- ის “ქინაქინა” გექნება სადმე კიდე დაფლული და თუ მოგვცემ, გაგიშვებთ!
მოხუცმა გაკვირვებით შეხედა და უპასუხა:
- ნენა, პაწა მაინც რომ მქონდეს, აქ მოვატანინებდი ვინმე ბაღანას, სულ თქვენ წეიღეთ და აი, ამ ავადობის დროს მე რაღა დამრჩა?
ბებოს არ გადაუვადეს სასჯელი!
...და მაინც, რა იყო ნუგეში?
ნუგეში იყო მეგობრობა!
იქ შეძენილი ადამიანები!
აბა, მაშ, მადლობა როგორ არ გადაგიხადო, მიშა?!
რა გამაცნობდა იმ ადამიანებს, ვინც იქ ვნახე? ისინი შენს აღლუმზე არასდროს მოვიდოდნენ და ვერც შენ მიხვიდოდი თოურიასთან ჩაიზე, ხარაზთან - ბიბლიოთეკაში, კვიციანთან - ჯიხვზე სანადიროდ...
ისენი შენს აღლუმზე არ მოვიდოდნენ...
ამიტომ, ჩვენ ჩვენი ქვეყნის ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ბოლოს, მაინც ისევ ჩვენ გაცილებთ!
სულ მინდოდა, შენთვის წერილი მომეწერა და აი, ახლა გწერ:
მიუხედავად იმისა, რომ არაფრისთვის დამსაჯე, არ მეჯავრები!
მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრება ამიწეწე, არ მძულხარ!
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ უბედურებას ვუყურე 6 წელი, ვერ გავბოროტდი!
აი, როცა დილა გათენდება და პრეზიდენტი აღარ იქნები, მინდა, იფიქრო, რატომ გეჯავრებოდა ასე ძალიან პატიმარი ქალები?!
რატომ გიკანკალებდა ხელი, 5-ზე მეტს რომ არასოდეს იწყალებდი?
და მაინც, რა გვჭირს ქართველებს? - რატომ აგირჩიეთ? - სულ ამას ვკითხულობდი ეს წლები...
და დიდი მადლობა, პრეზიდენტო, რომ ციხეში სული გამაწვრთვნევინე!
ამბები მიხეილის ციხეში კვლავ გაგრძელდება...
ოღონდ აღარც მიხეილი იქნება იქით კვირიდან და აღარც მიხეილის ციხე იარსებებს საქართველოში!