„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრი, პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში ყოფნის აკრძალვას ითხოვს და ამტკიცებს, რომ სწორედ მისი დახმარებით რუსეთი საქართველოში არეულობას გეგმავს:
- სააკაშვილი ცდილობს, რომ რუსეთს მთელი საქართველო დააკავებინოს და ოკუპაციაში ხელს უწყობს.
- ბატონო ირაკლი, სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა უკვე სრულდება და რუსეთს ოკუპაციაში ხელს როგორღა შეუწყობს?
- სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა გავიდა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ უფროსად აირჩიეს. სააკაშვილი მუდმივად ჰყვება პუტინს პროვოკაციებში და უნდა, რომ საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩააბას. ამაზე ძალიან კარგად ისაუბრა მეთიუ ბრაიზამ, რომელიც ჩემი მეგობარია. მაშინ, როცა სტაბილურობის პატარა ნიშანწყალი გამოჩნდებოდა, რუსეთი საქართველოში არეულობის მოწყობას ცდილობს ხოლმე. თუ საპრეზიდენტო არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ყოველგვარი ექსცესების გარეშე, მაშინ რუსულ იმპერიალისტურ ძალებს ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა გაუჭირდებათ.
გვაქვს ინფორმაცია, რომ პუტინის ადმინისტრაცია საქართველოში არეულობის დაწყებას საზღვრისპირა რაიონებიდან აპირებს. რუსეთს განზრახული აქვს, ქართული შეიარაღებული ძალები პროვოკაციაზე წამოაგოს და კონფლიქტში ჩაითრიოს. ამის შედეგად, არჩევნები ვერ ჩატარდება და სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადა გახანგრძლივდება, მაგრამ ამაზე საშიში სცენარი ისაა, რუსეთმა მთელი საქართველოს ოკუპაცია მოახდინოს.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ?
- ეს ინფორმაცია მოვიპოვეთ საქართველოს ფარგლებს გარედან, კერძოდ, დასავლელი მეგობრებისგან. კარგად გვახსოვს: საქართველოს პრეზიდენტი ერთხელ, აგვისტოს ომის დროს, უკვე აჰყვა ამ პროვოკაციას. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სცენარი აღარ განმეორდეს და სტაბილურობა შევინარჩუნოთ.
- იქნებ, დააკონკრეტოთ, ვინაა ის ჯგუფი, რომელსაც რუსეთი არეულობის მოსაწყობად ფულს უხდის?
- ესაა მულტინაციონალური ჯგუფი, რომელიც შედგება რუსებისა და ქართველებისგან. ამ ჯგუფში შედის სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია და, ასევე, მისი კოლეგა ერიკ კუდრისი. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ბიძა გახლავთ რუსული სპეცსამსახურების სტაჟიანი მსახური, ყოფილი “კა-გე-ბე”-ს და ახლანდელი “გე-რე-უ”-ს გენერალი.
- თუ ეს ინფორმაცია მართალია, არეულობის შეჩერებას როგორ აპირებთ?
- მივმართე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს... ამ ინფორმაციას კი იმიტომ ვასაჯაროვებ, რომ კონფლიქტის ნეიტრალიზაცია მოვახდინოთ. მართალია, სააკაშვილი რამდენიმე დღეში პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ ის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, რაზეც „ნაცმოძრაობას” პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან არ შეიძლება, პოლიტიკაში იყოს პირი, რომელიც “კა-გე-ბე”-ს წარმომადგენელია. გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ოჯახის წევრები ანდროპოვის დროიდან “კა-გე-ბე”-თვის მუშაობდნენ. ამ ტრადიციას გაჰყვა სააკაშვილიც, რომელიც ანდროპოვის შვილისა და თემურ ალასანიას მეგობრობის წყალობით, “კა-გე-ბე”-ს ელიტურ სკოლაში ჩაირიცხა. იქ ისწავლა, როგორ უნდა გამხდარიყო საბჭოთა მზვერავი და როგორ უნდა გაევრცელებინა დეზინფორმაცია, რასაც დღეს წარმატებით იყენებს.
მოკლედ, ლაპარაკი იმაზეა, რომ სხვა ქვეყნის მსახური საქართველოში მაღალი რანგის პოლიტიკოსი არ უნდა იყოს. მეტსაც გეტყვით: მეც არ უნდა მქონდეს უფლება, რომ ქართულ პოლიტიკაში ვიყო.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში ქართულ ენას ვასწავლიდი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიყო მოქალაქე, გამოვაქვეყნო წიგნები, ჩავატარო ლექციები, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში ვერ დავმკვიდრდები. აშშ რაც უნდა კარგი მეგობარი იყოს საქართველოსი, მას თავისი ინტერესები აქვს, რომელიც ჩვენგან განსხვავებულია - არაპირდაპირი გავლენის გზებს, ვიცი, როგორ მონახავენ, რასაკვირველია, თუ მოუნდათ. მე რომ საჯარო პოლიტიკაში ვიყო, რაღაც მომენტში, ვერც კი გავიაზრებ, ისე მოახდენენ ჩემს გამოყენებას. ამჟამად, მართალია, აშშ-ის მოქალაქე ვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. მეორე საკითხია, მოქალაქეობა მეკუთვნის თუ არა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სხვა ქვეყნის საგარეო და საიდუმლო სამსახურში მუშაობდა, არ შეიძლება, საქართველოში პოლიტიკური ლიდერი იყოს!
- ბატონო ირაკლი, რა ამის პასუხია და, ამას წინათ, “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ფუნა ესროლეთ, მერე, “ნაციონალების” ოფისში შეიჭერით. ამით რისი მიღწევა გინდოდათ?
- “ნაციონალების” ოფისში მე და გიორგი გაბედავა სრულიად მშვიდობიანად შევედით და უწყინარად ვკითხულობდით ქართულ ლიტერატურას. გამოვიდნენ ადამიანები და ხელით შეგვეხნენ. “ნაციონალების” ოფისში მისვლას კონკრეტული მიზანი ჰქონდა - რამდენიმე კვირის წინ, “თანასწორობის ინსტიტუტმა“ წერილობით მოითხოვა, თუ რას საქმიანობდა სააკაშვილი 1989-90 წლებში, თუმცა პარტიისგან პასუხი ვერ მივიღეთ. “ნაციონალების” ოფისში სწორედ ამიტომ მივედით და პროტესტი გამოვთქვით... სხვათა შორის, ინიციატივით მივმართავთ პარლამენტს, რომ ყველა იმ პირს, რომელიც უცხო ქვეყნის უშიშროების სამსახურში მუშაობდა, საქართველოს საჯარო პოლიტიკაში ყოფნა აეკრძალოს.
რაც შეეხება “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წინ პროტესტის გამოხატვას, პირდაპირ გეტყვით: ბევრ “პოლიტიკურ მეძავს” ვიცნობ, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე, ჟურნალისტებს. როცა დამნაშავეა შენი მხარე და ხედავ, რომ ხალხი აღელვებულია, ამ დროს არ უნდა გამოხვიდე და ადამიანს ჭკუის სწავლება არ უნდა დაუწყო. ამიტომ დავუპირისპირდი ეკა კვესიტაძესა და დავით პაიჭაძეს.
- მართალია, არჩევნების ჩატარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი საარჩევნო პროგნოზი?
- ვფიქრობ, მეორე ტური საჭირო არ იქნება... ბაქრაძეს მოგების იმედი არ აქვს, უბრალოდ, მას და მის გუნდს უნდათ, რომ პოლიტიკურ სარბიელზე დარჩნენ და 20% მაინც აიღონ... ივანიშვილს კი უნდა, რომ მისმა სიმპათია მარგველაშვილმა არჩევნებში 60% მაინც აიღოს. ასე რომ, პროცენტები წინდაწინ ცნობილია. ამით მარგველაშვილი მეორე ტურს აიცილებს... სოციოლოგიური კვლევებით, ბაქრაძე მეორე ადგილზე გაიყვანეს. აი, ასეთი უმსგავსოება ახლავს დაწყევლილ კოჰაბიტაციას!
- მარგველაშვილი გვპირდება, რომ კოჰაბიტაციას 27 ოქტომბერს წერტილი დაესმება...
- მოსახლეობას ვხვდები და ვიცი, თუ როგორ აღიზიანებს კოჰაბიტაცია, რომლის შედეგსაც მალე ვნახავთ - მალე ციხიდან „გაპრავებული“ ბაჩო ახალაია გამოვა, რაც ხალხის უკმაყოფილებას გამოიწვევს და ეს უკმაყოფილება, შესაძლოა, დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ეს რომ თავიდან ავიცილოთ, “ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს და დამნაშავე პოლიტიკურ ძალად გამოცხადდეს!