“ქართული სიტყვა” აგრძელებს ინტერვიუს ტელეკომპანია “იმედის” ყოფილ ჟურნალისტთან, ჟანა დიდებაშვილთან, რომელიც ამჯერად ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის, ლევან სამხარაულის მკვლელობის დეტალებს იხსენებს.
- ჟანა, 2005 წლის 3 თებერვალს, როცა პრემიერი ზურაბ ჟვანია და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე რაულ უსუპოვი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალნენ, “იმედის” ჟურნალისტი იყავი... რაული თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალადან იყო... ხომ ვერ გაიხსენებ, რა ხდებოდა ამ ამბის გავრცელების შემდეგ ყარაჯალაში - რას ამბობდნენ რაულის ნათესავები და მეგობრები?
- რაულის ყარაჯალაში ჩამოსვენებას მთელი სოფელი ელოდა... როცა მოასვენეს, ოთახში მხოლოდ მამაკაცები შევიდნენ და გვამი დაათვალიერეს. სხვათა შორის, მაშინ თქვეს, რაულმა ნარდის თამაში არ იცოდაო. არადა, ოთახში, სადაც თითქოს ჟვანია და უსუფოვი გარდაიცვალნენ, ნარდი იყო გაშლილი... ახლობლები ყურადღებას იმაზეც ამახვილებდნენ, რომ რაულს მხოლოდ ერთი ფეხსაცმელი ეცვა...
ჟვანიას გარდაცვალებისა თუ მკვლელობის ღამეს, ჩემი წყაროს ცნობით, საქართველოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა, წარმოშობით ყვარლელმა ლევან სამხარაულმა ყვარელში, ქიმიის მასწავლებელთან დარეკა და მხუთავი გაზის ქიმიური შემადგენლობის ფორმულა სთხოვა, რაც დილით გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა.
აი, ამ ამბებიდან სამი თვის შემდეგ, 2005 წლის 22 მაისს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ეკლესიის გახსნაზე ვიყავი მიწვეული, როცა შევიტყე, რომ ყვარლის ცენტრში მკვლელობა მოხდა. ბუნებრივია, მაშინვე შემთხვევის ადგილისკენ გავეშურე, თან “ქრონიკის” პროდიუსერ ჯონი კალანდაძეს დავუკავშირდი და ვუთხარი, მკვლელობა მოხდა და მასალის გადასაღებლად მივდივარ-მეთქი. იმ მომენტში არ ვიცოდი, ვინ იყო მკვლელი ან მოკლული...
ადგილზე მისულმა გავარკვიე, რომ მოკლული იყო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსი ლევან სამხარაული, რომელიც თანაკლასელს, დავით მჭედლიშვილს მოუკლავს, ლევანს 7 გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა...
მე და ჩემი ოპერატორი მორგში წავედით, სადაც დავით მჭედლიშვილი იყო გადასვენებული. ვერავინ შეგვნიშნა... ეს კადრები “იმედის” არქივში, ალბათ, იქნება - დავით მჭედლიშვილის გვამს ორი გამჭოლი ჭრილობა ჰქონდა: ერთი თავის და მეორე გულმკერდის არეში. გულმკერდის არეში ჭრილობა ორლულიანი თოფით იყო მიყენებული... რადგან გამჭოლი იყო, თავში ტყვია არ აღმოჩნდა, შესაბამისად, უცნობი დარჩა, თუ რა იარაღით იყო თავში ნასროლი. ამ ფაქტმა მაშინვე გამოიწვია ეჭვი, ანუ შესაძლებელია თუ არა, თვითმკვლელმა განზრახვის სისრულეში მოყვანისას ორი გასროლა განახორციელოს?P
ეს შეკითხვა ექსპერტს, გურამ კანტროშვილს დავუსვი, რომელიც დაიბნა, თუმცა მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო...
ეს ამბავი მალევე დაუკავშირეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას და გაჩნდა ვერსია, რომ ლევან სამხარაულმა იმაზე მეტი იცოდა, ვიდრე უნდა სცოდნოდა. სხვათა შორის, სამხარაულის მკვლელობა საეჭვოდ დაემთხვა ამერიკელების მიერ ექსპერტიზის ჩატარებას. გავრცელებული ვერსიით, სამხარაულმა გასცა ცნობა, რომ ბინაში ჟვანიასა და უსუფოვის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ამ დასკვნას შეეწირა კიდეც. ისიც ვიცი, რომ ლევან სამხარაულს ეუბნებოდნენ, უარი ეთქვა იმ ბინაში ამერიკელებთან ერთად ექსპერიმენტის ჩატარებაზე, მაგრამ მაინც ჩაატარა და დადგინდა, რომ CO-მ არ გადააჭარბა სიცოცხლისთვის დასაშვებ ნორმას.
- ჟანა, შენი ინფორმაციით, დავით მჭედლიშვილსა და ლევან სამხარაულს დაპირისპირება ჰქონდათ?
- მათ კლასის ხელმძღვანელს ვკითხე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან ლევანს და დავითს, ანუ დავითს ჰქონდა თუ არა საფუძველი, რომ ბავშვობის წყენის გამო ლევანი მოეკლა, რაზეც მიპასუხა, ბავშობაში მათ შორის წყენა არსებობდა, მაგრამ ისეთი არა, რომ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებოდნენო... ლევან სამხარაულის მკვლელს, ალბათ, თავი მოაკვლევინეს და მერე “კონტროლკა” დაუმატეს... ჟვანიას სიკვდილის რეალური მიზეზის მცოდნე, ალბათ, ბევრია, მაგრამ მათი გაჩუმება, ჩემი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენდა. გამონაკლისი არც ლევან სამხარაული იყო...
- ჟანა, რა გაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მჭედლიშვილს თავი არ მოუკლავს და „კანტროლკა“ “დაუმატეს”?
- მჭედლიშვილი სამხარაულს მოსაკლავად რომ დაედევნა, “ტე-ტე”-ს ტიპის იარაღი ჰქონდა, მერე კი, სასიკვდილო ჭრილობა ორლულიანით გადაჭრილი თოფით მიიყენა, რაც ცოტა ალოგიკურია. ემოციებით დატვირთულ ადამიანს იარაღის შესაცვლელად ეცალა? სხვათა შორის, როგორც ვთქვი, ვერ დადგინდა, თავში რა იარაღიდან იყო ნასროლი...
ვთვლი, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გახსნის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სამხარაულისა და მჭედლიშვილის მკვლელობის გახსნაშია. თუ გამოძიება მჭედლიშვილის მკველელობის საქმით დაიწყო, პასუხი ბევრ შეკითხვას გაეცემა.
- ჟანა, მორგში შენს მიერ გადაღებული კადრები, ალბათ, “იმედის” არქივშია, არა?
- არ ვიცი... 2007 წლის 7 ნოემბერს რომ დაარბიეს, ითქვა, ბევრი კადრი განადგურდაო...