ჟვანიას მკვლელობის ღამეს სააკაშვილი ავარიაში მოყვა?!

ჟვანიას მკვლელობის ღამეს სააკაშვილი ავარიაში მოყვა?!

პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება დღემდე ბუნდოვანი და გაურკვეველია. “ოცნების” პროკურატურა ამტკიცებს, რომ გამოძიების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება... ჟვანიას გარდაცვალებაზე საუბარს ,,უცნაურად გააქტიურებულს” უწოდებს ყოფილი პარლამენტარი და პრემიერის მეგობარი ხათუნა ხოფერია:

- ახალი ხელისუფლების პირობებში, პროკურატურამ შვიდი წლის წინ თაროზე შემოდებული დაკონსერვებული საქმის გამოძიება განაახლა. ბოლო დროს კი, ეს თემა, მართლაც, უცნაურად გააქტიურდა. როგორც ამბობენ, არის ბევრი ფაქტობრივი მასალა, მოწმეები, რაც საშუალებას იძლევა, გამოძიება სწორად წარიმართოს... გამოძიებისთვის დროა საჭირო, რომ ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით ობიექტური და ამომწურავი დასკვნა დადოს. დღევანდელი ხელისუფლება ზურაბ ჟვანიას მკვლელობას ან გახსნის, ან ჩავთვალოთ, რომ ეს ბურუსით მოცული საქმე არასოდეს გაიხსნება.

- ვის ინტერესებში შედის ჟვანიას გარდაცვალების საქმით მანიპულირება? ამ თემის წამოწევა სააკაშვილს აწყობს?

- დიახ, ინიციატივა სააკაშვილისა და მისი ბანდიდან მოდის. ეგზგუმაციის საკითხიც მათ დააყენეს. ჩემი აზრით, მთავარი ოჯახია, რომლის ინტერესებშიც, შუა გამოძიების დროს, პროკურატურაზე გარკვეული ზეწოლა არ შედის. სააკაშვილი ცდილობს, ზურას პოლიტიკურ მკვლელობას სხვა სარჩული დაუდოს. ამიტომ გააკეთა ორაზროვანი და ბინძური კომენტარი, რითიც საზოგადოების ყურადღების მისაქცევად გარკვეული თემები წამოსწია. მე, ხათუნა ხოფერია, ვაფრთხილებ სააკაშვილს: ჭკვიანად იყოს! ისედაც გადაიყოლებს ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული აღსასრული და გარკვეულ ეტაპზე სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევს!

-ფიქრობთ, რომ სააკაშვილს ეშინია?

- რა თქმა უნდა, სწორედ ამ შიშის გამოვლინებაა, როცა ,,ნაცმოძრაობა” ცდილობს, პოლიტიკური თემები არჩევნებს მიაბას.

- ჟვანიას გარდაცვალებიდან 8 წელი გავიდა. ეს დრო საკმარისი არ იყო, რომ სააკაშვილს მტკიცებულებები გაექრო ან გაეყალბებინა?

- ყველა მონაცემი, პრაქტიკულად, გაყალბებულია, “ეფ-ბი-აი”-ს დასკვნა, რომელშიც წერია, არ შეიძლება, მოწამლული იყოსო, ასე თარგმნეს, შეიძლება, მოწამლული იყოსო, მაგრამ არსებობს დასკვნის ორიგინალი, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის უცნობია. ის ადამიანებიც არიან, ვინც ზურას გაკვეთას ესწრებოდნენ. როგორც უნდა მალონ, გამოძიების სწორად წარმართვის სურვილის შემთხვევაში, სიმართლე მაინც ამოტივტივდება. როგორც იტყვიან, შუბი ხალთაში არ დაიმალება...

- საერთოდ, პოლიტიკური მკვლელობები არ იხსნება ხოლმე და ამას მსოფლიო მაგალითებიც მოწმობს...

- ალბათ, კენედის მკვლელობას გულისხმობთ, რომელთან დაკავშირებითაც გარკვეული შეკითხვები დღესაც არსებობს, მაგრამ ეს იქაური სპეცსამსახურების პრობლემაა. საქართველოში, ბოლო პერიოდის გამოკითხვებით, მოსახლეობის მხოლოდ ექვსი პროცენტი არ ფიქრობს, რომ ჟვანიას გარდაცვალება მკვლელობა არაა, დანარჩენი 94 პროცენტი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი მოკლეს. მოსახლეობის უმრავლესობის დაპირისპირებამ რომელი ქვეყნის პრეზიდენტს მოუტანა სიკეთე? წლების განმავლობაში, სააკაშვილი საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ცდილობდა, ხან რაღაც ვერსიას შემოაგდებდა, ხან ავანტიურაზე მიდიოდა და ხანაც თავის საქმეს ცოცხებით აკეთებდა. გულდასაწყვეტია: მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ მიხვდა, რომ ასეთი მეთოდებით საზოგადოებრივ აზრს ვერ წარმართავს, ყველაფერი ბუმერანგივით დაუბრუნდება და ჟვანიას სიკვდილიც მის თავზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია.

- სააკაშვილმა ჟვანიას გარდაცვალებაზე ბოლოს გაკეთებულ კომენტარში პრემიერის პირად ცხოვრებაზე მიანიშნა, არა? M

- ეს მისი მორიგი ავანტიურა იყო იმ მიზნით, რომ ვიღაც დაეშინებინა, მაგრამ საზოგადოებამ ეს აისხლიტა.

- გოგლა ჟვანიაც გააქტიურებულია...

- გოგლა არ გააქტიურებულა, როცა შეკითხვა დაუსვეს, პასუხი გასცა! მეც მზად ვარ, დავიცვა სიმართლე და დავეხმარო გამოძიებას. იმ საბედისწერო ღამეს, ზურას უახლოესი მეგობარი გია ბარამიძე შემთხვევის ადგილზე მიდიოდა, როცა სააკაშვილმა დაურეკა და უთხრა, ავარიაში მოვყევი და სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდეო. ისევ და ისევ ვსვამ შეკითხვას: სააკაშვილს ასეთი რა შეემთხვა? რატომ არ მიუშვეს გია შემთხვევის ადგილზე დროულად? რატომ გახდა საჭირო მისი ჩამოშორება პირველადი დასკვნების გაკეთების მომენტში?   

- მთავარი პროკურორის ცნობით, დაკითხულია მოწმე ნათელა მოდებაძე, რომელმაც შემთხვევით დაინახა, თუ როგორ შეჰქონდათ საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ბინაში რაღაც ტვირთი...

- ამ ქალბატონს მადლობას ვეუბნები სიმართლისთვის. მისი ჩვენება გამოძიებას ძალიან წაადგება.

- ამბობენ, რომ ზურა ჟვანია საკვების მიმართ მგრძნობიარე იყო...

- ზურა პიკანტური მჭამელი გახლდათ, თან იმხანად ე.წ. გიორგაძის დიეტაზე იყო. მარხულობდა კიდეც... შეეძლო, ცდუნებას არ აჰყოლოდა. იმ დღესაც დედასთან შეიარა, თურმე, რომელსაც მისი საყვარელი კერძი ჰქონდა მომზადებული. ქალბატონი რიმასთვის უთქვამს, რაღა მაინცდამაინც ახლა მოამზადე, როცა დიეტაზე ვარო, მაგრამ პირი მაინც არ დაუკარებია. გარდა ამისა, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო: ასეთი ჩვევა ჰქონდა - ერთ ღერს მოწევდა თუ არა, ოთახს მაშინვე ანიავებდა, ანუ ფანჯარა თითქმის სულ ღია ჰქონდა. მცივანა ვარ და მასთან ზამთრის პერიოდში ყოფნა ჩემთვის ტანჯვა იყო... ვერ გაჩერდებოდა უჰაერო სივრცეში. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ზურა ხუთი-ექვსი საათი სიგარეტით გაბუღულ ოთახში იჯდა და ფანჯარა დაკეტილი ჰქონდა, არასწორად მიმაჩნია.

- ალკოჰოლთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდა?

- კონიაკი უყვარდა, შეეძლო, ორი ბოთლი დაელია, მაგრამ ვერც მეტყველებაზე, ვერც სიარულზე შეატყობდით, რომ ნასვამი იყო. ისე კი, გამხიარულდებოდა, ხუმრობას იწყებდა. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ იაფფასიანი არაყი დაელია და ძეხვი დაეყოლებინა.

სააკაშვილის მთავრობამ თავის თავს ვერდიქტი ჯერ კიდევ მაშინ გამოუტანა, როცა ზურა შინაც არ იყო მისვენებული და ვანო მერაბიშვილის პირით მთელ საქართველოს ამცნო, პრემიერ-მინისტრი გაზით გაიგუდაო.

- გამოძიების დასკვნა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე როგორ იმოქმედებს?

- რა, მსოფლიოში პოლიტიკური ფიგურების მკვლელობები უკვირთ? საერთოდ, ნაკლებად მაინტერესებს, რას ამბობენ ,,ნაციონალები”. 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ისინი ქართული პოლიტიკიდან დინოზავრებივით გადაშენდებიან! ცხრა წლის განმავლობაში მოახერხეს და გახრწნეს, ჩაკლეს, გააუპატიურეს, შეურაცხყვეს ქართველი ხალხი. ,,ქართულ ოცნებას” დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ,,ნაციონალები” კიდევ ბედავენ ხმის ამოღებას და ამის მიზეზი ისაა, რომ ,,ქართული ოცნების” ნაწილს ბიზნესი აქვთ აგებული ,,ნაციონალებთან” ურთიერთობაზე - კოალიციაში მძლავრობენ პიროვნებები, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის ღვაწლი ე.წ. კოჰაბიტაციით გათხვარეს. ,,შეშფოთებული ევროპის” გარკვეულმა ნაწილმა, რომელსაც სააკაშვილი და მისი ხროვა ძალიან დიდხანს ფულს უხდიდა, ყველაფერი გააკეთა, რომ უსამართლობა სააშკარაოზე არ გამოსულიყო, მაგრამ გარწმუნებთ, ,,ნაციონალების” მმართველობის ცხრაწლიანი ისტორია ყველასთვის ცნობილი გახდება. მხილება კი, ერისთვის იმაზე დიდი ღირსებაა, ვიდრე უკანალში ცოცხი გქონდეს და იმალებოდე!

- ესე იგი, დარწმუნებული ხართ, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სიმართლე გაირკვევა, არა?

- აუცილებლად! ეს ერის ღირსების საქმეა. ზურა ჩვენი დროის ერთ-ერთი დიდი პოლიტიკოსი იყო!.. ზურასთან საქმე მაკავშირებდა. სიგიჟემდე მიყვარდა... საოცარი ადამიანური თვისებები - ინტელექტი, იუმორი ჰქონდა... ისეთი კომპლიმენტის თქმა არავინ იცოდა, როგორც - ზურამ. ზურა ძალიან მაკლია...