"რასაკვირველია, ეს არჩევნები წინ გადადგმული ჩვენი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. ვფიქრობ, ასეთი სიმშვიდე გამოწვეულია ჩვენთვის უცხო მოვლენის მიერ, რასაც ჰქვია რიგითი მოქალაქეების სურვილი - გახდეს საქართველოს პრეზიდენტი ანუ ჩვენ არ გვყავს ქარიზმატული ლიდერი ასარჩევი, არ გვყავს მესია, არ გვყავს ღვთის მანანით მოფანტული პიროვნება, რომელიც ყველას მაგივრად თავად იტვირთებდა ჩვენი ყველა პრობლემის მოგვარებას და მივიღებდით იმას, რაც მივიღეთ წინა სამი პრეზიდენტისგან. გავიხსენოთ, რომ 90%-ის პროცენტის ფარგლებში მისცა ამომრჩეველმა ხმა ჩვენს პირველ პრეზიდენტს. ამ შემთხვევაში კახელები იტყოდნენ - გამაადგა, რო?", - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცისკარიშვილი: ლევან ვასაძეს შესთავაზეს პრემიერ-მინისტრობა, მაგრამ მან უარი განაცხადა.
"გამოცდილება ასე გვკარნახობს და დავრწმუნდით, რომ 90%-იანი შედეგები არანაირი გარანტი არ არის დემოკრატიული განვითარებისა ჩვენს ქვეყანაში. დღეს დიდია ასეთი მოლოდინი და მართალი გითხრათ, არ არის ის ნეგატიური მუხტი, რომელიც მუდმოვად არსებობდა ამ ქარიზმატული ლიდერების არჩევის წინა პერიოდში, რადგან ვერანაირ კრიტიკულ სიტყვას ასეთი ლიდერის მიმართ ვერ ეგუებოდა ჩვენი მოსახლეობა. ახლადარჩეულ პრეზიდენტს ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ექნება ქვეყნის წინაშე, ვიდრე იმ ქარიზმატულ ლიდერებს, რომლებსაც ემოციურ ფონზე ვირცევით. რასაკვირველია, სირთულეებიც მეტი ექნება, მაგრამ ვნახოთ, შეიცვლება თუ არა არჩევნების შედეგად ის რეჟიმი, რომელშიც ვიმყოფებით უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ამომრჩეველთა 80%-ზე მეტს, ვინც აპირებს მისვლას საარჩევნო ყუთთან, მეტ-ნაკლებად უკვე გამოხატული აქვს საკუთარი ხედვა კანდიდატებთან მიმართებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
"განვლილი წლის მანძილზე მკაფიო ორხელისუფლებიანობა, ცხადია, ხელს არ უწყობდა ქვეყნის განვითარებას და აფერხებდა ბევრ ისეთ პროგრესულ ნაბიჯს, რომლის გადადგმაც სურდა და შეეძლო ახალ ხელისუფლებას, მაგრამ ის აღმოჩნდა თავის მართლების რეჟიმში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ გაცილებით ხშირად, ვიდრე წარმოედგინა. ერთადერთი საკითხი, რომელზეც ერთხმად შეთანხმდა ახალი პარლამენტი ეს გახლავთ საერთაშორისო ურთიერთობათა სტრატეგიის ვექტორი - ეს გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანია მონაპოვარია განვლილი წლისა, რომ აღარავის დარჩეს ილუზია რაიმე ევრაზიულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. ასევე უდიდესი დამსახურება იყო, რომ პარლამენტმა ერთი ხელის მოსმით ჩამოიშორა სამარცხვინო წოდება "ევროპის ჩემპიონისა" - ვგულისხმობ ასი ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ორხელისუფლებიანობის დასრულების შემთხვევაში საზოგადოებას მეტი უფლება ექნება, უფრო მკაცრად მოითხოვოს სამართლიანობის `სადიდებელი~ ნაბიჯების გადადგმა", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ივანიშვილი პრემიერობის საკუთარ კანდიდატს, რომელიც წინასწარ არ ვიცი, ვინ იქნება, უქმნის შესაფერის გარემოს და ჩვენ ვიცით ორი შესაძლო კანდიდატი, რომელიც არ იქნება დასახელებული. ესენი გახლავან ბატონები კვირიკაშვილი და ბაჩიაშვილი. ასევე გამიკვირდება თუ ღარიბაშვილის მსგავს ერთგულ და წარმატებულ ადამიანს ასე მარტივად "მოიპოვებს" მის შესაცვლელად, რადგან ღარიბაშვილს გასაკეთებელი მართლაც ბევრი აქვს და სანდოობის მოპოვება ამ დარგის მინისტრისთვის, რაც ასე მოკლე ხანში მოახერხა ბატონმა ღარიბაშვილმა, ადვილად გადასამისამართებელი არ იქნება ჩვენს ცნობიერებაში. მით უმეტეს, კარგად გვახსოვს მთელი ოპოზიციური სპექტრის მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ შს სამინისტრომ ხელი უნდა აიღოს მონსტრის ფუნქციაზე და უსაფრთხოების საკითხები და წესრიგის საკითხები უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან ინსტიტუციონალურად. ამის შესანიშნავი პროგრამა წარმოჩნდა ჯერ კიდევ 3 წლის წინ. მისი ავტორი დღეს ბატონი ღარიბაშვილის მოადგილეა და იმედი მაქვს, საკუთარ ნაშრომს წარმატებულად გადააქცევს თეორიულიდან პრაქტიკულ ნაბიჯებამდე", - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.
"რატომღაც მიმაჩნია, რომ, ბატონ პრემიერსაც ასე უნდა ერჩივნოს. რა გითხრათ, ბროგნოზირება ბატონი ივანიშვილის ქმედებისა უმადური საქმეა - მთელმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ მოახერხა მისი მისწრაფებების პროგნოზირება და კარგ დღეშიც ჩავარდა. ამიტომ ვაცალოთ ორი დღე ჩვენს მოსახლეობას და დარწმუნებული ვარ, როცა დასახელდება ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, ჩვენი უმრავლესობა იტყვის - "ხომ გეუბნებოდი". ასეთი იქნება განწყობა, თუ დასახელებულ კანდიდატს გააჩნია გარკვეული გამოცდილება და არა მხოლოდ გასული ერთი წლის განმავლობაში", - დასძენს ექსპერტი და შეკითხვას - "რას ფიქრობთ ლევან ვასაძის კანდიდატურაზე? მისი გვარიც სახელდება. ამბობენ, რომ ის მარგველაშვილის ახლო მეგობარია და კარგი დუეტი იქნება" - პასუხობს:
"თქვენ მიერ დასახელებული ორი ადამიანი იმდენად ახლობელია ერთმანეთისთვის, რომ შეუძლიათ მთების გადატრიალებაც და შეუძლიათ ისე დასცხონ ერთმანეთს, რომ გასაშველებელი გახდნენ. ახლობლობა ამას უშვებს... რამდენადაც მე ვიცი, - კარგად ვიცნობ ბატონ ვასაძეს, მრავალი წელი ერთად გაგვიტარებია მის ოჯახთან და მასთან ერთად რაც საშუალებას მაძლევს ვიფიქრო, რომ ეს ასე არ იქნება. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ეს ასე არ უნდა ბატონ ვასაძეს... თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას არ მიუღია შეთავაზება ამ თანამდებობისა და არ ყოფილა ეს საკითხი განხილული"