ვინ და რატომ ებრძვის ირაკლი ალასანიას

ვინ და რატომ ებრძვის ირაკლი ალასანიას

საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ყველაზე გამოკვეთილი დასავლური ღირებულებებით გამოირჩევა, განაცხადა, რომ ქართულ ჯარს ვიღაც საბოტაჟს უწყობს. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ სამხედროები საკვებით მოიწამლნენ.

საერთოდ, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საბოტაჟი ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ერთობ ხშირად გამოიყენება და ეს გასაკვირიც არაა, რამეთუ “ნაციონალები” ძალაუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან და ყველაფერზე მიდიან, რათა “ოცნების” ხელისუფლების იმიჯი გააცამტვერონ.

ერთი სიტყვით, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, მაგრამ ჯარი სენსიტიური თემაა. შესაბამისად, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მოწყობილი საბოტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯთან ასოცირდება.

ამ კონტექსტში შეგვიძლია, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოც განვიხილოთ. სხვათა შორის, შსს-მ “ჯიჰადის ვიდეოების საქმე” გახსნილად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც თავდაცვის მინისტრმა ერთ-ერთი სატელევიზო გამოსვლისას განაცხადა, მიკვირს, გამოძიება ამდენ ხანს რატომ გრძელდებაო. შესაბამისად, “ანტიოცნებელებმა” ტკვარცალი დაიწყეს, აი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შორის ფარული უთანხმოება არსებობსო...

საერთოდ, თუკი “ოცნების” ერთწლიან მოღვაწეობას თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ამ ხნის განმავლობაში არაკეთილმოსურნეებმა იერიში ყველაზე ხშირად სწორედ თავდაცვის მინისტრზე მიიტანეს.

ვინ და რატომ ებრძვის ირაკლი ალასანიას? - ამ შეკითხვაზე არაერთი სავარაუდო პასუხი არსებობს, თუმცა ვიდრე ვერსიებზე გადავალთ, აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ პირველი კომენტარი თავად ალასანიამაც გააკეთა და განაცხადა, ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმა ადრეც მომხდარა, მაგრამ ეს ნაკლებად მაღელვებსო.

მაშ, ასე: ერთ-ერთი ვერსია, თუ რატომ ებრძვიან თავდაცვის მინისტრს, შესაძლოა, ის იყოს, რომ ალასანია, როგორც თავში აღვნიშნეთ, ქართულ პოლიტიკაში ყველაზე პროდასავლური ლიდერია. ამასთან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ალასანია ის პოლიტიკოსია, რომელიც ოკუპანტ რუსეთს ენის მოჩლექვით კი არა, ისე დაელაპარაკება, როგორც თანასწორს და ამას 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, მისი გაერო-ში გამოსვლაც მოწმობს.

მოკლედ, ყველა პირობა არსებობს, ჩავთვალოთ, რომ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ პრორუსული ძალები აქტიურობენ.

სხვათა შორის, ალასანია ის პოლიტიკოსია, რომელმაც თავის დროზე, ანუ კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნის დროს პირდაპირ განაცხადა, თუკი ბურჯანაძე კოალიციაში შემოვა, “ქართულ ოცნებაში” ჩემი და ჩემი პარტიის ადგილი არ იქნებაო.

ისე, სიტყვამ მოიტანა და, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ალასანიამ გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოსტი დატოვა და სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში გადავიდა, ეს, ასე ვთქვათ, მოვლენა ქართულმა პოლიტიკურმა ვერტიკალმა ძალიან განიცადა. “წყობილებიდან” განსაკუთრებით ნინო ბურჯანაძე გამოსულა, რომელსაც უთქვამს, ეს რა გამიკეთა ალასანიამ, ჩემი პოლიტიკური კარიერა სამუდამოდ დაასამარაო.

ერთი სიტყვით, რეზიუმე ასეთია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საქართველოს არჩევანი დასავლური ღირებულებები და ევრო-ატლანტიკური ალიანსია. ამ პოზიციაზე დგას “ოცნების” მთავრობაც. დასავლური ღირებულებების ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დემონსტრირება კი, შეიარაღებული ძალებია, ანუ თუკი ჯარი დალაგებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ნატო-ს სტანდარტებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. ეს შეიძლება, უტრირებული ნათქვამია, მაგრამ ვიღაცას, როგორც ჩანს, ძალიან უნდა, შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ქართულ ჯარში ქაოსია, რომ ჯარისკაცები საკვებით იწამლებიან და ასე შემდეგ. მსგავსი ნეგატიური ინფორმაციების გავრცელება, მით უფრო, ვილნიუსის სამიტის წინ, ცხადია, საბოტაჟის შთაბეჭდილებას ქმნის.

ისე, გამორიცხული არაა, რომ “საბოტაჟნიკები” თავდაცვის სამინისტროშივე იყვნენ - სხვა თუ არაფერი, ეს უწყება “ნაციონალების” ერთ-ერთი დასაყრდენი იყო და ხალხის უკანონო მოსმენა-თვალთვალს, როგორც ახლა ირკვევა, ანხორციელებდა. “თავდაცვაში”, ალბათ, რამდენიმე ათასი ადამიანი მუშაობს, პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, ანუ მას შემდეგ, რაც სამინისტრო ირაკლი ალასანიამ ჩაიბარა, ცხადია, ყველა თანამშრომელი არ გაუთავისუფლებიათ. მაშასადამე, გამორიცხული არაა, რომ ძველმა კადრებმა რაღაც მიზანმიმართულად გააფუჭონ...

“ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა. ეს ნაკლებად მაღელვებს. მთავარი ისაა, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის. დავიწყებ მაისის იმ მოვლენებით, როდესაც დაიწყეს ჩვენი ჯარისა და ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია. რაც შეეხება კონკრეტულად ჯარისკაცების მოწამვლას, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, არის ეჭვი, რომ შეიძლება, საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ არ დავასწრებ მოვლენებს. უახლოეს პერიოდში გამოძიება დასრულდება. გამოძიებული საქმის ნაწილი უკვე გადავაგზავნეთ გენერალურ პროკურატურაში და ნაწილს ჩვენ თვითონ ვიძიებთ”, - აცხადებს ირაკლი ალასანია...

კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც ალასანია შესაძლოა, პრორუსული და სხვა ძალების თავასხმის ობიექტი იყოს: ჯერ ერთი, თავდაცვის მინისტრი საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას არასოდეს შეეგუება, რამეთუ მამამისი, მამია ალასანია სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა - აფხაზებმა ჟიული შარტავასთან ერთად, წამებით მოკლეს!

მეორეც: მიუხედავად იმისა, რომ მამა მოუკლეს, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელობის დროს, ირაკლი ალასანიამ აფხაზებთან დიალოგის გამართვა მოახერხა. სხვათა შორის, კულუარებში ამბობენ, რომ სწორედ ეს გახდა საბაბი, რის გამოც სააკაშვილმა ალასანია აფხაზეთის მთავრობას ჩამოაცილა...