“ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა - განვითარება თუ ბელადების სიყვარული?!”

“ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა - განვითარება თუ ბელადების სიყვარული?!”

“მთავრობა, რომელიც ივანიშვილთან ერთად მოვიდა, კრიზისული უნდა ყოფილიყო და ქვეყანა, ერთიანი სტრატეგიის პირობებში, მდგომარეობიდან გამოეყვანა, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგაც არ არსებობს სტრატეგია და ქვეყანა ცალკეული სამინისტროების ინიციატივების დონეზე იმართება. გასაგებია, რომ “შემდეგ” ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ “შემდეგ” კომუნიზმიც უნდა ყოფილიყო”, - აცხადებს “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე...

 - ბატონო დემურ, ადრე, როცა ახალი ხელისუფლების საქმიანობის შეფასებას გთხოვდით, ამბობდით, რამდენიმე თვე უნდა ვაცალოთ და დასკვნა მერე გავაკეთოთო... დასკვნის გაკეთების დრო არ დადგა?

 

- დღეს საზოგადოება გაცილებით თავისუფალია, ვიდრე წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი მახინჯი რეჟიმის დროს იყო, თუმცა სისტემა ისევ ძველია, ანუ დღეს არავინ დაგიჭერს და არც ქონებას წაგართმევს, მაგრამ სახელმწიფოს განვითარებისთვის ეს საკმარისი არაა. მთავრობას სისტემური კრიზისიდან გამოყვანის ერთიანი სტრატეგია თავიდანვე რომ ჰქონოდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა... მთავრობაში ცუდი ხალხი ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთი წელია, ცალკეული სამინისტროების ინიციატივების დონეზე ფუნქციონირებს და სამთავრობო სტრუქტურები ყველაფერს ერთიანი სტრატეგიის გარეშე, საკუთარი შეხედულებით აკეთებენ. ნორმალური განვითარების გზაზე მდგარი ქვეყანა რომ ვიყოთ, ასეთი მიდგომა გასაგები იქნებოდა, მაგრამ განვითარების ორიენტირები ჯერ გამოკვეთილი არაა და მთავრობას გარკვეული არ აქვს, თუ საით მივდივართ. ამბობენ, ყველაფერი კარგად იქნება, ბიზნესს საშუალებას მივცემთ და ქვეყანა განვითარდებაო. თუ ასეა, მაშინ მთავრობა რა საჭიროა? - რომელიმე ბიზნესმენს ნება მივცეთ და ქვეყანას ააყვავებს. ასეთი რამ მსოფლიომ არ იცის და შეიძლება, მხოლოდ ისეთ ქვეყანაში მოხდეს, როგორიც საქართველოა. საერთოდ, ჩვენთან წარმოდგენებია დეფორმირებული. არადა, საჭიროა ხელისუფლება, ანუ პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც გაცილებით შორს ხედავენ სახელმწიფოს მომავალს, ვიდრე ამას ბიზნესმენი ხედავს. ეს განსაზღვრავს წარმატებას. ბიზნესმენის შეხედულება ძალიან კარგია ბიზნესის სფეროში, მაგრამ აბსოლუტურად უვარგისია სახელმწიფო მმართველობისთვის. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, ბიზნესმენების გარეშე ერთ კანონსაც არ მივიღებთ და ბობოლა ბიზნესმენების ჯგუფს პარლამენტში ლობი ეყოლებაო. გამოდის, სულ დავღუპულვართ. რაღა საჭიროა პარლამენტის თავმჯდომარე? - დავიქირაოთ ბიზნესმენი და მივცეთ ქვეყანა სამართავად!

სახელმწიფო მმართველობაში იმაზე უარის თქმა, რაც კაცობრიობას დაუგროვებია, არ შეიძლება. სახელმწიფოს პოლიტიკური ჯგუფი უნდა მართავდეს, რომელსაც სულ სხვა მენტალური კონსტრუქცია აქვს. ბიზნესმენის ჭკუაზე ნამართი სახელმწიფო ნოლია!

- მაშასადამე, ბიზნესმენ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა გამართლებულად მიგაჩნიათ?

- დიახ!

- ბატონო დემურ, რა ამის პასუხია და, მთავრობა ე.წ. დაგროვებითი პენსიის ინიციატივით გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 150-ლარიანი შემოსავლის მქონე ადამიანებს სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადს უკან დაუბრუნებს...

- მინისტრს ძალიან ყურადღებით მოვუსმინე... როცა ასეთ რამეს ამბობ, დალაგებულად ხომ უნდა თქვა? მგონი, წარმოდგენილი არ აქვთ, რას ამბობენ.

- მაინც, რა არის დაგროვებითი პენსია?

- ვერაფერი გავიგე... თუ საშემოსავლოს ვიხდი, ამ გადასახადის ნაწილი, ალბათ, დაგროვების ფონდში წავა, მაგრამ ვერ გავიგე, რა წავა, როგორ წავა, ვინ მოუვლის ამ ფონდს, რა ასაკიდან დაუბრუნდება ადამიანს დაგროვილი თანხა, ან მინიმალური პენსია დარჩება თუ არა. მოკლედ, ათასნაირი შეკითხვა ჩნდება...

- განვითარებულ ქვეყნებში დაგროვებითი პენსიის პრაქტიკა არსებობს...

- ჩვენთან საპენსიო უზრუნველყოფის სიმცირე პრობლემა არაა და არც იმის საშიშროება არსებობს, რომ თუ პენსია გაიზრდება, ამით ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ადამიანი ვერ საქმდება და ფულადი სახსრები ხელმიუწვდომელია, რადგან მახინჯი საბანკო სისტემა და, ასევე, მახინჯი საკანონმდებლო ბაზა გვაქვს, რასაც ხელს არც ახალი მთავრობა ჰკიდებს.

- რატომ? ესეც კოჰაბიტაციის ბრალია?

- კოჰაბიტაცია ის უბედურებაა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ საკუთარ თავს რეცეპტივით გამოუწერა და ამის გამო უამრავი მხარდამჭერი დაკარგა. კოჰაბიტაცია საჭირო არ იყო, რადგან არსებობს ცუდი, მაგრამ მაინც კონსტიტუცია და კანონი. თუ “ნაცმოძრაობას” სასამართლოს გზით, მტკიცებულებების საფუძველზე, პოლიტიკური საქმიანობა არ აეკრძალებოდა, საქმიანობას ისედაც გააგრძელებდა... შენ ხელისუფლებაში დანგრეულ ქვეყანაში მოხვედი და იმის მაგივრად, რომ ეკონომიკას მიხედო, ამბობ, ჩემი მთავარი ამოცანა “ნაცმოძრაობის” გადარჩენაოო. გეკითხებით, ეს ნორმალურია? შენი მიზანი ეს კი არა, პოლიტიკური სისტემის აგება უნდა იყოს. როცა მცდარ გზას ირჩევ, შედეგიც მცდარია... ის, რაც მთავრობამ გააკეთა, ეფექტურია თუ არა, ამას 2014 წელს დავინახავთ. ისე, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ყველაფერი წერია.

- მაინც, რა წერია?

 - წერია, რომ ბევრი სიკეთე არ გველოდება, რადგან ამ უსაშველოდ გასაცოდავებული ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტი ხუთი პროცენტით მოიმატებს, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბიუჯეტში ვერ ვნახე სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ეკონომიკას სტიმულს მისცემენ. საბიუჯეტო სტრატეგიაში ცვლილება არაა... პოეტი არ ვარ, ემოციურად რომ ვისაუბრო. პრაქტიკული განათლების კაცი ვარ და ასეთ შეკითხვას ვსვამ: თუ შენ ასეთი ბიუჯეტი წარმოადგინე, ესე იგი, მომავალ წელს არაფერი იქნება? მესმის, რომ შემდეგ იქნება, თუმცა “შემდეგ” კომუნიზმიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. ახლაც არ გამოვა ეს “შემდეგ” იმიტომ,  რომ ამისთვის საფუძველი დღესვე უნდა იყოს. მთავრობა ისეთ ცვლილებებს, რომელიც ხალხს საშუალებას მისცემს, რომ იშრომოს, ჯერჯერობით ვერ დადებს. თუ ხალხი არ იშრომებს, ბიძინა ივანიშვილმა რა უნდა გააკეთოს?

- ანუ, მთავრობა არაეფექტურია?

- მთავრობა სრულიად ნორმალურია, მაგრამ ერთიანი სტრატეგიის გარეშე მოქმედებს...

- მთავრობამ ერთიანი სტრატეგია რატომ ვერ შეიმუშავა? ამის მიზეზი იქნებ ისაა, რომ კოალიციურია?

- თავისთავად, ამანაც იმოქმედა... მთავრობა ივანიშვილთან დაახლოებული პირების შეხედულებების მიხედვით არ უნდა ყოფილიყო ფორმირებული. თუ პრემიერი გვეტყვის, რომ მთავრობა პირადად დააკომპლექტა, არ დავუჯერებ. ეს უნდა ყოფილიყო კრიზისული მთავრობა, რომელიც ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანდა.

- ერთ კვირაში ახალი პოლიტიკური რეალობა გვექნება - ახალი პრეზიდენტი და, ასევე, ახალი პრემიერი გვეყოლება. ეს რას შეცვლის, ბატონო დემურ?

- ეს ცუდი სულაც არ იქნება. ისეთი პერიოდი მოდის, როცა გამოკვეთილი ლიდერი არ გვეყოლება და იქნებ, ნელ-ნელა ევროპული გზისკენ წავიდეთ.  ადამიანები ისწავლიან, რომ გვერდით მდგარ გონიერ ადამიანებს მოუსმინონ და არჩვენებზე თავიანთი ბედი ბელადებსა და მარჩენალებს კი არა, მათ ანდონ, ვინც საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ბოლოს და ბოლოს, რა გვინდა - განვითარება თუ ბელადების სიყვარული?!