საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ კნუდ ბარტელსს შეხვდა. მხარეებს შორის დიალოგი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შედგა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გენერალ ბარტელსს საქართველოს შეირაღებული ძალების განვითარების პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ალიანსთან საქართველოს არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. საუბარი შეეხო ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიას.
მხარეებმა პოსტ-ISAF-ის პერიოდში, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისთვის საწვრთნელი მისიისა და დახმარების საკითხებიც განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელმა 2014 წლიდან ავღანეთის ახალ მისიაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთის მუდმივ წარმომადგენელებთან ნატოში მარჯან დე კვაშენეტსა და ჟან-ბაპტისტ მათეისთანაც გამართა ორმხრივი შეხვედრები. ირაკლი ალასანიამ უცხოელ დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერპექტივებზე ისაუბრეს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძირითადად სამხედრო განათლების სფეროს მოიცავს. დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა ნიდერლანდების სამეფოსთანაც. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ირაკლი ალასანიამ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე ევროპული ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი თემა იყო, ასევე ლონდონისა და ვილნიუსის სამიტები და საქართველოს შესაძლო მონაწილეობა ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით მიმდინარე მისიებში.