"დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში იძულებით მონაწილეობს"

"ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალების" შედეგი იქნება ნულოვანი. ბაქრაძეს გამარჯვების შანსები არ აქვს და თვითონ ბაქრაძეს არც უნდა, მოვალეობას იხდის. ბაქრაძე იმდენადაა ჩაფლული სიბინძურეში, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თვითონ, იძულებულია იბრძოლოს. მისი დანაშაული ის არის, რომ ემსახურა სააკაშვილის სადისტურ რეჟიმს, ემსახურა როგორც მონა, გატეხა პარლამენტარის ფიცი და ქვეყნის ინტერესებს უღალატა", - აცხადებს პარლამენტის ყოფილი წევრე პეტრე მამრაძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პეტრე მამრაძე: "დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებში იძულებით მონაწილეობს".

"ღალატი გამოიხატა დანაშაულების მიჩქმალვაში. როდესაც უცხოელებიც კი წერდნენ აქ არსებულ მდგომარეობაზე, ბაქრაძე სრულიად ყურადღების გარეშე ტოვებდა ევროპული ავტორიტეტული ორგანიზაციების წარმომადგენელთა დასკვნებს. მაგალითად, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი წერდა ანგარიშებს, სადა სიმართლე ეწერა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ციხეებში პატიმრების წამებაზე, სასამართლოებში არსებულ ვითარებაზე. იგივეს აკეთებდა გაეროს სპეციალური წარმომადგენელი მარია პიანო... ჰამარბერგი წერდა, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი მზადაა, დაიბრალოს ნებისმიერი აბსურდული ბრალდება, ყველა მზადაა, მმართველ დაჯგუფებას ჩააბაროს მთელი ქონება და ბიზნესი, ოღონდ უკანონო პატიმრობასა და ციხებში წამებას გადაურჩეს. რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს? რეაგირება უნდა მოეხდინა? აღარაფერს ვამბობ ოპოზიციის მიერ მიწოდებულ მასალებზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

"მთლად კურიოზს გეტყვით, ომბუდსმენი ბოკერიას კაცი რომ იყო და სრულიად გამოშიგნულ ანგარიშებს წარმოუდგენდა პარლამენტს, იქაც კი ტოვებდნენ გარკვეულ შენიშვნებს, ძირითადად ციხეებში არსებულ ვითარებაზე, რადგან დასავლეთის დასანახავად რაღაც ხომ უნდა გაეკეთებინათ და სახალხო დამცველის ანგარიშს ცნობად იღებდნენ. ჩვენ ვითხოვდით, პარლამენტს დადგენილება მიეღო - ამას მოითხოვს კანონი და რეგლამენტი. უნდა მიღებულიყო დადგენილება, რომ სამინისტროებს დავალებოდათ ყველა ფაქტის შესწავლა და რეაგირება. ნაცვლად ამისა, ბაქრაძე თავისი ირონიული, ცინიკური ღიმილით იტყოდა - ცნობად მივიღოთო. ეს დანაშაული არ არის?", - განაგრძობს რესპონდენტი.

"აგვისტოს ომის დროს არ გაქცეულა კი არა, მეტი არ ქნა? 10 აგვისტოს, კვირა დღეს, როდესაც სააკაშვილი რთულ მდგომარეობაში იყო და ბუნკერში ჩამალული, გარეთ ცხვირს ვერ ყოფდა და უწმინდესის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა (რეზიდენციაში რაღაც აქვთ მიწის ქვეშ, ბუნკერებიც არის და იქ გახლდათ შემძვრალი), ამაოდ ველოდით პარლამენტის წევრები. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გაირკვა, რომ არ მოდის, არ შეუძლია იქიდან ცხვირის გამოყოფა. მაშინ სააკაშვილის დავალებით წაიკითხა ბაქრაძემ სააკაშვილის მოწოდება, გამოდით ყველა, თქვენთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საშუალებით გაუწიეთ წინააღმდეგობა შემოსულ მტერსო! თავად უკვე გაეცალა მტერს - იმ მომენტში არც ერთ უბანზე ჩვენი ძალები მტერს არავითარ წინააღმდეგობას აღარ უწევდა... იყო ცალკეული გმირობის არაერთი ეპიზოდი, ჯარის ნაწილმა ცხინვალში გმირულად იბრძოლა, თუმცა 9 აგვისტოს ყველაფერი დასრულებული იყო. ახლახან დაიბეჭდა ყურაშვილის, ვახტანგიშვილისა და სხვა თვითმხილველების ინტერვიუები. შეგიძლიათ ნახოთ ყარყარაშვილი წიგნი, სადაც წუთებით არის გაწერილი ყველაფერი. და ამ დროს სააკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებდა, ჯარისთვის წინააღმდეგობა გაეწია. ძალიან გთხოვთ, შეაფასოთ ამ ბინძური პროვოკაციის სიბინძურის დონე. წარმოიდგინეთ, თუნდაც ერთი ან ორი რომ ადამიანი აჰყოლოდა ამ მოწოდებას", - დასძენს პეტრე მამრაძე.