ვინ ღალატობს

ვინ ღალატობს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს?!

"სენაკში წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობა ნეგატიურადაა არჩევნების მიმართ განწყობილი. სენაკის გამგებელმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ საბოტაჟზე, რასაც ადგილი აქვს სენაკის გამგეობაში. გამგეობაში მისულ დაზარალებულ მოსახლეობას ეუბნებიან, რა რაოდენობის თანხაა გამოყოფილი მათზე, რისი უფლებაც არა აქვთ, რადგან ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ დამტკიცებული, როგორ გადანაწილდება თანხები. თუმცა ვნახეთ სიები და კატასტროფული მდგომარეობაა - ათი ათასობით ლარია გაწერილი ისეთ მოქალაქეებზე, წყალდიდობა საერთოდ რომ არ შეხებიათ! ისინი, ვინც ამ საკითხზე მუშაობდნენ პარლამენტარ გურამ მისაბიშვილის ხალხია", - აცხადებს სენაკის საკრებულოს წევრი ინგა ქარდავა გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ ღალატობს "ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს?!

"წმინდა წყლის "ქართული ვარიანტია" - მოდაში შემოვიდა რაღაც ფირმების შექმნა და რეგიონებისთვის გადარიცხულ თანხებში წილში ჩაჯდომა. სწორედ ასეთი ფირმა ჰქონიათ შექმნილი "ნაციონალ" მისაბიშვილსა და მის ძმაკაცებს (ერთ-ერთი ძმაკაცი სენაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე ზურაბ ტყებუჩავაა), სახელწოდებით "გეომეფი". დღეს დასავლეთ საქართველოში ზარალს ისევ ის კომისია ითვლის, რომელმაც 2008 წლის დაბომბვის შედეგად მიყენებული ზარალი შეაფასა. ძალიან დიდი თანხები იყოფა შუაზე. გურამ მისაბიშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ დატოვა, "ქართულ ოცნებას" ჩაეხუტა და მალე დაწინაურდა კიდეც. მისაბიშვილის ჩახუტებით "ოცნებამ" რეიტინგი დაკარგა. რაში სჭირდება მოღალატე მისაბიშვილი? გამგებელი, რომელიც მისაბიშვილის "შნირია", "ოცნების" გამოგზავნილია თბილისიდან. სენაკში არაფერი არ შეცვლილა, "ნაციონალი" მისაბიშვილი თამადობს მარგველაშვილის სუფრებზე. რისთვის "გვაბრძოლეს", ამისთვის?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ინგა ქარდავა.

"მე პირველი ზონის ხელმძღვანელი ვიყავი ოქტომბრის არჩევნებში, მასში შემავალ ყველა საარჩევნო უბანზე მოვუგე მისაბიშვილს. ის უბნები არსად წასულა, ადგილზეა. ეს სამარცხვინოა, "ოცნებამ" მომხრეები დაკარგა. მისაბიშვილს ხალხში გამოსვლის უფლებას ნამდვილად არ მივცემ, ის შვილის გატაცებით მემუქრებოდა, მასთან კოაბიტაციას ნამდვილად არ ვაპირებ. თუ უნდა "ოცნებამ" შუშის სასახლეში ყველაზე კომფორტულ ოტახში დაიცვას. ბიძინა ივანიშვილი რომ შეხვდა "ნაციონალ" დეპუტატებს, ეგეც გვერდით ედგა. მისაბიშვილის ძმაკაცის, ჯიშკარიანის სახლის წინ არის დიდი საწყობი, სადაც ოქტომბრის არჩევნებამდე იკვებებოდნენ "ნაცმოძრაობის" ზონდერები. დღეს ეს ადამიანი გვევლინება "ქართული ოცნების" კოორდინატორად. მეტსაც ვიტყვი - ეს კაცი იყო ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც ამ ბანკის თანამშრომლებს ფანჯრიდან გახედვის უფლებასაც არ აძლევდა, როცა ბიძინა ივანიშვილი ჩამოვიდა. ბატონმა ბიძინამ თავის სასახლეში მიიღო ავაზაკთა ხროვა, აქედან პირველი არის მისაბიშვილი", - განაგრძობს სენაკის საკრებულოს წევრი.

"ჩვენ ყმები არ ვართ, ვერ დაგვაჩმორებენ, ყველაფერს ვიტყვით. ვინც "ქართული ოცნებისთვის" იბრძოდა არჩევნებამდე, იმ ხალხმა თვით სიცოცხლე დადო სასწორზე. ახლა 70 პროცენტს რომ ითხოვს ივანიშვილი, ხომ უნდა იკითხოს, რა ხდება რეალურად? თუ მარგველაშვილი ვერ მიიღებს ამდენ ხმას, რას იზამს, უკან დაიხევს? საარჩევნო უბნებზე არც ერთი თავმჯდომარე არ არის კოალიციიდან, 43 საარჩევნო უბანი გვაქვს, იცით, ეს რას ნიშნავს?", - ამბობს ინგა ქარდავა.

"სენაკში ჩამოსული იყო პიანისტი ელისო ბოლქვაძე, კონცერტი ჩაატარა და მისაბიშვილი ვერ მოვიდა, რადგან მე ვიყავი იქ, სანამ ცოცხალი ვარ, სადაც საზოგადოებივი თავყრილობა იქნება, მისაბიშვილს გამოჩენის საშუალებას არ მივცემ. თუმცა რესტორნებში ძალიან კარგად იქეიფა და ითამადა. მე რომ მცოდნოდა, რომ მისაბიშვილი თამადა იყო, აუცილებლად მივიდოდი და მარგველაშვილს ვეტყოდი, ამ ავაზაკის ადგილი აქ არ არის-მეთქი. ეს თაღლითი მემუქრებოდა არჩევნებამდე: აგაფეთქებ, გაგანადგურებ, გაგასახლებ, შვილს მოგტაცებ, ამის გიზამ, იმას გიზამო! ამ ჯიშკარიანს გამგებლობა მოუნდა, მაგისი ხალხი ღამე დადიოდა საკრებულოს წევრებთან და ემუქრებოდნენ - ვინც ჩვენს წინააღმდეგ წახვალთ, ყველანი დაისჯებითო - აი, ეს ავაზაკები მართავენ დღეს სენაკს!" - აცხადებს ქარდავა და შეკითხვას "ახლა რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, არჩევნების მხრივ ვერარაფერს შეცვლით", - პასუხობს:

"მე არ დამვიწყებია და არ გამნელებია რასაც მისაბიშვილი 9 წელიწადი აკეთებდა სამეგრელოში. კოაბიტაცია ძვირად დაუჯდება ზოგიერთს, მისაბიშვილის ჩახუტება კარგს არავის არ მოუტანს. "აბეზალოვკა" მაქვს აღებული "ოცნების" წინაშეო" - უთქვამს. ახლა გიგზავნით ფოტოს, სადაც ხედავთ სენაკის გამგეობის აპარატის უფროსს ქალბატონ დალი შონიას, რომელიც 9 წელი "ნაცმოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი იყო, გივიკო მისაბიშვილი, გურამ მისაბიშვილი შვილი - სენაკის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსია, თენგო ლომია ყოფილი "ნაცი" ახლახან დაინიშნა სენაკის გამგებლის პირველ მოადგილედ, გოჩა დგებუაძე, სენაკის ახალი გამგებელი, "ნაცებს" ჩაეხუტა... ამას წინათ გურამ მისაბიშვილის ბიუროში დაიბარეს სენაკის თემების რწმუნებულები. შეხვედრას ესწრებოდნენ სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე და "ქართული ოცნების" სამეგრელოს კურატორი ხვიჩა ჯიშკარიანი. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ "ოცნებისთვის" ხმების მოგროვებას. ამასაც მოვესწარით, რომ "ნაციონალები" ითხოვენ ხმებს "ოცნებისთვის!" ეს თაღლითობაა, მეტი არაფერი. ქამელეონი მისაბიშვილი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი კეთილდღეობა გადაარჩინოს. სწორედ მისაბიშვილისნაირები უტეხავენ "ოცნებას" სახელს.. მშვიდობაში მოიხმარეთ მოსაბიშვილი, მაგრამ თუ "ოცნებას" იმის იმედი აქვს, სამეგრელოში არჩევნების არმცოდნე ხვიჩა ჯიშკარიანი მოიგებს, ეს ზღაპარია... მისაბიშვილის სიძეს ბურჯანაძის პარტიაში აქვს ფეხი ჩადგმული. ყველგან ესენი ცდილობენ ფესვის გადგმას, ყველგან ეს მოღალატეები არიან, ხალხი კი შოკშია!