27 ოქტომბრის არჩევნებს წინასაარჩევნო პროცესისგან განმასხვავებელი ნიშანიც აქვს და მსგავსებაც. პირველ რიგში, მთავარი განსხვავება ის არის, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და არაექსტრემალურ გარემოში მიმდინარეობს, მინიმუმამდეა დაყვანილი ეჭვები იმის შესახებ, გაყალბდება თუ არა არჩევნები, ადმინისტრაციული რესურსი კამპანიაში ფაქტობრივად, არ მონაწილეობს და ა.შ. მოკლედ, ამ კუთხით, ერთი ნაბიჯი ევროპისკენ გადავდგით (თუმცა საარჩევნო სიების საკითხი კვლავ პრობლემატურად რჩება).
რაც შეეხება მსგავსებას - ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ისე არ ჩატარებულა, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ ყოფილიყო. ასეა 2013 წელსაც - გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო) ფავორიტია. ივანიშვილმა და მარგველაშვილმა ცოტა დისონანსი კი შეიტანეს მშვიდ წინასაარჩევნო კამპანიაში - თუ მეორე ტური საჭირო იქნება, მონაწილეობას არ მივიღებთო, თუმცა იქვე დასძინეს: მეორე ტურის ალბათობა ძალიან მცირეაო. ასეა თუ ისე, იქნება თუ არა მეორე ტური, ფავორიტი მაინც მარგველაშვილია და ძნელი წარმოსადგენია (ამას ქართველი ექსპერტებიც ვარაუდობენ), რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი წყალს გაატანოს და "გაიბუტოს".
ალბათ, ამ არჩევნებში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს - ასეთი შანსები აქვს როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს, ისე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს. მეორე ადგილი ამ შემთხვევაში ერთგვარი პოლიტიკური რეანომობილის როლს ასრულებს.
პირველ რიგში, მეორე ადგილი განსაზღვრავს ვაშინგტონისა თუ ევროპის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისადმი. მაგალითად, თუ დავით ბაქრაძემ მეორე ადგილი არ დაიკავა, ამას შესაძლოა, "ნაციონალებისთვის" და პირადად პარტიის ლიდერ სააკაშვილისთვის კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. კერძოდ, ექსპერტების თქმით, ვაშინგტონსა და ევროპაში დაეჭვდებიან - დღესდღეობით რამდენად სერიოზული ძალაა "ნაციონალური მოძრაობა". ეს, სავარაუდოდ, აისახება პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. დასავლეთში სააკაშვილი და "ნაციონალები" აქტუალურები აღარ იქნებიან, "მიავიწყდებათ", ინტერესს აღარ გამოიჩენენ. შესაბამისად, დასავლეთში არც ის საკითხი იქნება აქტუალური - არიან თუ არა სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრები.
მეორე ადგილის დაკავების შემდეგ კი პირიქით - "ნაციონალებს" შეუძლიათ ამტკიცონ (პირველ რიგში, უმტკიცონ დასავლეთს), რომ რჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვს.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს - მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, სწორედ ის დაფიქსირდება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ექსპერტების თქმით, მეორე ადგილზე ბურჯანაძის გასვლისას, ვაშინგტონი და ევროპა მას, როგორც მთავარ ოპოზიციონერს, ანგარიშს გაუწევენ აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით. შესაბამისად, ბურჯანაძეს ექნება კარგი სასტარტო პოზიცია, რომ დაარწმუნოს დასავლეთი თავის სანდო პარტნიორობაში (როგორც ეს იყო მისი პარლამენტის თავმჯდომარეობისას).
მეორე ადგილის დაკავება-არდაკავება არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ კუთხით, თუ როგორ განაგრძობენ შიდაპოლიტიკურ საქმიანობას ზემოხსენებული პარტიები. ამან შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
"ნაციონალებმა" 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მარცხის შემდეგ მოახერხეს და შეინარჩუნეს პარტიული სტრუქტურა. არავისთვის არის საიდუმლო, რომ აქტივისტთა დიდ ნაწილს ამ პარტიის ლიდერები ინარჩუნებენ დაპირებებით - ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო. თუ ბაქრაძემ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, სავარაუდოდ, "ნაციონალური" პარტიული სტრუქტურაც გადარჩება. წინ ადგილობრივი თვითმმართველო
ბის არჩევნებია, 2016 წელს კი საპარლამენტო - შესაბამისად, "ნაციონალებს" და პირადად სააკაშვილს შეუძლიათ (თავიანთი პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით) მომავალი პოლიტიკური საქმიანობის დიდი ნაწილი ააწყონ დევიზზე - "ჩვენ დავბრუნდებით".
"ნაციონალების" კანდიდატის მესამე ადგილზე გასვლა კი ამ პარტიისთვის შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ეს მათი აქტივისტების იმედგაცრუებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, პარტიის დაცარიელება გამოიწვიოს. ერთი პარტიიდან მეორეში მასობრივად გადასვლა ქართული პოლიტიკისთვის არახალია. დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული, გვინახავს ერთ დროს ძლევამოსილი პარტიები, რომლებიც კრახის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში ცარიელდებოდნენ და ქრებოდნენ პოლიტიკური სცენიდან.
თუ ბაქრაძე მეორე ადგილზე არ გავიდა, რიგით აქტივისტებს კი არა, შესაძლოა, პარტიულ სახეებსაც სერიოზული ეჭვი გაუჩნდეთ - უღირთ თუ არა უპერსპექტივო პარტიაში დარჩენა. მაქსიმუმ ისინი პოლიტიკიდან წავლენ (ზოგიერთი მათგანი საზღვარგარეთაც), მინიმუმ კი გადაჯგუფდებიან და ახალ პოლიტორგანიზაციას დააარსებენ. ყველაზე დიდ დარტყმას კი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს. ის რჩება პარტიის ლიდერად და შესაბამისად, აქტიურად აპირებს 27 ოქტომბრის შემდეგ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას. პარტიული სტრუქტურების ნგრევის და თანაგუნდელების დაკარგვის შემდეგ კი ის შესაძლოა, "შევარდნაძე 2"-ად გადაიქცეს. იქნება სასურველი რესპონდენტი ჟურნალისტებისთვის და მეტი არაფერი.
გარდა ამისა, "ნაციონალებს" სხვა გასაჭირიც ადგათ - სულ უფრო ხშირად გამოითქმის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტში ძალთა ბალანსი არ ასახავს რეალობას. თუ ბაქრაძემ მეორე ადგილი არ დაიკავა, ეს "მოსაზრება" შესაძლოა, ზვავის პრინციპით აგორდეს, გაიდგას ფესვები და მართლაც დავდგეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაშე. ექსპერტთა ვარაუდით, ეს ამ პარტიის დასასრულის დასაწყისი იქნება.
ნინო ბურჯანაძის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქითაა - თუ მან მეორე ადგილი დაიკავა, დარწმუნებული იყავით: ის ზემოხსენებული არგუმენტით მწვავედ დასვამს რიგგარეშე არჩევნების საკითხს და ხელისუფლების წარმომადგენლებს მასთან ოპონირება გაუჭირდებათ. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მანდატების მსხვილი "კონის" მოპოვება კი ბურჯანაძისთვის პოლიტიკური რეანიმაციის ტოლფასი იქნება.
თუმცა ბურჯანაძე გარკვეულ რეანიმაციას მაშინაც მოახდენს, თუ მეორე ადგილი დაიკავა და მთავარ ოპოზიციონერად დაფიქსირდა. შესაძლოა, მას სხვა შანსი აღარც ჰქონდეს. ამ ფონზე, ამ სიტუაციაში, რადიკალური მეთოდებით "სამართლიანობის აღდგენისა" და სააკაშვილისა და მერაბიშვილის ციხეში გამწესების პირობები ელექტორატის ერთ ნაწილზე კარგად მუშაობს. თუ მეორე ადგილი არ დაიკავა, ექნება კი შანსი ბურჯანაძეს, რომ მსგავსი ნიშა მოძებნოს?! ხომ არ შეუერთდება ის იმ ქართველი პოლიტიკოსების მასას, რომლებიც ერთ დროს რეიტინგულები იყვნენ, მაგრამ დღეს ჟურნალისტებს ხანდახან ახსენდებათ ხოლმე?! ალბათ, ეს კითხვა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერს საკუთარი თავისთვისაც დაუსვამს.
ასე რომ, 27 ოქტომბერს მეორე ადგილი "ნაციონალური მოძრაობისა" და ბურჯანაძისთვის შესაძლოა, ის ვერცხლი აღმოჩნდეს, რომელიც ოქროზე მეტია. საქმე ისე კი არ დგას, ვინ რომელ პროცენტებს აიღებს, არამედ ასე - ვინ გადარჩება.
ფავორიტი - გიორგი მარგველაშვილი
43 წლის პრეზიდენტობის კანდიდატს დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში; 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში, კერძოდ, ქალაქ პრაღაში გავლილი აქვს დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში; მან ბიძინა ივანიშვილის მთავრობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი დაიკავა, 2013 წლის 11 მაისს კი კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.
1991 წლის 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნები
არჩევნებში მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო, ცხადი იყო, რომ ზვიად გამსახურდია მათგან უალტერნატივო გახლდათ. ამომრჩევლის ხმა ასე განაწილდა:
1. ზვიად გამსახურდია 2 565 362 ხმა; 2. ვალერიან ადვაძე 240 243 ხმა
3. ჯემალ მიქელაძე 51 717 ხმა; 4. ნოდარ ნათაძე 36 266 ხმა; 5. ირაკლი შენგელაია 26 886 ხმა; 6. თამაზ კვაჭანტირაძე 8 553 ხმა
1995 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები
არჩევნებში მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო, ამომრჩევლის მხარდაჭერა ასე განაწილდა: 1. ედუარდ შევარდნაძე 1 589 909 ხმა; 2. ჯუმბერ პატიაშვილი 414 303 ხმა; 3. აკაკი ბაქრაძე 3 350 ხმა; 4. პანტელეიმონ გიორგაძე 10 697 ხმა; 5. ქართლოს ღარიბაშვილი 10 023 ხმა; 6. როინ ლიპარტელიანი 7 948 ხმა
2000 წლის 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები
არჩევნებში მონაწილეობა ექვსმა კანდიდატმა მიიღო, რომელთაგან გამარჯვება კვლვაც ედუარდ შევადნაძემ მოიპოვა. 1. ედუარდ შევარდნაძე 1 870 311 ხმა; 2. ჯუმბერ პატიაშვილი 390 486 ხმა; 3. ქართლოს ღარიბაშვილი 7 863 ხმა
4. ავთანდილ ჯოგლაძე 5 942 ხმა; 5. ვაჟა ჟღენტი 3 363 ხმა; 6. თენგიზ ასანიძე 2 793 ხმა.
2004 წლის 4 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები
არჩევნებში მონაწილეობა კვლავაც ექვსმა კანდიდატმა მიიღო. ხმები ასე განაწილდა. 1. მიხეილ სააკაშვილი 1 890 256 ხმა; 2. თეიმურაზ შაშიაშვილი 36 398 ხმა; 3. როინ ლიპარტელიანი 5 154 ხმა; 4. ზაზა სიხარულიძე 4 782 ხმა; 5. ქართლოს ღარიბაშვილი 4 192 ხმა; 6. ზურაბ ქელეხსაშვილი 1 901 ხმა.
2008 წლის 5 იანვრის (რიგგარეშე) საპრეზიდენტო არჩევნები:
არჩევნებში შვიდი კანდიდატი მონაწილეობდა. უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ოფიციალური მონაცემებით ხმები ასე განაწილდა: 1. მიხეილ სააკაშვილი 1 059 647 ხმა; 2. ლევან გაჩეჩილაძე 509 111 ხმა; 3. არკადი პატარკაციშვილი 140 801 ხმა; 4. შალვა ნათელაშვილი 128 564 ხმა; 5. დავით გამყრელიძე 79 734 ხმა; 6. გიორგი მაისაშვილი 15 247 ხმა; 7. ირინა სარიშვილი-ჭანტურია 3 242 ხმა.