რაკი დღე ერთია და ინიციატივა მრავალი, გამონაკლისი არც გასული კვირა ყოფილა. ჰოდა, რადგან არ ყოფილა, ჩვენი ქვეყნის პირველმა პირმა „ელექტრონული მთავრობის” იდეა შემოგვთავაზა. თუ გავიხსენებთ, რომ იქ, ზემოთ მყოფმა, აზრით, ქვეყანაში „ელექტრონული დემოკრატია“ უკვე დამყარებულია, ცხადია, რომ ამ საქმის დაგვირგვინებისთვის „ელექტრონული მთავრობა“ ჰაერივით აუცილებელია.
სახელდობრ, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას ბ-ნმა სააკაშვილმა ბრძანა, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სასურველ მინისტრთან დალაპარაკების საშუალება (სამწუხაროდ, მინისტრებს არათუ ყველა მოქალაქე, თვით მედიის წარმომადგენლებიც კი ვერ ელაპარაკებიან, მათი პრესმდივნები კი ძალისხმევას არ აკლებენ, რომ მათ შეფებს სიზმარშიც კი ვერ დაელაპარაკო).
ასეა თუ ისე, პრობლემის გადაჭრის გზა მოიძებნა. მომყავს ციტატა პრეზიდენტის გამოსვლიდან: „ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა; დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი (სამწუხაროდ, ის აღარ დაკონკრეტებულა, რამდენად მოცულობითი, გულში რომ ვერ დაეტევა?!).“ პრეზიდენტი გვარწმუნებს, რომ „ეს არ არის ფანტაზია!“
მეორე მხრივ, ამ ინიციატივის მიზანი მხოლოდ მოსახლეობაზე ზრუნვაც არ არის, ის მომავალი მთავრობების (შეიძლება, ასეც ითქვას: მოქმედის) უღრუბლო მომავალზეცაა გათვლილი. კერძოდ, მართალია, დღეს საქართველოს მთავრობა ფიგაროსავით აქაც არის, იქაც არის (ამ კონკრეტული ადგილის ზუსტი ციტირება ასეთია: „საქართველოს ახლა ჰყავს მთავრობა, რომელიც ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ გადაადგილდება… ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები“), მაგრამ, ადრე თუ გვიან, ისინიც შებერდებიან და (კვლავ ციტატას მოვიხმობ) „შეიძლება, ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია, მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს.“
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადა ჭამაში მოდის, მინისტრი 3D გამოსახულებით, იცოცხლე, მისწრებაა, მაგრამ, ვფიქრობ, არც მინისტრების რეზინის თოჯინების ჩამორიგება გვაწყენდა და თითოეულს სახლიდან გაუსვლელად, საკუთრივ ჩვენ-ჩვენი მინისტრებიც გვეყოლებოდა (გინდა, გულს გადავუშლიდით და გინდა – სუფრას)!