საქართველოს საკუთარ თავში დარწმუნებული, ბედნიერი და უმდიდრესი პრემიერ-მინისტრი თანამდებობის დატოვებისთვის ემზადება", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული ონლაინ გამოცემა BuzzFeed მაქს სიდონის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ექსცენტრიული მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი ორი წლის წინ მოულოდნელად მოვიდა პოლიტიკაში. საპრეზიდენტო არჩევნების წინ კი ყველას ერთი რამ აინტერესებს: რას იზამს მომავალში?
მაქს სიდონი ასევე წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სინანულის გარეშე და ვალდებულების შესრულების მტკიცე რწმენით, მოუთმენლად ელის თანამდებობიდან გადადგომას.
"არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომლის შედეგადაც კავკასიის ამ პატარა რესპუბლიკაში პირველად მოხდა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარება, ივანიშვილი აცხადებს, რომ მან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა და იმაზე უკეთაც, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო", - წერს მაქს სიდონი.
"რამდენი მაგალითი იცით, როცა პოლიტიკოსი აცხადებს – ხელისუფლებაში მოვალ, დავალაგებ ყველაფერს და წავალ? – არც ერთი. ასეთი პოლიტიკოსები არ არსებობენ. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის BuzzFeed-თან გაკეთებულ კომენტარს.
მაქს სიდონი ასევე წერს, რომ 57 წლის მილიარდერმა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა და თანამდებობის დატოვება არჩევნების შემდეგ გადაწყვიტა, რომლის შემდეგაც საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა გახდება.
"დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ არჩევნების პირველ ტურში ივანიშვილის რჩეული კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ეს არჩევნები არ გამოირჩევა ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელი პერსონალიების გაღმერთებითა და დაპირისპირებებით. არჩევნების ორი მთავარი კანდიდატი ივანიშვილისა და მისი მეტოქის, პრეზიდენტ სააკაშვილის დამჯერ მარიონეტებად განიხილებიან", - წერს მაქს სიდონი.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს გარშემო გაჩენილი ერთადაერთი შეკითხვა თავად ივანიშვილს უკავშირდება. მიუხედავად მისი არაერთგზის მტკიცების, რომ საქართველო ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანების ერთგული რჩება, ბევრი შიშობს, რომ რუსეთთან მისი ოლიგარქიული კავშირები ქვეყანას კრემლთან ჩაახუტებს.
"მიუხედავად საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სამართლებრივი ინიციატივების, უცნაური გადაწყვეტილებებისა და სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნის გარშემო შექმნილმა გაურკვევლობამ შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო შესაძლოა, ისევ ავტორიტატულ გზას დაადგეს. ივანიშვილი აცხადებს, რომ მთავრობის გაკონტროლება საჯაროდ, შორიდან სურს, მაგრამ არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს. თუმცა ერთი რამ ცხადია, ივანიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან ორი ათწლეულის განმავლობაში ის საუკეთესო ლიდერი იყო და უნდა, რომ ამაში ხალხიც დაეთანხმოს", - წერს მაქს სიდონი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილის მოსალოდნელი გადადგომა საქართველოს ისტორიაში ახალი თავის დაწყებას გაუღებს კარს. მისივე თქმით, სააკაშვილი, რომელმაც მეორე ჯერზე არჩევნები პირველთან შედარებით ხმების ნაკლები სხვაობით მოიგო, ანტიკორუფციული პოლიტიკისთვის, ლიბერალური რეფორმებისა და რუსეთის გამოწვევის სურვილისთვის დასავლეთში ძალიან უყვარდათ.
"თუმცა, ამომრჩეველმა ის სიღარიბისა და უმუშევრობის ვერდაძლევაში დაადანაშაულა, ასევე მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში და და კრიმინალის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობისთვის, რამაც საქართველოს მსოფლიო რეიტინგში უმაღლესი შეფასებები მოუტანა. სააკაშვილი ამომრჩეველმა რუსეთთან მოკლეხნიანი, მაგრამ მძიმე ომისთვის დაადანაშაულა", - წერს მაქს სიდონი.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ეს აღშფოთება "ქართული ოცნების" ფორმირებით გამოხატა, სააკაშვილისგან მოძულებული ადამიანებისა და მცირე ოპოზიციური პარტიებისგან შექმნილი კოალიციის, რომელშიც მსახიობები, პოეტები და საფეხბურთო ვარსკვლავი იყვნენ.
როგორც მაქს სიდონი წერს, მიუხედავად სააკაშვილის მთავრობის მცდელობისა, ზეწოლა მოეხდინათ ივანიშვილზე და როგორც პრემიერი ამბობს, ლამის სამჯერ ქვეყნიდან გაიქცა კიდეც, "ქართულმა ოცნებამ" შეძლო არჩევნებში გამარჯვება.
"ივანიშვილი სოფელში, საკუთარ სახლში ცხოვრობდა და თითქმის არავინ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა. ლეგენდის თანახმად, ის სტუმრობდა საქართველოს სოფლებს და გლეხებს ეკითხებოდა, რას ფიქრობდნენ მასზე. ის ერთადერთხელ მაშინ დაინახეს გარეთ, როცა სოფლის მაცხოვრებელმა დაინახა, როგორ ჯდებოდა ფარულად თავის ვერტმფრენში. ის 1 მილიარდი დოლარის ღირებულების არტკოლექციის მფლობელია, მაგრამ თავად ამბობს, რომ არ არის დაინტერესებული ამით. ასევე ფლობს კერძო სამხეცეებს, სადაც პინგვინები და ზებრები ჰყავს. ქვეყანაში, რომელიც ხმაურიანი ურთიერთობებითა და სიტყვაუხვი ქეიფითაა განთქმული, ის ადრე იღვიძებს და ადრე იძინებს და იოგას მისდევს. მისი სტუმრები ამბობენ, რომ ის იმ იშვიათ ქართველთა შორისაა, რომლებიც სტუმრებს უცხოურ ღვინოს სთავაზობს, ნაცვლად ქართულ ვენახებში დაწურულისა, რომელსაც საქართველოში ეროვნულ სიამაყედ მიიჩნევენ. მისი თანაშემწეები ამბობენ, რომ მან 600 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე დახარჯა ქველმოქმედებაზე, მათ შორის მისი მშობლიური სოფლის მოდერნიზებაზე და ამ სოფლის მცხოვრებთათვის შემწეობის დარიგებასა და სამედიცინო ხარჯებზე, ასევე რამდენიმე სამთავრობო პროექტის დაფინანასებაზე", - წერს მაქს სიდონი და დასძენს, რომ ივანიშვილს პოლიტიკური მიამიტობა ახასიათებს და ამბობს იმას, რასაც ფიქრობს.
"პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ამის საჭიროებას ვგრძნობდი. ჩემს გარეშე ვერ მოხერხდებოდა სააკაშვილის მმართველობისას შექმნილი სიტუაციის გამოსწორება. მეორე ტურის წინააღმდეგი არ ვარ. მე საკუთარი შეხედულებების ხალხისთვის თავსმოხვევის წინააღმდეგი ვარ. პოლიტიკაში იმიტომ მოვედი, რომ ვფიქრობდი მე შევძლებდი ამის გაკეთებას და სხვები - ვერა. თუ ხალხი მიმითითებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, მაშინ კი ბატონო, არ ვაპირებ გადაგეღობოთ", - ციტირებს BuzzFeed ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღწეულ პროგრესს და წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ ამასწინანდელ გავრცელებულ ანგარიშში მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ძალისხმევას ადამიანთა უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, ამავე ანგარიშში ხაზი გაესვა, რომ დასავლეთი კვლავაც წუხს სააკაშვილის მთავრობის 35 მაღალჩინოსნის წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამო.
სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებს და აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეების აღმართვას.
"ვფიქრობ ის, რასაც კრემლი აკეთებს, თავად რუსეთისთვისაც გამოუსადეგარია, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს ეს ჯერ არა აქვს გააზრებული. გვინდა ვიმედოვნოთ, რომ რუსეთი მომავალში შეიცვლება და უფრო დემოკრატიული გახდება. რაც შეეხება პუტინის კრემლიდან წასვლას, ყველა მიდის, როცა მათი წასვლის დრო დგება", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.
მაქს სიდონი ასევე წერს, რომ ივანიშვილი არ ასახელებს, ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ თბილისში მის შემცვლელად ბევრი ირაკლი ღარიბაშვილს ასახელებს.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ როგორც მასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ის უფრო მეტი დროის გატარებას გეგმავს თავის ცხოველებთან და ეგზოტიკური ხეების კოლექციასთან, ასევე აპირებს თავი მოუყაროს ადამიანთა ბუნების შესახებ ნაფიქრალს, რომელიც 40 წლის განმავლობაში დაუგროვდა და წიგნი დაწეროს.
"მიყვარს ფიქრი და სეირნობა. ფიქრი გასაოცარი რამაა", - ციტირებს ავტორი ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის პოლიტიკაში პასუხისმგებლობამ მოიყვანა.
"პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობამ მომიყვანა. პოლიტიკოსობის სურვილი არ მქონია, რომ მოვსულიყავი და სათავეში ჩავდგომოდი საქმეებს იმიტომ, რომ ეს შემეძლო. თუ ქართველ ხალხს არ ვიცნობ, თუ ვცდები იმაში, რასაც ვაკეთებ, რა აზრი აქვს ჩემს მიერ საზოგადოების დახმარებას ან ვინმესთვის რჩევის მიცემას ან რაიმე ამდაგვარს?", - ციტირებს მაქს სიდონი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.