"თუ რაულ იუსუპოვი არ მივიდოდა, ჟვანიას შვილობილს მოკლავდნენ"

მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცულ საქმეში ახალი დეტალები გამოჩნდა და პროკურატურა ახალ ვერსიაზე მუშაობს. სავარაუდოდ, გამოძიება ახალგამოჩენილი მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა. თუ საქმე გაიხსნა და დადასტურდა ვერსია, რომ ეს მკვლელობა იყო და არა უბედური შემთხვევა, ალბათ, ის საქართველოს ისტორიაში შევა როგორც "საუკუნის მკვლელობა".

გოგლა ჟვანია (დეპუტატი, ზურაბ ჟვანია ძმა):
- დარწმუნებული ვარ, ზურას საქმე 2-3 თვეში გაიხსნება. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემი ძმა მოკლეს. საქმეში არის ახალი გარემოებები, რომლებიც ჩვენთვის უცნობი იყო. რაც შეეხება ექსჰუმაციას, ნებისმიერ პროცედურას, რომელიც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება, მხარს დავუჭერთ.

- სარწმუნოდ გეჩვენებათ მოქალაქე ნათელა მოდებაძის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ დაინახა, ყუთით რაღაც შეიტანეს იმ ბინაში, სადაც პრემიერისა და რაულ იუსუპოვის ცხედრები იპოვეს?
- გვამი რომ ბინაში შემდგომ მიიტანეს, ამას ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით.

- ხათუნა ხოფერიამ ზურას კეფაზე ნანახი ჭრილობა ახსენა. თქვენც დაათვალიერეთ ცხედარი და საეჭვო რამ თუ შეამჩნიეთ?
- ჭრილობა ჩვენც ვნახეთ, რაც იმით ახსნეს, რომ ექსპერტიზისთვის იყო აღებული ნიმუშები. იმედი მაქვს, 2-3 თვეში დასრულდება გამოძიება და ყველაფერს გაიგებთ. მჯერა, აუცილებლად დადგება სააკაშვილის, ადეიშვილისა და მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი.

- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ FBI-ს დასკვნა "გასაგები მიზეზების" გამო არ გამოაქვეყნეს.
- პრეზიდენტის განცხადებაში ახალი არაფერი ყოფილა. ეს იყო ის ვერსია, რომელიც მათ შეთითხნეს და სხვადასხვა საშუალებით ავრცელებდნენ. ამაზე სპეცსამსახურები მუშაობდნენ. მათ ამ ბინძური ვერსიის შეთითხნისთვისაც მოეთხოვებათ პასუხი და კიდევ რაზე მოეთხოვებათ, ეს საქმის დასრულებისთანავე გამოჩნდება. ბინაში არსებულ ნივთებზე კვალი არ არსებობს, რადგან გვამები იქ მიტანილია. ყველაფერი გაფორმებული და დაგეგმილი იყო სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილისა და ბარამიძის მიერ. FBI-ს დასკვნა, რომელიც სააკაშვილმა რატომღაც ახსენა და თავის სასარგებლო არგუმენტაციად უნდოდა მოეყვანა, რეალურად, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ვერ მოახერხეს საქმის ბოლომდე გაყალბება და დახურვა. მათ საქმე უბრალოდ შემოდეს თაროზე იმიტომ, რომ წინააღმდეგობებით იყო სავსე.

იაშარ იუსუპოვი, გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის მამა:
- რაული სცენარის გასაფორმებლად გამოიყენეს. ის თუ არ იქნებოდა, ჟვანიას სხვას მიაკლავდნენ. რაული იმიტომ შეარჩიეს, რომ ჟვანიას დაცვის წევრებთან ახლოს იყო და ადვილად მოტყუვდა. ჩემი ვაჟი ახლობლობდა მიხეილ ძაძამიასთან, რომელიც იმ საბედისწერო ღამეს ახლდა პრემიერს, ასევე, დაცვის უფროს ხარშილაძესთან. მათ რაულს ბევრჯერ დაურეკეს და თუ არ მივიდოდა, მაშინ ზურაბ ჟვანიას შვილობილს (გვარი არ მახსოვს) მიიყვანდნენ და იმას მოკლავდნენ. რაულის შარვალი ტალახიანი იყო, ისეთი დასვრილი ტანსაცმლით ადამიანი ქუჩაში ვერ ივლიდა. ვიცით, რომ დათვალიერებისას ადგილზე აღმოჩნდა რაულის მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი, რომელიც ამერიკაში გაიგზავნა და ერთი კვირის წინ, პროკურატურაში ყუთი რომ გახსნეს, საოცრება ის იყო, რომ აღმოჩნდა ორი ფეხსაცმელი. აქედან ერთი მეორესთან შედარებით მოკლეა, თუმცა ორივეს 42 ზომა აწერია. მეორეც, ერთი ფეხსაცმლის ქუსლი მეტად გაცვეთილია, ძალიანაა დასვრილი, მეორის ძირი კი სუფთაა. გამოდის, რაული ცალი ფეხით დადიოდა?.. როგორც ჩანს, რაულზე ძალადობდნენ, ამიტომაც დაიკარგა მისი ფეხსაცმელი და ამიტომ დაის­ვარა შარვალიც. ერთ რამესაც გეტყვით - რაულის "მერსედესს" წინ ნიშანი ჰქონდა მოწყვეტილი, ალბათ გაწევ-გამოწევაში მოსძვრა.

- ამბობენ, რომ ჟვანიას მობილურში ბოლო ზარი ადეიშვილისგან იყო შესული.
- მარტო ზარი კი არა, ადეიშვილმა გამოიყვანა ზურაბ ჟვანია სახლიდან.

- პროკურატურის მტკიცებით, საქმეში ბევრი ახალი მოწმე გამოჩნდა, ვინ არიან ისინი?
- ჩვენ ამ მოწმეებზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, არც არის საჭირო გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. გამოძიებამ დიდი ხვეწნით დაითანხმა ისინი ჩვენების მიცემაზე, აქამდე უარს ამბობდნენ, ეშინოდათ. ბევრი დეტალი და ფაქტია, რომელიც ადასტურებს, რომ ეს იყო მკვლელობა და არა უბედური შემთხვევა.