მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

მიშას ბოლო პარასკევი, ანუ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!

მიშა ის მიშა აღარ არის – ვარდებით მოსული, ყველაზე ახალგაზრდა ევროპელი ლიდერი მის წარსულსა და ახლანდელ სახეს შორის მსგავსებას ალბათ თავადაც ვეღარ ხედავს.

უკვე ბარგს ალაგებს… საპრეზიდენტო ფუფუნებას და პრივილეგიას ნელ-ნელა ემშვიდობება. დიღმის რეზიდენცია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში მისთვის, როგორც ქვეყნის პირველი პირისთვის, სახელმწიფო ქირაობდა, პირადი ნივთებისგან უკვე დაცალა – ყუთებში საკუთარი ხელით ჩაალაგა მურაბები და კომპოტები და ეს პროცესი მედიას ვიდეოკამერებით გადააღებინა – რატომ ბატონო პრეზიდენტო? – იქნებ იმის ხაზგასასმელად, რომ პოსტს გულდაწყვეტის გარეშე ემშვიდობებით, იქნებ იმის დემონსტრირებისთვის, რომ 9 წლის განმავლობაში თქვენი ოჯახიც "ჩვეულებრივად" ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი ოჯახები, რომლებიც ზამთრისთვის სანოვაგეს ყოველ წელს იმარაგებენ?

ბატონო პრეზიდენტო, წასვლა რომ არ გტკიოდეთ, საპრეზიდენტო რეზიდენციიდან, როგორც თავად ამბობთ, ბებიის მიერ დათმობილ ოროთახიან ბინაში, მედიის მეთვალყურეობის გარეშე გადაბარგდებოდით, ისე როგორც 9 წლის წინ, ოროთახიანი ბინიდან ვიდეოკამერების მეგზურობის გარეშე გადაინაცვლეთ საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

ბატონო პრეზიდენტო! – ჟურნალისტებთან ერთად თქვენ მხოლოდ ახლა დარბიხართ საყვარელი კურდღლის დასაჭერად ჯერ კიდევ თქვენი საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში, თქვენ მხოლოდ ახლა ჩერდებით მედიასთან კითხვებზე საპასუხოდ…

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს ახალ ისტორიაში, თქვენი, როგორც დემოკრატიული მმართველის ზღაპარი არც თუ დადებითი გმირისთვის დამასახიათებელი ფინალით მთავრდება – ვერც კი გივახშმიათ ისე, რომ აქცია არ მოგიწყონ – უკვე მერამდენედ გასულხართ ამა თუ იმ რესტორნის უკანა გასასვლელიდან იმიტომ, რომ მთავარ შესასვლელთან, სადაც აქამდე მხოლოდ კვერცხებს გესროდნენ, უკვე სტაფილო, კომბოსტო და ბოსტნეულის მთელი ასორტიმენტი არ ენანებათ თქვენთვის…

ჩვენ გვახსოვს თქვენი "ბოდიში" და სინანული, რომ სისტემური დანაშაულის შესახებ არ იცოდით, გვახსოვს თქვენი ცრემლებიც, როცა რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრომლემების გამო იტირეთ, მაგრამ საჯარო და ვიდეოკამერების წინ დემონსტრირებული სინანული ყოველთვის არ არის ხოლმე გულწრფელი, ისე როგორც ცრემლებიც შეიძლება იყოს ყალბი. სამაგიეროდ, მე დავიჯერე თქვენი გულწრფელობის გაერო-ს გენერალური ასამბლეის ბოლო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას – ვიამაყე კიდეც, რომ საქართველოს ასეთი პრეზიდენტი ჰყავს, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, როგორც კი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა დაამთავრეთ, ისიც გამახსენდა, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში საქართველომ კიდევ ახალი ტერიტორიები დაკარგა, მაშინ, როცა არაერთხელ დადეთ ქვეყნის გაერთიანების პირობა.

თქვენ შეცვლილი ხართ, ბატონო პრეზიდენტო - არა მხოლოდ გარეგნულად გეტყობათ გაბრაზება, პოლიტიკურ მარცხთან შეუგუებლობა, არამედ ტონზეც – პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ისე როგორც არასდროს, ნამდვილად "ცოფებს ყრით". სამაგიეროდ, ისე როგორც არასდროს, "გესმით" ქართველი ხალხის გასაჭირის და ყველა მოქალაქის თანასწორობის. ყოველდღე ამბობთ კიდეც - საქართველო ყველა ერთად ვართო. დიახ, ბატონო პრეზიდენტო – საქართველო მხოლოდ პრივილეგირებულ მაღალჩინოსანთა ერთი მცირე ჯგუფი არაა, რომელსაც დანარჩენი მოსახლეობა მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ჯერ დააშანტაჟოს და მერე "მოიხმაროს". საქართველო ყველა ერთად ვართ და თქვენ ამას მხოლოდ ახლა მიხვდით…

ალბათ, ბარგის ჩალაგებას აგრძელებთ, ბატონო პრეზიდენტო! - თქვენ ხომ კიდევ ექვს რეზიდენციას უნდა დაემშვიდობოთ? სულ მალე საკუთარ "ნისანსაც" დაუბრუნდებით, რომლის უპირატესობაზე, როგორც ელექტრომობილზე, არაერთხელ გისაუბრიათ…

თქვენ ის მიშა აღარ ხართ, ბატონო პრეზიდენტო! – "მიშა მაგარი" აღარაა და ამას თავისი მიზეზი აქვს - 9 წლის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე თქვენი დრო ამოიწურა, თქვენ ორი პარასკევიც აღარ დაგრჩათ…

ბოლო პარასკევი გაქვთ… თქვენ მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო!