რა გაასაიდუმლოვა

რა გაასაიდუმლოვა "ლაფანყურის კომისიამ"? არეშიძე - "ყველაფერი გაირკვევა, თუ ხელი არ შეგვიშალეს"

"თავიდანვე უნდა ითქვას, რომ კომისიის წევრებმა მოვილაპარაკეთ, მომავალში თუ ჩვენთვის გახდება ცნობილი რამე საინტერესო, გარკვეულ კონფიდენციალობას შევინარჩუნებთ იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. გარდა ამის კომისიის სხდომაზე საუბარი იყო რამდენიმე საკითხზე. კერძოდ: აქვს თუ არა აზრი, რომ კიდევ ვინმე დაემატოს კომისიის მუშაობას, გვჭირდება თუ არა ერთგვარი საექსპერტო ჯგუფი, რომელიც დაგვეხმარება მუშაობაში. ამ ჯგუფში იგულისხმება ამ საქმის სპეციალისტები, მაგალითად დამოუკიდებელი პათოლოგანატომი... გვჭირდება თუ არა სპეციფიკური მიმართულების მცოდნე ადამიანების დახმარება? შევთანხმდით, რომ შესაძლოა კომისიას ამ სტატუსის მქონე ადამიანებიც დაემატონ, რათა გამოყენებული იქნას მათი გამოცდილება. სხდომაზე ითქვა, რომ მარტო საქართველოთი არ შემოვიფარგლებით და შესაძლებელია, სხვაგანაც მოვიკითხოთ საინტერესო ობიექტები", - აცხადებს ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის წევრი, ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა გაასადუმლოვა "ლაფანყურის კომისიამ"?

"საუბარი იყო იმაზეც, შეგვიძლია თუ არა, ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიწვიოთ გასაუბრებაზე. ეს ინდივიდუალურად შესათანხმებელია ყველასთან, თუმცა ეს საკითხიც დავსვით. გადავწყვიტეთ ასევე, რომ მოვიწვევთ იმ ადამიანებს, ვინც გეოგრაფიული მდებარეობის თვალსაზრისით მოხვდნენ ამ ამბავში - ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ადამიანების მშობლების ერთი ნაწილი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე პიროვნება, ვინც ლაფანყურის ტრაგედიას გადაურჩა, იმყოფება სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ ახმად ზაკაევის კომისიამ უკვე ჩაატარა ამ თემაზე მუშაობა - ანუ ის ხალხიც საინტერესოა, ვინც ამ საკითხზე უკვე იმუშავა. მათთან კომუნიკაცია რთული არ არის. მე ამ ადამიანებთან თემის მიღმაც მაკავშირებს ურთიერთობა, ჩეჩნებს ვგულისხმობ. უნდა ითქვას, რომ იმ ადამიანებთანაც მაქვს კავშირი, ვინც საქართველოს ტერიტორიაზე არ იმყოფებიან, არ მონაწილეობდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციაში, მაგრამ ფლობენ გარკვეული ტიპის ინფორმაციას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"კომისიის შემადგენლობიდან დაახლოებით წევრების ნახევარია, ვინც ასე თუ ისე ჩართული იყო ამ პროცესში, დანარჩენები თავისი კვალიფიკაციითა და საზოგადოების მაღალი ნდობით გამოირჩევიან. . ამიტომ გადავწყვიტეთ, ვინც რაღაც ფორმით ვმონაწილეობდით ამ პროცესში, ინფორმაცია შევაჯეროთ და კომისიას მთლიანობაში წარვუდგინოთ. რაც შეეხება იმ პირთა სიას, ვისაც გამოკითხავს კომისია, ამაზე საუბარი იყო, მაგრამ არა პიროვნებებზე, არამედ ადამიანთა კატეგორიებზე. მაგალითად, ჟურნალისტებზე, რომლებიც იყვნენ ამ პროცესის გამშუქებლები. გაჟღერდა ერთ-ერთი ჟურნალისტის გვარი, რომელიც პირველი იყო ადგილზე ლაფანყურის მოვლენების დროს - სახელი და გვარი არ ახსოვდა კომისიის წევრს, უნდა მოვძებნოთ ის ადამიანი და ვთხოვოთ იმ ინფორმაციის მოწოდება, რაც იცის. არიან ჟურნალისტები, ვინცა ჩახედულია საქმეში ბოლომდე, ნაწილი ფრაგმენტულად. ჩვენ ყველა მათგანს უნდა ვთხოვოთ, რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ. ასევე უნდა გამოიკითხონ ადგილობრივები და ძალოვანი უწყების ყოფილი წარმომადგენლები", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გენერალური პროკურორი მართალია, როცა ამბობს, რომ სამართლებრივი ბერკეტი არ გვაქვს, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს მუშაობაში. საქართველოში არ არის საზოგადოებრივი კომისიის პრაქტიკა, რომელიც იმუშავებს დამოუკიდებლად. ამ დრომდე თუ იყო საპარლამენტო კომისიები, ძირითადად ანგაჟირებული იყო. ჩვენი ამოცანაა, დემოკრატიული მონიტორინგის პრაქტიკა დავამკვიდროთ ქვეყანაში, რომ საზოგადოება, ჟურნალისტთა კორპუსი, ექსპერტთა ჯგუფები, ეს არის ხალხი, ვისაც ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს. კომისიის მომავალი სხდომა დაგეგმილია და დღის წესრიგიც გაწერილია, თუმცა კონფიდენციალურია და ვერ ვიტყვი. საქმეში ახალი პირველი პირების გაჩენის ვარიანტს ვერ ვხედავ. მე ვხედავ, რომ შესაძლოა ზოგიერთი ფაქტი სხვანაირად იყოს იყოს დანახული და რეალურად სხვა ვითარება ყოფილიყო. ნიუანსების გამოჩენა საერთო სურათს შეცვლის. არ გამოვრიცხავ, ამოტივტივდეს ახალი უცხო გვარები, მაგრამ ეს პირველი პირები არ იქნებიან, თუმცა შესაძლოა საკვანძო როლიც ჰქონდათ ამ ამბავში", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"არაერთი მომენტია ჩემთვის ბუნდოვანი. რატომ დაიგეგმა მარტის თვეში ეს ამბავი? რატომ შეიცვალა გზაში გეგმა და რა მოხდა 28-ში დილით? რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ამ კითხვებზე პასუხი - რა თქმა უნდა, იქნება. ყველაფერი გაირკვევა, თუ ხელი არ შეგვიშალეს. პარალელურ რეჟიმში გვექნება კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რათა საზოგადოებას გავცეთ კითხვებზე პასუხი, რისი საშუალებაც არის. ხელისშემშლელ ფაქტორებში ვგულისხმობ, რომ ეს შეიძლება იყოს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი და ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბევრი რამ გაჟღერდეს", - დასძენს კომისიის წევრი და შეკითხვას - "ახალ ხელისუფლებას რაში უნდა აწყობდეს ხელის შეშლა?" - პასუხობს:

"იმიტომ, რომ პრესტიჟის საქმეა. ჩვენ ვიძიებთ საქმეს და თქვენ ვინ ხართ? დაახლოებით ეს პრინციპია. მაგრამ ჩვენ ახალ ხელსისუფლებას ვეუბნებით, რომ ვეხმარებით მათ. ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივი ბერკეტები იმისა, რომ გამოვიძიოთ ეს საქმე. მხოლოდ ფაქტები უნდა მოვაგროვოთ. საგამოძიებო ორგანოების გარეშე მაინც ვერაფერს გავაკეთებთ. ამ ორმა მიმართულებამ ერთმანეთი უნდა შეავსოს დ საქმე ბოლომდე მივიდეს, ესაა ამ კომისიის მიზანი. სანამ არ გავარკვევთ სიმართლეს მანამდე ვიმუშავებთ, რამდენი თვეც უნდა დაგვჭირდეს".