25 ოქტომბერს, 5 საათზე ავლაბრის რეზიდენციასთან სააკაშვილის მომხრეები აწყობენ გამოსამშვიდობებელ აქციას სახელწოდებით “ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო!”. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, აქციის ორგანიზატორები აპირებენ მადლიერების გამოხატვას “სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მიღწეული პროგრესისა და წარმატებებისთვის როგორც საშინაო, ისე საგარეო კუთხით, იმ დადებითისთვის, რაც ამ ადამიანის მმართველობამ ქვეყანას მოუტანა”. ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა ამ დროს რეზიდენციასთან სააკაშვილის ოპონენტები ცოცხებითა და სხვა შესაბამისი აქსესუარებით, თუმცა ფაქტია, დამშვიდობების დღე სწრაფად და ულმობლად ახლოვდება და მიხეილ სააკაშვილი, ძალიან დიდი ალბათობით, ბოლო მელოდრამატულ მონოლოგებსა და ჟესტებს ისეთივე მონდომებით გეგმავს, როგორც ნერონი თავის დაუნდობლად უნიჭო დეკლამაციებს; ჩვენ წელთაღრიცხვამდე რომ იტყოდნენ, - ო, რა დიდი არტისტი იღუპება!
ფორმალური თვალსაზრისით, არც არავინ იღუპება და არც დიდი ხნით გვემშვიდობება - სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერად რჩება და, ერთი შეხედვით, პროცესებისგან დისტანცირებას არ აპირებს. თუმცა ეს სულ სხვა ისტორია იქნება, თავისი სასამართლო პროცესებით თუ საზღვარგარეთ გაქცევით, სულ სხვა ჟანრი, სხვა ესთეტიკა და პოეტიკა. ამ “სულ სხვა” ისტორიის ფინალი არც ისე რთული ამოსაცნობია _ “ის ატირდება ვით მეფე ლირი, ლირი ყველასგან მიტოვებული” (თუ სამსახიობო ნიჭი ეყოფა; თუ არ ეყოფა, მისი პრობლემაა, პრინციპში, თავის პროპაგანდისტულ სიუჟეტებში საკმაოდ დამაჯერებლად ტიროდა, ცხონებულ სტანისლავსკის მოეწონებოდა). ამ დღეებში კი, ალბათ, უნდა გავიხსენოთ ფიგურანტის ნამოღვაწარი, ხოლო ყველაზე პრინციპულებს, ამასთანავე, შეუძლიათ, ყოველი შემთხვევისთვის, გადათვალონ ვერცხლის კოვზები ავლაბრის რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მას დატოვებს.
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საუბარი სააკაშვილზე საზოგადოების დიდ ნაწილს, უბრალოდ, არ სურს. ყველაფერი უკვე ნათქვამია, ჩამოთვლილია ყველა ადამიანი, რომელმაც მისი პოლიტიკის გამო სიცოცხლე, ჯანმრთელობა ან ქონება დაკარგა, ყველა სოფელი, რომელსაც ამავე პოლიტიკიდან გამომდინარე საქართველო ვეღარ აკონტროლებს. ათასჯერ დატრიალდა ვიდეოფირები, რომლებიც გორში ცნობილ გაქცევა - გახოხვას თუ ჰალტუხის ღეჭვას ასახავს და, კაცმა რომ თქვას, არც არავის აინტერესებს სააკაშვილის გამაოგნებელი განცხადებების გაფართოებული კოლექცია (შესაბამისი ციტატები მედიაში ბოლო დროს ძალიან იშვიათად გვხვდება). სააკაშვილს ივიწყებენ უფრო სწრაფად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლებოდა. ბევრ ადამიანს (ეს არაერთგზის დადასტურდა კერძო საუბრებში თუ სოციალურ ქსელებში) სურს, უბრალოდ, ამოშალოს მეხსიერებიდან ეს მოუქნელი სილუეტი და მთელი ნეგატივი, რომელიც მას უკავშირდება.
მართალია, არსებობს უმცირესობაც, რომლის წარმომადგენლები საუბრობენ სააკაშვილის მმართველობის წლებში “მიღწეულ პროგრესსა და წარმატებებზე”, მაგრამ, რაოდენ უცნაურად უნდა გაიჟღეროს, მათ ნაკლებად აინტერესებთ სააკაშვილი-პოლიტიკოსი ან სააკაშვილი-ადამიანი, არამედ, უპირველესად, _ სააკაშვილი მითოლოგიური გმირი, რადგან მათ მითოლოგიაში მისი მმართველობის წლები “ოქროს ხანის” ადგილს იკავებს.ზედმეტი კონკრეტიზაცია, კამათი დეტალებზე და დღევანდელი(ანტიმითოლოგიური ანტიგმირი) სააკაშვილი წინააღმდეგობაში შედის მათ მიერ დაწყებული მითოლოგიზაციის პროცესთან და, აქედან გამომდინარე, ისინი, შესაძლოა, რეალურ სააკაშვილს ოპონენტებზე სწრაფად დაივიწყებენ. ამასთანავე, მათ კვაზირელიგიურ სისტემაში ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს “მეორედ მოსვლის” იდეა იკავებს, მაგრამ იმისთვის, რომ ის აქტუალური გახდეს, სააკაშვილი გარკვეული დროით უნდა გაქრეს, მარტივად რომ ვთქვათ, მეორედ მოსვლა დამაჯერებელი წასვლის გარეშე წარმოუდგენელია.
სააკაშვილს კი არ სურს წასვლა და, შესაძლოა, ფიქრობს, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ნებისმიერ ფასად უნდა დარჩეს, რადგან ეს მისი ხელშეუხებლობის (წარმოსახვით) გარანტიებს ამყარებს. მაგრამ მისი ყველაზე კოშმარული განცხადებებიც კი პირველ გვერდებზე, დიდი ხანია, არ ხვდება, “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის” მსგავს პროექტებზე რომ არაფერი ვთქვათ. სააკაშვილი ხსენებული ბიბლიოთეკის აშენებისთვის საზოგადოებას შემოწირულობას სთხოვს და ეს მაშინ, როდესაც ბოლო დროს გამოქვეყნებული დოკუმენტების გაცნობის შემდეგ შეიძლება შეიქმნას მყარი შთაბეჭდილება, რომ მან და მისმა თანამეინახეებმა, ბიბლიოთეკის კი არა, ქალაქ ლაზიკის აშენებისთვის საკმარისი თანხა მოიპარეს. პრობლემა ისაა, რომ ეს სიუჟეტი, რა მედია-ფორმატშიც არ უნდა შეფუთო ის, უკვე პრაქტიკულად აღარავის აინტერესებს. სხვათა შორის, რაც შეეხება ლაზიკას, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის აღარ აშენდება, მაგრამ კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი კვლავინდებურად ამაყად გვამცნობს: “ქალაქ ლაზიკის სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით”.სააკაშვილმა მოახერხა ის, რაც არც ერთ მანიაკ-დიქტატორს, ანასტასიო სომოსა დებალიეს და ჟან-ბედელ ბოკასას ჩათვლით, აზრადაც არ მოსვლია და არარსებული ქალაქი კონსტიტუციაში უკვდავყო. რა ვქნათ ახლა: ეს მუხლი ამოვიღოთ თუ 1 მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგნაირად ჩავასწოროთ: «საქართველოს სახელმწიფოს სახელწოდებაა “საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა”?
სინამდვილეში, ეს ჩანაწერი ძირითად კანონში სააკაშვილის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო სიმბოლოა. ერთის მხრივ, ქალაქი ლაზიკა არ არსებობს, მეორე მხრივ, კონსტიტუცია აპრიორი არ შეიძლება აღწერდეს რაიმე არარსებულსა და არარეალურს. ეს პარადოქსი აქტუალურია ბოლო ათწლეულის ნებისმიერ ეპიზოდთან დაკავშირებით; იმას, რასაც სააკაშვილის მცირერიცხოვანი მომხრეები “პროგრესსა და წარმატებებს” უწოდებენ, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აღიქვამს, როგორც რაღაც რეალურს და მხოლოდ აღვირახსნილი პროპაგანდის ნაყოფად მიიჩნევს. და პირიქით, იმ რეპრესიებს, რომელზე წლების განმავლობაში კიოდნენ უფლებადამცველები, “მიშისტები” რეალობის ნაწილად არ განიხილავენ. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია ათვლის მყარი წერტილის პოვნა და მასზე დაყრდნობით (შეფასებისთვის აუცილებელი) კოორდინატთა სისტემის აგება. ყველაფერი, ერთის შეხდვით, რეალურია და ამავე დროს ვირტუალური, თითქოს სიზმარზე (კოშმარზე) და არა სავსებით რეალური ქვეყნის რეალური ცხოვრების ათ წელიწადზე ვსაუბრობდეთ. 2003-2013 წლების (შესაძლოა, უფრი კორექტულია საუბარი 2003-2012 წლებზე, თუმცა, ალბათ, ინერციაც უნდა გავითვალისწინოთ) ნებისმიერ მოვლენასთან დაკავშირებით, “რა იყო ეს?” ტიპის შეკითხვებს ქვეტექსტში თან სდევს მეორე შიშნარევი კითხვა: “იყო თუ არა ეს საერთოდ?”. სად გადიოდა ამ წლებში ზღვარი რეალურ ცხოვრებასა და ფსიქიატრიული (თუ ნარკოლოგიური? ერთი მეორეს არ გამორიცხავს; პირიქით)ხასიათის ხილვებს შორის? კოორდინატები ნებისმიერ შემთხვევაში დასადგენია, რადგანშვილიშვილები აუცილებლად გვკითხავენ, თუ სად მდებარეობდა ქალაქი ლაზიკა, რომლის შესახებ კონსტიტუციის ძველი რედაქციიდან შეიტყობენ.
ოდნავ უხეშად კი გაიჟღერებს, მაგრამ, შესაძლოა, სააკაშვილი იყო “პოლიტიკოსი-ნარკოტიკი”, ერთის მხრივ, მომაკვდინებელი და მეორე მხრივ, ჰალუცინაციების მომტანი, რომელსაც არაერთი ჩვენი თანამოქალაქე პრობლემებისა და ტკივილის დავიწყებისთვის იყენებს. ცხადია, ნორმალური ადამიანები ნარკომანებივით (ყოველ შემთხვევაში, დიდხანს) ვერ იცხოვრებდნენ.
“ლაზიკის პარადოქსი” საკმაოდ ვრცელი იმპროვიზაციის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ, ალბათ, ორიოდე სიტყვა ბიბლიოთეკაზეც უნდა ვთქვათ. ჯერ ერთი, არავინ იცის, თუ სად გახდება სააკაშვილი მთავარი ბიბლიოთეკარი _ წარმოსახვით “საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში” თუ სავსებით რეალურ ციხის ბიბლიოთეკაში; შანსები ორმოცდაათი ორმოცდაათზეა. ამასთანავე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სააკაშვილი ციხის ბიბლიოთეკაში არ მოხვდება, მისი მუშაობა ერთსა და იმავე ადგილას (ანუ სიტუაცია, როდესაც ყველას ეცოდინება, სად შეიძლება იპოვოს სააკაშვილი)პრაქტიკულად წარმოუდგენელი ჩანს. მისი შეურიგებელი ოპონენტები შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგნენ ან ბანალურად დათვრნენ და იმ ახალაშენებულ ბიბლიოთეკაში საცემრად მიუვარდნენ, ერთხელ, ორჯერ... და ასე შემდეგ, წლების და ათწლეულების განმავლობაში. ვინაიდან ფიგურანტს სახელმწიფოსგან სიცოცხლის ბოლომდე დაცვა ეკუთვნის, რომელიც თავის მოვალეობას ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს, ჩვენ, სავარაუდოდ, ვიხილავთ გაუთავებელ გაწევ-გამოწევას ამ ჰიპოთეტური ბიბლიოთეკის შენობასთან, დაცვის ობიექტის (მელო)დრამატული ევაკუირებით, გარბენებით, ჰალტუხებით და ა. შ. გვჭირდება თუ არა ეს ბიბლიოთეკა, როგორც მუდმივი დებოშის კერა?
სააკაშვილის გამოსვლებიდან, რომლებიც ამ თემას ეძღვნება, კარგად ჩანს, თუ როგორ ებღაუჭება ის სიტყვას “საპრეზიდენტო”; ეს პრობლემა მას 2007 წლის 7 ნოემბრის და თანმდევი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ აქვს, როდესაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარი თქვა, ის პრეზიდენტად ეღიარებინა. ამის შემდეგ სახელისუფლო პროპაგანდამ ამ სიტყვის მომაბეზრებელად ხშირი გამოყენება დაიწყო, ხოლო სააკაშვილი ცდილობდა, ის თითოეულ დეტალზე მიეწებებინა. მაგალითად, დააწესა “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი”, რომელსაც ახლა თავისი ადმინისტრაციის თანამშრომლებს ურიგებს (სხვათა შორის, დაჯილდოების შემდეგ თითოეულმა მათგანმა, ერთდროული ფულადი პრემიის სახით, ბიუჯეტიდან 1000 ლარი უნდა მიიღოს). ჯერჯერობით უცნობია, რა ორდენი გადაეცა სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსს - ანდრო ბარნოვს, მაგრამ იმედია (“არ დაიდარდო”-ს გმირები რომ იტყოდნენ), ის იქნება “ს მეჩამი ი ს ბანტომ”, რადგან (ხმლების რა მოგახსენოთ) ბანტი ანდროს უდავოდ მოუხდება. დებულების თანახმად, “ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი ენიჭება კულტურის, განათლების, მეცნიერების, ხელოვნების, სპორტისა და სხვა დარგის გამოჩენილ მოღვაწეებს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოს წინაშე აღმატებული ღვაწლისთვის”. ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილის ადმინისტრაციის ზოგიერთ თანამშრომელს მართლაც აღმატებული ღვაწლი მიუძღვის (მაგალითად) მრავალტანჯული სამამულო ფსიქიატრიის წინაშე, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამ არის, რამდენი “საპრეზიდენტო ბრანზულეტკა” -ც არ უნდა დაარიგოს ამ დღეებში სააკაშვილმა, ასიათასობით მოქალაქე არასოდეს მოიხსენიებს მას “პრეზიდენტად” და ეს, ალბათ, მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო შედეგია.
საბოლოო ჯამში, მთელი ეს ჩინ-მედლები, არარსებული ბიბლიოთეკები და ა. შ. უმნიშვნელო დეტალებია და მათზე მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ სააკაშვილზე სათქმელი აღარაფერი დარჩა; ამ ბრჭყვიალა აქსესუარების უკან მხოლოდ დიდი სიცარიელე დგას. მოკლედ, ყველაფერი დასრულდა, ალეს კაპუტ, ან კიდევ XVII საუკუნეში რომ იტყოდნენ - ო, დუ ლიბერ ავგუსტინ, ალეს ისტ ხინ! ბევრს ჰგონია, რომ ეს მსუბუქი, მხიარული და ამავე დროს სენტიმენტალური სიმღერაა, სინამდვილეში კი ის 1678-1679 წლების შავი ჭირის ეპიდემიაზე მოგვითხრობს. ასე რომ, მისი გამოყენება მუსიკალურ ფონად მიხეილ სააკაშვილთან დამშვიდობების პროცესში, ნებისმიერ შემთხვევაში, ადექვატური იქნება.