27 ოქტომბრის არჩევნებს წინა საარჩევნო პროცესისგან განმანსხვავებელი ნიშანიც აქვს და მსგავსებაც. პირველ რიგში, მთავარი განსხვავება ის არის, რომ წლევანდელი წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ და არაექსტრემალურ გარემოში მიმდინარეობს, მინიმუმამდეა დაყვანილი ეჭვები იმის შესახებ, გაყალბდება თუ არა არჩევნები, ადმინისტრაციული რესურსი კამპანიაში ფაქტობრივად, არ მონაწილეობს და ა.შ. მოკლედ, ამ კუთხით, ერთი ნაბიჯი ევროპისკენ გადავდგით(თუმცა საარჩევნო სიების საკითხი კვლავ პრობლემატურად რჩება).
რაც შეეხება მსგავსებას - ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები ისე არ ჩატარებულა, რომ გამოკვეთილი ფავორიტი არ ყოფილიყო. ასეა 2013 წელსაც - გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი (უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამო), ფავორიტია. ივანიშვილმა და მარგველაშვილმა ცოტა დისონანსი კი შეიტანეს მშვიდ წინასაარჩევნო კამპანიაში - თუ მეორე ტური საჭირო იქნება, მონაწილეობას არ მივიღებთო, თუმცა იქვე დასძინეს: მეორე ტურის ალბათობა ძალიან მცირეა.
ასეა თუ ისე, იქნება თუ არა მეორე ტური, ფავორიტი მაინც მარგველაშვილია და ძნელია წარმოსადგენია (ამას ქართველი ექსპერტებიც ვარაუდობენ), რომ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი წყალს გაატანოს და "გაიბუტოს".
ალბათ, ამ არჩევნებში ყველაზე საინტერესო ისაა, თუ ვინ დაიკავებს მეორე ადგილს - ასეთი შანსები აქვს როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს, ისე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს.მეორე ადგილი ამ შემთხვევაში ერთგვარი პოლიტიკური რეანიმობილის როლს ასრულებს.
პირველ რიგში, მეორე ადგილი განსაზღვავს ვაშინგტონისა თუ ევროპის დამოკიდებულებას ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისადმი. მაგალითად, თუ დავით ბაქრაძემ მეორე ადგილი არ დაიკავა, ამას შესაძლოა, "ნაციონალებისთვის" და პირადად პარტიის ლიდერ სააკაშვილისთვის კატასტროფული შედეგები ჰქონდეს. კერძოდ, ექსპერტების თქმით, ვაშინგტონში და ევროპაში დაეჭვდებიან - დღესდღეისობით რამდენად სერიოზული ძალაა "ნაციონალური მოძრაობა". შესაბამისად, ეს სავარაუდოდ, აისახება პოლიტიკურ მხარდაჭერაზე. ელემენტალურად, დასავლეთში სააკაშვილი და "ნაციონალები" აქტუალურები აღარ იქნებიან, "მიავიწყდებათ", ინტერესს აღარ გამოიჩენენ. შესაბამისად, დასავლეთში არც ის საკითხი იქნება აქტუალური - არიან თუ არა სააკაშვილის ყოფილი მაღალჩინოსნები პოლიტპატიმრები.
მეორე ადგილის დაკავების შემდეგ კი პირიქით - "ნაციონალებს" შეუძლიათ ამტკიცონ (პირველ რიგში, უმტკიცონ დასავლეთს), რომ რჩებიან მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია აქვს.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს - მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, სწორედ ის დაფიქსირდება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ექსპერტების თქმით, მეორე ადგილზე ბურჯანაძის გასვლისას, ვაშინგტონი და ევროპა მას, როგორც მთავარ ოპოზიციონერს, ანგარიშს გაუწევენ აქედან გამომდინარე ყველა სიკეთით. შესაბამისად, ბურჯანაძეს ექნება კარგი სასტარტო პოზიცია, რომ დაარწმუნოს დასავლეთი თავის სანდო პარტნიორობაში (როგორც ეს იყო მისი პარლამენტის თავმჯდომარეობისას).
მეორე ადგილის დაკავება-არდაკავება არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ კუთხით, თუ როგორ განაგრძობენ შიდაპოლიტიკურ საქმიანობას ზემოხსენებული პარტიები. ამან შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
"ნაციონალებმა" 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მარცხის შემდეგ მოახერხეს და შეინარჩუნეს პარტიული სტრუქტურა. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ აქტივისტთა დიდ ნაწილს ამ პარტიის ლიდერები ინარჩუნებენ დაპირებებით - ხელისუფლებაში აუცილებლად დავბრუნდებითო. თუ ბაქრაძემ არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, სავარაუდოდ, "ნაციონალური" პარტიული სტრუქტურაც გადარჩება. წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, 2016 წელს კი საპარლამენტო - შესაბამისად, "ნაციონალებს" და პირადად სააკაშვილს შეუძლიათ(თავიანთი პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით) მომავალი პოლიტიკური საქმიანობის დიდი ნა-წილი ააწყონ დევიზზე - "ჩვენ დავბრუნდებით".
"ნაციონალების" კანდიდატის მესამე ადგილზე გასვლა კი, ამ პარტიისთვის შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს. პირველ რიგში, ეს მათი აქტივისტების იმედგაცრუებას გამოიწვევს, რამაც შესაძლოა, პარტიის დაცარიელება გამოიწვიოს. ერთი პარტიიდან მეორე პარტიაში მასობრივად გადასვლა ქართული პოლიტიკისთვის არახალია. დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული,გვინახავს ერთ დროს ძლევამოსილი პარტიები, რომლებიც კრახის შემდეგ სულ რამდენიმე თვეში ცარიელდებოდნენ და ქრებოდნენ პოლიტიკური სცენიდან.