დავით ზურაბიშვილი - "დარწმუნებული ვარ, მეორე ტური არ გაიმართება"
"დარწმუნებული ვარ, მეორე ტური არ გაიმართება, ბატონი ივანიშვილის განცხადება უფრო ეკუთვნოდა კოალიციის მხარდამჭერ ამომრჩეველს, რომელიც ფიქრობს, რომ მარგველაშვილი მისი ხმის გარეშეც გაიმარჯვებს და არ აპირებს არჩევნებზე წასვლას. ზოგი გააბრაზა ივანიშვილის ამ განცხადებამ, ზოგმა კი ეს სწორად აღიქვა. ზოგისთვის ეს იქნება მობილიზების ფაქტორი, ზოგისთვის შეიძლება გამაღიზიანებელი გახდეს. ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ მარგველაშვილს თუ არ აირჩევენ, ეს მისთვის უნდობლობის გამოცხადება იქნება. ესეც ემსახურება იმას, რომ მეტი მობილიზება მოხდეს ამომრჩევლისა და მეტი ხალხი მივიდეს არჩევნებზე. რამდენად გაამართლებს ეს, ამას არჩევნებზე დავინახავთ", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი დავით ზურაბიშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დავით ზურაბიშვილი: "უპრაგონო დაპატიმრებების მომხრე არ ვარ".
"კრიტიკული დამოკიდებულება, ბუნებრივია, არის, მოლოდინების გაუმართლებლობის მომენტიც არის და შეუძლებელია ერთ წელიწადში ყველა დაპირება იყოს შესრულებული. იდეალურიც რომ იყოს მთავრობის საქმიანობა, კრიტიკულად განწყობილი ადამიანების რიცხვი მაინც გაიზრდება. სამართლიანობის აღდგენა პროცესია - ამაზე თქვა კიდეც ივანიშვილმა - უცებ და მყისიერად ეს ვერ მოხდებაო. პრობლემები ამ მხრივ არის. ცხადია, უფრო დიდი ხარვეზებია საკუთრების დაბრუნების თვალსაზრისით. ეს საკმაოდ რთული პროცესია. მაკიაველს აქვს ნათქვამი, საკუთრების წართმევა ყველაზე ცუდი რამ არის, რაც კი შეიძლება ადამიანს გაუკეთო, მკვლელობაზე უარესიც კია. ამ პრობლემას ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. თუ არის შემთხვევები, რომ სახელმწიფომ წაიღო კერძო საკუთრება, ეს შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს, თუ მესამე და მეოთხე რიგის მფლობელია, იქ შეიძლება რაღაც კომპენსაციაზე იყოს ლაპარაკი. ეს ხალხი არ გაჩერდება. თუ ამ პროცესს ხელისუფლებამ არ მიხედა, შეიძლება კრიმინალურ სამყაროში გადაინაცვლოს ამ დავამ და ქურდულმა სამყარომ დაიწყოს ამის განხილვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
"არ ვარ მომხრე, რომ პოლიტიკურმა მიზანშეწონილობამ გადაწონოს სამართლებრივი საკითხები. ბაჩო ახალაია ვინც არის, ყველამ ვიცით და ამის გამო არ იყოს სერიოზული მტკიცებულებები, ეს არ იქნება სწორი გზა. იყო ცდუნება, ყველას ერთად დაერიონ და ჩააგდონ ციხეში, მაშინ ჩვენ იმათზე უკეთესები არ ვიქნებით, ვისაც ვებრძოდით ამდენი ხანი. არ გვინდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანს, როგორი რეპუტაციისაც არ უნდა იყოს, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩააგდებენ ციხეში - `დასავლეთის~ და აღმოსავლეთის გარეშეც ვემხრობი ამ აზრს. მაშინაც, როცა ნაცმოძრაობა მოვიდა ხელისუფლებაში, იმ აზრზე ვიყავი, რომ უპრაგონო დაპატიმრებები ცუდი იყო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რა მტკიცებულებებზე იყო საუბარი - დაიჭერდნენ, გაპრესავდნენ, ფულს წაართმევდნენ და უშვებდნენ. ვინც ფული არ გადაიხადა, მაგალითად მოლაშვილმა და მირცხულავამ, ისინი ციხეში ჰყავდათ. დიახ, დამტკიცებით არავის არაფერი დაუმტკიცდა. წმინდანის რეპუტაცია მოლაშვილს სულაც არ ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. როცა ამის მწარე გამოცდილება გაქვს, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მტკიცებულებების გარეშე ადამიანების ციხეში ჩაგდებამ, ეს აღარ უნდა გაიმეორო. ვიღაცამ შეიძლება ჭუჭყიანი საქმე შეასრულა და ახლა მან რაღაც უნდა მიიღოს, ნაცმოძრაობის დროს ასე მოხდა, ბაჩო ახალაია მუშაობდა ჩემთან ერთად. ერთი ჩვეულებრივი ბიჭი იყო, არც მანიაკობა შემიმჩნევია მისთვის, არც სხვა არაფერი, აქციებში მონაწილეობდა, ჩათვალა რომ კარგ საქმეს აკეთებდა, კარგია ქურდულ სამყაროსთან ბრძოლა, აქ ჩათვალა, რომ შეიძლება გადაუხვიო კანონსაც, მორალსაც - ამან აქცია მერე ეს ადამიანი მონსტრად", - განმარტავს დავით ზურაბიშვილი.
"ახალაია დღესაც რომ იმუქრება, ეტყობა რაღაცის ილუზია აქვს. ადამიანებს უჭირთ ძალაუფლების ხიბლიდან გამოსვლა. ოქრუაშვილი მახსენდება, როცა ის თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა, უთხრეს, დაგიჭერენო. მას სრული განწყობა ჰქონდა იმისა, რომ ამას ვერ გაუბედავდნენ. ბურჯანაძე რომ წავიდა ოპოზიციაში, ერთ ლარად ღირებული აგარაკის წართმევას ვერ გამიბედავენო, ამბობდა. არც ერთი არ არის უგუნური ადამიანი, მაგრამ ხიბლში იყვნენ შესული. ახალაია 8 წელს შიშის ზარს სცემდა ყველას, ახლა კი ნულია", - მიიჩნევს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვას - "მთავრობას პიარის პრობლემა აქვს. ამაზეც მიუთითებენ ოპონენტები, თუ რამე კარგი კეთდება, სათანადად არ მიეწოდება საზოგდოებას, რას იტყვით?" - პასუხობს:
"სრულად ვეთანხმები ოპონენტებს. სააკაშვილს ყველაფერი პიარზე ჰქონდა აგებული, პატარა რამეს გააკეთებდა და იმხელა პიარს უკეთებდა, გეგონებოდა ქვეყანა აშენდა. მაგრამ მთლად ასეთი უგულებელყოფა, რაც ახლა ხდება - არ შეიძლება. ინფორმაციის მიწოდების დონეზეც კი ვითარება ისეთი არ არის, როგორიც უნდა იყოს. რეგიონებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, კომუნიკაცია ასაწყობია".