"სააკაშვილი დამემუქრა" - "ჯერ არ არის დრო, ყველა ერთბაშად ციხეში ჩავყაროთ".

გია გაჩეჩილაძე (უცნობი) - "სააკაშვილი პირადად დამემუქრა, რომ ცეცხლს გახსნიდა, თუ ამ ხალხს რუსთაველისკენ წავიყვანდით... ჯერ არ არის დრო, ყველა ერთბაშად ციხეში ჩავყაროთ"

"ლევანის გადაწყვეტილება 2008 წელს ჩემთვის გაუგებარი სულაც არ ყოფილა, დღეს ბატონი ბიძინას განცხადებაც სავსებით გასაგებია. მეტიც - ამ იდეით გახარებულიც კი ვარ, რადგან ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ საზოგადოებამ თავის თავზე უნდა აიღოს ქვეყნის მშენებლობა და ერთი კაცის იმედად არ უნდა ვიყოთ. რაც და როგორც შეგვეძლება, იმას გავაკეთებთ. როდემდე უნდა ვიყოთ მესიების მოსვლის იმედად?! ძალიან კარგი რამ ხდება, ერთი ეტაპი სრულდება და ახალი იწყება. ვნახოთ, რისი გამკეთებლები ვართ. ამხელა ჭირი და უბედურება მოსცილდა ქვეყანას, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომელსაც ხალხი ენდო, ახლა ამ ადამიანის კალთაზე ჩაჭიდება და ლოდინი, ლუკმას როდის ჩაგვიდებს პირში და წყალს როდის დაგვალევინებს, ძალიან არასწორი იქნება", - აცხადებს გია (უცნობი) გაჩეჩილაძე გაზეთ"ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი დამემუქრა" / "ჯერ არ არის დრო, ყველა ერთბაშად ციხეში ჩავყაროთ".

"2008 წელსაც დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, გვეყო სახელმწიფოებრივი შეგნება იმისთვის, რომ დაპირისპირებაზე არ წავსულიყავით, სააკაშვილს პრეზიდენტობა მივუგდეთ, რადგან მიგვაჩნდა, რომ ერთი კაცის სისხლის დაღვრადაც არ ღირდა. ჩვენ სხვისი სიცოცხლით ვერ გავრისკავდით. მიხეილ სააკაშვილი პირადად მე დამემუქრა, რომ ცეცხლს გახსნიდა, თუ ამ ხალხს რუსთაველისკენ წავიყვანდით. მახსოვს, იმ დღეებში კენიაში მოხდა არეულობა და 300 კაცი დაიღუპა, სააკაშვილმა ეს მაგალითი მოიყვანა, მეუბნებოდა, კენია ხომ არ ვართ, ერთმანეთს ცეცხლი დავუშინოთ, ინაუგურაციას თუ არ ჩამატარებინებთ, აუცილებლად ეს მოხდებაო. ჭკუათმყოფელი რომ არ იყო ეს ადამიანი, ვიცოდით და ამიტომაც ვამჯობინეთ გაცლა, არ მივეცით ხალხზე ძალადობის უფლება. ის, რომ ჩვენ მაშინ დაპირისპირება თავიდან ავიცილეთ, მხოლოდ ჩვენს გამბედაობასა და ვაჟკაცობაზე მეტყველებს. კი, ათას რამეს გვაბრალებდნენ. მაგრამ ის, რომ ქვეყანას სისხლისღვრა ავაცილეთ, ბევრად მნიშვნელოვანი მგონია, ვიდრე ჩვენზე გავრცელებული ჭორები და რეიტინგის დაკარგვა. დრო გავა და ისტორია შეაფასებს ჩვენს საქციელს", აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია გაჩეჩილაძე.

"ნინო ბურჯანაძეს ჰქონდა შანსი, რომ ქვეყნის ბედი მნიშვნელოვნად შეეცვალა უკეთესობისკენ, თანაც სერიოზულ პოლიტიკურ ლიდერადაც ქცეულიყო, თუმცა მან ეს შანსი არ გამოიყენა და ამჯობინა სააკაშვილის რეჟიმი გაემაგრებინა. არავის კრიტიკა არ მინდა უკვე ჩავლილი ამბების გამო, არც ვინმეს ცუდად მოხსენიებას ვაპირებ, მაგრამ მოკლე მეხსიერება ნუ გვექნება... ქვეყანაში ახალი ეპოქა იწყება, ბევრი პოლიტიკოსი უკვე განვლილი ეტაპია ამ ქვეყნისთვის, ოღონდ ერთ რამეს ვამჩნევ - თითქოს ამ ახალი ეპოქის შიში დასჩემდა ჩვენს ხალხს. მე კი მგონია, რომ ის დრო დგება, როცა შფოთისა და არეულობის ადგილი აღარ იქნება, შესაბამისად უფრო მშვიდი და სერიოზული პოლიტიკის დრო დგება. ვერ ვხვდები, რატომ აქვს ხალხს გიორგი მარგველაშვილზე ისეთი წარმოდგენა, რომ ის არ არის პოლიტიკოსი და პრეზიდენტობა გაუჭირდება. როგორც ჩემთვის ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ჯერ კიდევ ზურაბ ჟვანიას ჰყავდა მრჩევლად, მას ეკითხებოდა აზრს და ნინო ბურჯანაძის მრჩეველიც ის იყო. ჩემი აზრით, ის კარგი, ოღონდ სრულიად განსხვავებული პრეზიდენტი იქნება, ახალი ეპოქის შესაფერისი პრეზიდენტი", - მიიჩნევს უცნობი.

"რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, მერწმუნეთ, ჩემზე მეტად არავის უნდა, ამ რეჟიმმა რომ პასუხი აგოს, მაგრამ ბეწვის ხიდი გვაქვს გასავლელი. ვხედავთ, რა მდგომარეობაში ვართ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რა ვითარებაა, რა სტატიები იწერება, ლუპით გვაკვირდება დასავლეთი, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან ფრთხილად არის გასაკეთებელი. მიმაჩნია, რომ იმ აღვირახსნილობისა და თავნებობის გამო, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, ამის შემოქმედნი აუცილებლად უნდა დაისაჯონ, მაგრამ უპირველესად გასათვალისწინებელია ქვეყნის ინტერესები. თუ არ არის საჩქარო, მაშინ არ უნდა ვიჩქაროთ, თორემ ნათქვამია, "მოჩქარეს მოუგვიანდესო". არა მგონია, "ნაციონალური მოძრაობის" იმ "დიდ შემოქმედთ", რომელთაც რეპრესიული რეჟიმი ჩამოაყალიბეს ქვეყანაში, ეს შერჩეთ, მაგრამ ჯერ არ არის დრო, ყველა ერთბაშად ციხეში ჩავყაროთ. ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალა და არა რევოლუციით, მხოლოდ რევოლუციას შეუძლია ძველი ერთბაშად შეცვალოს ახლით, მაგრამ რადგან ჩვენ არჩევნებით შევცვალეთ, ეს მოხდება ნელნელა, გამოძიებით, სასამართლოთი და ყველა სხვა ცივილიზებული მეთოდით. ასი პროცენტით შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არავისთან შეკრული არ არის, ამაზე თავის დადება შემიძლია. ძველი რეჟიმის წყალობით ჩემზე უფრო გულგატეხილი და დაჩაგრული სხვა ადამიანი არ მეგულება, მაგრამ მყოფნის მოთმინება, რომ ქვეყნის რყევების ფასად არ მოვითხოვო დამნაშავეების დასჯა", - დასძენს რესპონდენტი.

"მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, არ ვიცი, ეს შეიძლება მორალური პასუხისმგებლობა იყოს და არა სისხლის სამართლის, მაგრამ ის თუ დაუსჯელი დარჩა, მაშინ სისტემაც ვერ გასამართლდება. მაგის მმართველობის წლები საქართველოში იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც 1-ლი ოქტომბრით საბოლოოდ არ დასრულებულა, ეს დასრულდება სწორედ წელს, 27 ოქტომბერს, ეს იქნება რეჟიმის დასასრულიც და მორჩება "ნაციონალური მოძრაობაც", - ამბობს გია გაჩეჩილაძე და შეკითხვას - "რას საქმიანობს გია გაჩეჩილაძე და პოლიტიკურ ასპარეზზე თუ გიხილავთ კიდევ?", - პასუხობს:

"არ მივიჩნევ, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე ვიყავი, ეს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა იყო, ვამბობდი იმას, რაც მტკიოდა. ვიდრე ცოცხალი ვარ, ჩემი პოზიცია მექნება და ხმამაღლაც გამოვხატავ. ამჟამად შემოქმედებით საქმიანობას ვეწევი, ვარ ძირითადად ჩემს სტუდიაში, ვმუშაობ ბატონი გია ყანჩელის პროექტზე, რომელსაც მაყურებელი სულ ცოტა ხანში შოუს სახით იხილავს".