გამოკითხული სტუდენტების 75%-მა არ იცის შეძლებს თუ არა იმ პროფესიით მუშაობას, რასაც სწავლობს წლების განმავლობაში

გამოკითხული სტუდენტების 75%-მა არ იცის შეძლებს თუ არა იმ პროფესიით მუშაობას, რასაც სწავლობს წლების განმავლობაში

რამდენიმე დღის წინ PISA-მ (მოსწავლის საერთაშორისო შეფასების პროგრამა), 2022 წლის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 81 ქვეყანას შორის 67-ე ადგილზეა კითხვისა და წაკითხულის გააზრების მაჩვენებლით, მე-60-ზე - მათემატიკისა და 66-ზე მეცნიერების ცოდნით. აღნიშნულმა შედეგებმა არა მხოლოდ განათლების სისტემის მკვლევარები, არამედ ეკონომიკის დარგის სპეციალისტებიც დააფიქრა. მომავალი თაობა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაებმევა, საბაზო რესურსით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის.

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის 2022-ის კვლევის უახლესი მონაცემებით, 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.

2022 წელს, 2018 წელთან შედარებით, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში, კი 8 და 6 ქულით გაუარესდა.

კვლევის მიხედვით, მათემატიკის მე-2 საბაზო დონეს ქართველ მოსწავლეთა 34%-მა მიაღწია. ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ ქვეყნების შედეგებს, რომლებიც PISA-ს შეფასებაში მონაწილეობენ. წაკითხულის გააზრებაში დაახლოებით 33%-მა მიაღწია კითხვის მე-2 ან უფრო მაღალ დონეს, ხოლო საბუნებისმეტყველო საგნებში დაახლოებით 35%-მა.

საქართველო PISA-ს შეფასებაში 2009 წლიდან მონაწილეობს. 2022 წელს ტესტირებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 267 სკოლის 6,583-მა მოსწავლემ.

ასეთი შედეგები სამომავლოდ პრობლემებს შეუქმნის ქვეყანაში დასაქმების ბაზარს და, ზოგადად, უარყოფითად იმოქმედებს ეკონომიკურ სეგმენტში საკადრო პოლიტიკაზე. ბიზნეს-კონსულტანტის ლევან კობერიძის თქმით, PISA-ს კვლევის შედეგებს უყურებენ ინვესტორები - როგორი ადამიანური კაპიტალია ქვეყანაში, რამდენად განათლებული, შრომისუნარიანი და ქმედითუნარიანია მოსახლეობა. ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია საინვესტიციო კლიმატისთვის და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ინდექსისთვის.

„ეს სამწუხარო მონაცემებია. გარდა წაკითხულიდან შინაარსის გამოტანისა, მათემატიკაში და მეცნიერებაშიც დაბალი მაჩვენებლებია, რაც არანაკლები პრობლემაა. ამის გამომწვევი ალბათ, არის მთლიანად მთელ ქვეყანაში დამკვიდრებული სამწუხარო ტენდენცია, რომ ფორმა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე შინაარსი და ეს აისახება ყველა დარგზე“, - განაცხადა ლევან კობერიძემ.

მისი აზრით, მთავარი პრობლემა პედაგოგების კვალიფიკაციაა და განათლების სისტემა არის ძალიან ლოიალური ასეთი ადამიანების მიმართ.

„პირველ რიგში, პრობლემას ვხედავ მასწავლებლებში - პედაგოგების და ლექტორების კვალიფიკაციაში და განათლების სისტემა არის ძალიან ლოიალური ასეთი ადამიანების მიმართ. ლექტორი, პედაგოგი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, მასწავლებლობა ძალიან ადვილია და მათი კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალია“, - თქვა კობერიძემ.

განათლება და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული, ჩვენს შრომით ბაზარზე კი ბიუჯეტიდან 100%-ით ის პროფესიები ფინანსდება, რაზეც ნაკლები მოთხოვნაა და ის პროფესიები კი, რაზეც მეტი მოთხოვნაა, არაპრესტიჟულად ითვლება.

„ეკონომიკა ქვეყანაში ვერ უნდა მუშაობდეს განათლების სისტემასთან ინტეგრირების გარეშე. ეს 2 სისტემა - განათლება და ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. შრომით ბაზარზე ხდება შემდეგი - სახელმწიფო ბიუჯეტიდან 100%-იანი გრანტით დაფინანსებული პროფესიები, ხშირ შემთხვევაში, არ არის მოთხოვნადი და რელევანტური შრომის ბაზარზე და პირიქით - რაც მოთხოვნადია, არაპრესტიჟულად ითვლება ქვეყანაში. მაგალითად, როცა უმაღლესი განათლების გამოცდების შედეგები ქვეყნდება, მთელი ქვეყანა, მშობლები, ნათესავები ულოცავენ მათ, ვინც უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა და არავინ ულოცავს მათ, ვინც დაიწყეს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლა. ჩვენ თვითონვე ვქმნით „მატრაკვეცულ“ გარემოს, როცა მთავარია უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარო და რას სწავლობენ, თვითონაც არ იციან. ამას გამოკითხვაც აჩვენებს, უნივერსიტეტში გამოკითხული სტუდენტების 75%-მა არ იცის შეძლებს თუ არა იმ პროფესიით მუშაობას, რასაც ეუფლება უნივერსიტეტში“, - განაცხადა „კომერსანტთან“ საუბრისას კობერიძემ.

რაც შეეხება კითხვას, საჭიროა თუ არა განათლების სისტემის რეფორმირება, ლევან კობერიძე ამბობს, რეფორმა არ უნდა იყოს თვითმიზანი.

„ხელისუფლებიდან ხელისუფლებაში სულ გვესმის, რომ რეფორმა უნდა გატარდეს. მე ვფიქრობ, რომ რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს განათლების განვითარების სტრატეგია და ის შენარჩუნებული იყოს ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე. განათლების სისტემაში რეფორმაზე უფრო მეტად გვჭირდება გააზრება, რომ განათლება ეს არ არის დიპლომი. ეს არის ეკონომიკური და შრომითი ბაზრისთვის კადრების მომზადება. განათლება ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი დოვლათი შეიქმნას“, - აღნიშმა კობერიძემ.

განათლების სამინისტრო კი კვლევის შედეგებს კორონავირუსის პანდემიის დროს განათლების პრობლემას უკავშირებს.

„კოვიდის პერიოდში არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული... რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ გვაქვს“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განათლების ახალ რეფორმაზე სასწავლო პროცესის სტიმულირების მიზნით. განათლების სამინისტრომ უკვე შეცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, მათ შორის მეთოდოლოგიისა და შეფასების სისტემის თვალსაზრისით.

ლაზი ამ კობერიძის ჭკუაზე რომ ვიაროთ საბუნებისმეტყველო და თეორიულ-ფუდამენტური სპეციალობების ნაცვლად, სახელმწიფომ იურისტობა და ბიზნესის ადმონისტრირება უნდა დააფინანსოს?
რაც შეეხება პროფესიულ სწავლებას, ამ სისტემის სახელმწიფო დაფინასება ქარს გატანებული ფულია. ამ პროფესიული სასწავლებლების (რომლებიც საკმაოდ მსუყე საბიუჯეტო დაფინასებას იღებენ) რეალური ეფექტიანობა ნულის ტოლია.
პროფესიული სწავლება უნდა ჩაჯდეს 12 წლიანი განათლების რეგლამენტში.
9 კლასის შემდეგ უნდა მოხდეს მოსწავლეთა, ინტერესების მიხედვით, დიფერენცირება:
ნაწილი გააგრძელებს პროფილირებულ (ჰუმანიტარული, ფიზიკა-მათემატიკური, სახელოვნებო) კოლეჯებში სწავლას საუნივერსიტეტო განათლების მისაღებად (სხვათა შორის, აქ 2 წელიც სრულიად საკმარისი იქნება);
ნაწილი გააგრძელებს სწავლას პროფესიული დახელოვნებისათვის არჩეულ პროფესიებში (ვფიქრობ, 2 წელზე მეტი არც აქ იქნება საჭირო და საერთოდ ეს მე-12 წელი სრულიად ზედმეტია. უმჯობესია სასკოლო ასაკი გაიზარდოს ერთი წლით, რადგან 6 წლის ბავშვი სკოლისათვის ფიზიკურად მზად არ არის.).
5 თვის უკან