კახა კოჟორიძე:

კახა კოჟორიძე: "ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები შსს-მ შეიძინა".

"შეწყვეტილი სიმღერა - ვაჩუქოთ შსს-ს ჯიპები"... საიას კვლევით, როგორც ჩუქებით მიღებული ქონების, ასევე შესყიდვისთვის დახარჯული თანხებით ყველაზე მეტად შსს გამოირჩევა

"გუშინ გაიმართა საიას კვლევების პრეზენტაცია, რომლიც სახელმწიფო მოხელეების ავტოპარკინგსა და საჩუქრების მიღებას ეხებოდა. რომელი სამინისტრო და მინისტრი გამოირჩევა "შავი ჯიპების" მანიით? "შავი ჯიპების" ეპოპეა, როგორც ჩანს, ჩვენ ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდება, რადგან ევროპულ გამოცდილებამდე და მის გაზიარებამდე ჯერ კიდევ შორია. ორწელიწადნახევარში სახელმწიფო დაწესებულებებმა ავტომანქანების შესაძენად 90 მილიონი ლარი დახარჯეს - კვლევის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით, სხვადასხვა საჯარო დაწესებულებამ 2 146 ავტოსატრანსპორტო საშუალება შეისყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 61 439 788 ლარი, 16 5455 081 დოლარი და 110 000 ევრო შეადგინა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით კახა კოჟორიძე: "ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები შსს-მ შეიძინა".

"კვლევაში განხილულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, მთავრობის, კანცელარიის, საქართველოში არსებული ყველა სამინისტროსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატების, ასევე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თვითმმართველობების მიერ 2011 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის ივლისის ჩათვლით შესყიდული, ასევე უსასყიდლოდ და ჩუქების ფორმებით მიღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევები. კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად შს სამინისტრო გამოირჩევა როგორც ჩუქებით მიღებული ქონების, ასევე შესყიდვისთვის დახარჯული თანხის ოდენობით. როგორც საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე აცხადებს, ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი საქართველოში შს სამინისტრომ შეიძინა 2012 წლის ივლისში, რაშიც უწყებამ 100 000 ევრო გადაიხადა. ამასთან, როგორც კვლევაში აღნიშნული, რუსთავის ადგილობრივმა თვითმმართველობამაც შეიძინა ავტომობილი 170 000 ლარად. რაც შეეხება ჩუქების ფაქტებს, გამოვლენილია ძვირადღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასყიდლოდ და ჩუქების სახით გადაცემის ტენდენცია. ამ მხრივ განსაკუთრებით მაღალია შს სამინისტროსთვის კერძო პირების მიერ ჩუქების ფორმით გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა რაოდენობამ, ჯამში, 87 შეადგინა. ასევე საია აღნიშნავს, რომ ჩუქებისა და უსასყიდლო ფორმის გადაცემის ფაქტების დიდი ნაწილი 2012 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"კოჟორიძის ინფორმაციით, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვების მოცულობამ იკლო. რაც შეეხება კერძო პირების მხრიდან ჩუქების შემთხვევებს, არჩევნების შემდეგ საიამ მსგავსი ფაქტები ვერ გამოავლინა. კოჟორიძის განცხადებით დღემდე არ არსებობს სამართლებრივი აქტი, რომლითაც განისაზღვრებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის წესი, გადახდილი თანხის მაქსიმალური რაოდენობა, ავტოპარკის განახლების წესი და მისი პერიოდულობა - "ეს დამოკიდებულია კონკრეტული საჯარო მოხელის ნებაზე, მაგალითად, რუსთავის თვითმმართველობამ 170 000 ლარად ღირებული ავტომანქანა იყიდა. არ ვამბობ, რომ მინისტრებმა "ჟიგულებით" უნდა იარონ, მაგრამ გაწერილი უნდა იყოს წესი და არსებობდეს ნორმატიული აქტები", ამბობს კოჟორიძე, რომლის აზრით, შესაძლებელია დაწყებულიყო გამოძიება, რამდენად ნებაყოფლობით ხდებოდა ავტომობილების ჩუქება აღნიშნული უწყებისთვის", - დასძენს გამოცემა.

"რაც შეეხება აღნიშნულთან დაკავშირებით წინა და ახალი ხელისუფლების შედარებას, საიას ხელმძღვანელი აცხადებხ, რომ ახალი მთავრობის პირობებში ჩუქების შემთხვევები აღარ ფიქსირდება. საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით დროულად მოწესრიგდეს საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ განისაზღვროს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ინსტრუქციის ხასიათი ექნება ავტომობილების შესყიდვების პროცესის მარეგულირებელ კონკრეტულ წესს დაადგენს", - წერს სტატიის ავტორი.