„არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია ისე შეიძლება დაიძაბოს, რომ ენმ-ზე უარი თავად სააკაშვილმაც თქვას“

„არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია ისე შეიძლება დაიძაბოს, რომ ენმ-ზე უარი თავად სააკაშვილმაც თქვას“

„ნაციონალურ მოძრაობაში“ რღვევა გრძელდება და შეუქცევადი სახე მიიღო. რამდენიმეხნიანი პაუზის და დუმილის შემდეგ, ნიკა მელიამ, როგორც იქნა განაცხადა, რომ პარტია დატოვა. ახლა მაინც რეალურად ეცოდინება მის თანამოაზრეებს, რომ ის ენმ-ის წევრი აღარ არის. მაშ ასე, სად მიდის მელია და ვინ შეიძლება მას გაჰყვეს? როგორ განვითარდება ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობის“ ბედი?

როგორც ნიკა მელიამ თქვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის პოლიტიკურ სტანდარტად აქცია არაფორმალური მართვა, განსხვავებული აზრის დევნა, ამიტომ ის პარტიიდან მიდის.

სად გააგრძელებს ნიკა მელია პოლიტიკურ საქმიანობას არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, მიდის „წინ, მომავლისკენ და წარსულს ტოვებს წარსულში“.

ბოლო 4 დღის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ 100-ზე მეტმა წევრმა დატოვა. რეგიონული ორგანიზაციებიდან წასულებს შორის 45 საკრებულოს წევრია. ისინი მანდატების დატოვებას არ აპირებენ და თვითმმართველ ორგანოებში მუშაობას გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატები სტატუსით აპირებენ.

კასპის რაიონული ორგანიზაციიდან წასვლის გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ 26-მა წევრმა მიიღო, მათ შორის 6 საკრებულოს ფრაქციის წარმომადგენელია. პარტიის უკვე ყოფილი წევრები გადაწყვეტილების მიზეზად, კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობასა და მოქმედი მენეჯმენტის მართვის სტილს ასახელებენ. ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანების ნაცვლად დაიშალა.

რაიონული ორგანიზაციების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს სიღნაღში, წინანდალსა და ახმეტაშიც. „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულ 20 წევრს შორის 3 საკრებულოს ფრაქციას წარმოადგენდა. ამბობენ, რომ მოქმედ მენეჯმენტთან თანამშრომლობის ყველა რესურსი ამოწურეს, კრიზისიდან გამოსავალს კი ვეღარ ხედავენ.

რაიონული ორგანიზაციებიდან წევრების წასვლა ნიკა მელიას მორიგი პერფორმანსია მოქმედი მენეჯმენტისთვის. ხაბეიშვილის ფრთა ამტკიცებს, რომ გუნდის უკვე ყოფილი წევრები, პარტიულ საქმიანობას, ბოლო 9 თვის განმავლობაში ისედაც ბოიკოტს უცხადებდნენ.

„ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“, სანამ არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე, აქამდე თავმოყვარე კაცი უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, -  განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა „ნაცმოძრაობაში“ პოზიციების აღდგენას. ახლა უკვე გარიცხულზე გასვლას, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არ აქვს. მთლიანობაში, მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, თუმცა კარგი ის არის, რომ მას შეუძლია დაახლოებით 1% წაართვას „ნაცმოძრაობას“. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ბუნებრივია, დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ნიკა მელიას და მისი თანაგუნდელების პარტიიდან წამოსვლა კარის მყარად მოჯახუნებას უფრო ჰგავს, ვიდრე ოპოზიციურ ველზე გაშლის ტაქტიკას. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნიკა მელია, ჯერჯერობით, სააკაშვილის ღია და საჯარო კრიტიკას ერიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ის მოლოდინშია, რომ სააკაშვილის ე.წ. გარდამავლი დროშა, საბოლოო ჯამში, მას ერგება.

„როგორც ჩანს, იგივეს ფიქრობენ ხაბეიშვილი - კეზერაშვილი, ამიტომაც სააკაშვილს, როგორც წმინდა ხატს მას არ ეხებინ. თუმცა, პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის ექსცენტრიულობა ყველამ კარგად იცის, ამიტომ დღეს რას იტყვის, ხვალ და ზეგ არავინ იცის, განსაკუთრებით პარტიაში მიმიდნარე კონფრონტაციის ფონზე. აქ კიდევ საკითხავია, ნიკა მელიას რამდენი გაჰყვება. გარდა იმისა, მიიღებს თუ არა ის სააკაშვილისგან სერტიფიცირებას და ექნება თუ არა ფინანსები.

აქ ისმის კითხვა - რომელი „ნაცმოძრობა“ გადალახავს 5%-იან ბარიერს, კეზერაშვილის მარიონეტები თუ პარტიიდან გამოგდებული ნიკა მელია თანაგუნდელებით და კიდევ ვინ შეურთდება მათ? ის პროგნოზები, რომელიც იყო ანალიტიკურ წრეებში, რომ მელია პარტიას შექმნიდა, ახდა. იქიდან გამომდინარე, რომ მელია ცნობილია როგორც პირობის გამტეხი, საკითხავია გაყვებიან კი თუნდაც ძველი პარტიის სახეები, ან თუ მოიზიდავს ახალ სახეებს?“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, საკითხავია ვინ დაუდგება ახლა ამ ახალ პარტიას გვერდით. აბაშიძე ასევე ელის, რომ სიების შედგენის დროს კიდევ ბევრი ძველი სახე პროტესტის ნიშნად პარტიას დატოვებს და სიტუაცია 2024 წლის არჩევნებისთვის კიდევ უფრო დაიძაბება.

პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ნიკა მელიას პერსპექტივა და მომავლისკენ სვლა ძალიან სათუოა. მამრაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ რაც რამდენიმე თვის წინ მიხეილ სააკაშვილმა თქვა - „ვინც ბოკერიას გზას დაადგება ის განულდება“ - მართალი იყო. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მელია კი არ დაადგა ბოკერიას გზას, ის ამ გზას გაუყენეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ნამდვილი მაფიოზური კლანური სტრუქტურაა. 2020 წელს ნახევარ მილიონამდე ადამიანმა მარტო მიხეილ სააკაშვილს მისცა ხმა. ეს არის სამწუხარო რეალობა, სწორედ, ამიტომ სააკაშვილმა 36 დეპუტატი პარლამენტში გაიყვანა, რაც მთელ დანარჩენ ოპოზიციაზე ორჯერ მეტია. თან პირველ ნომრად კიკაბიძე ჰყავდა.

ახლა, ერთ მხარეს კეზერაშვილი და მერაბიშვილია, ვისაც მთელი აპარატი უნდა დაემორჩილოს. როცა მელიამ მანიფესტზე ხელი არ მოაწერა, ეს იყო დაუმორჩილებლობა. აქეთ კიდევ სააკაშვილია, რომლის ხელშიც ამდენი ხმებია. ვერც კეზერაშვილი და ვერც მერაბიშვილი ვერ მოიტანენ ვერანაირ ხმებს. ყელში წვდომა თქვენ მაშინ ნახეთ, როცა სიებზე დაიწყება საუბარი. სააკაშვილი არ დათმობს. ის იტყვის, თუ ეს ცნობილი უნდა იყოს, როგორც ჩემი პარტია, მაშინ სიაში ეს და ეს ამ ადგილებზე უნდა იყოს. მე ძნელად წარმომიდგენია ასევე, რომ ეს მაფიოზური ანკლავი ამას დათანხმდეს. თუმცა, სააკაშვილს არაფერი უჭირს, იმ დღესვე თქვას, რომ აღარ არის ენმ მისი პარტია და ვქმნი ახალ პარტიას, რომელსაც ეწოდება „მიხეილ სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“,-ამბობს მამრაძე.

მისი აზრით, არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სიტუაცია ისე შეიძლება დაიძაბოს, რომ ენმ-ზე უარი თავად სააკაშვილმაც კი თქვას. მამრაძე მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება და „ოცნება“ ძალიან მობილიზებული უნდა იყოს.

„ძალიან რთულია, როცა გგონია, რომ კონკურენტი არ გყავს. ყოველდღიურად გეუბნებიან, რომ მარტო დარჩი. როდესაც კვლევები ჩატარდა, ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარაფროდ 5%-ს ძლივს ღებულობს. თუმცა, სააკაშვილით 15%-ს მაინც აიღებენ. ამიტომ მოდუნება არ შეიძლება“, - ამბობს მამრაძე.