"არ ვაპატიებ პრემიერს!.."

"პოლიტიკაში არაერთ ძველ ბიჭს შევხვედრივარ, მაგრამ ძველი ბიჭი პრეზიდენტი ჯერ არ მინახავს"

ვაჟა-ფშაველა ამბობდა: "მომავალი იმისია, ვინც აწმყოს მიზანშეწონილად ემსახურებაო" -" მოსახლეობა ახალ რეალობას ელის, მიზანშეწონილსა და შედეგიანს. იქნება თუ არა შედეგიანი "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" შეთავაზება, პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი თარგამაძე გვესაუბრება:

- ივანიშვილმა უკვე გამოაცხადა ციფრები, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად, ყველა ადგილობრივი დონის საარჩევნო კომისიისთვის ბრძანებაა. 50 ათასი კაცი, რომელთა უმრავლესობაც წლების განმავლობაში ადგილობრივ დონეებზე არჩევნებს აყალბებდა, ყივჩაღებივით უცხო ქვეყნიდან კი არ შემოუყვანიათ. ისინი აქ ცხოვრობენ და დღემდე საარჩევნო კომისიის წევრები არიან. პრემიერის მითითება, "ქართულ ოცნებას" გამარჯვებისთვის 60% სჭირდებაო, ამომრჩევლის დაშანტაჟებაა!

- ანუ, თქვენი აზრით, წინასაარჩევნო გარემო არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს?

- რა თქმა უნდა, კანდიდატები არ არიან თანასწორ გარემოში. ივანიშვილის შარშანდელი განცხადება, რომელიც შუის გაკრეფას ეხებოდა, იმაზე მეტყველებს, რომ საპარლამენტო არჩევნებიდან წლისთავზე მხოლოდ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ერთი-ერთზე დარჩენა და პოლიტიკურ სივრცეზე დომინირებაა.

- ბეჭდური მედიის რედაქტორებთან შეხვედრისას ივანიშვილმა თქვენზეც ისაუბრა. თარგამაძე მოღალატის ეტალონიაო, რატომ მოგიხსენიათ ასე?

- იმის თქმა, რომ წლებია თარგამაძე სახელმწიფოს წინააღმდეგ მუშაობს, არათუ პოლიტიკური შეფასება, არამედ სისხლისსამართლებრივი ბრალდებაა. არ ვაპატიებ პრემიერს, მოუწევს სასამართლოს მეშვეობით ამ სიტყვების განმარტება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა!

ივანიშვილი აღარ არის რიგითი ოპოზიციონერი, პრემიერ-მინისტრია და მისი სიტყვა სახელისუფლებო პასუხისმგებლობით არის დატვირთული. ეს გამონათქვამები პოლიტიკური ოპონენტის დევნის პირდაპირი მუქარის კატეგორიაში გადის.

თუ პრემიერს აქვს მტკიცებულებები, ვალდებულია, პროკურატურას დაავალოს და შეისწავლონ ჩემი საქმიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცილისწამება პასუხისგებას საჭიროებს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს სიმართლე! ამიტომ ვცდილობ ამ საქმის სასამართლოს გზით გარკვევას, მასზე მინდა უფრო დიდი წარმოდგენა მქონდეს, ვიდრე ჭორიკანაზე. აგერ უკვე მისი პრეზიდენტობის კანდიდატი საჯარო დებატებშიც არ მალავს ძველბიჭურ განწყობას. ვისაც ობიექტური შეფასების უნარი ჯერ კიდევ შერჩენია, აშკარაა, რომ სახეზეა სააკაშვილის ცხრაწლიანი უმძიმესი მმართველობის შემდეგ ახალი ტიპის ავტორიტარული ტენდენციები.

- საზოგადოებას დიდი ხანია აინტერესებს, რა როლი ჰქონდა ტელეკომპანია "იმედის" დახურვისას გიორგი თარგამაძეს?

- გაზეთის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ გიპასუხებთ. ამ ტელევიზიას ჩემი ცოლი ჩემს მესამე შვილს ეძახდა. არსებობს ბინძური ჭორი, თითქოს ხელი შევუწყვე არხის დახურვას. როგორ შეიძლება, რაც ყველაზე მეტად გიყვარს, ის დაანგრიო?!

- კომპრომატებს წინა ხელისუფლება ყველაზე აგროვებდა, განსაკუთრებით, ისეთ გავლენიან პირებზე, როგორიც თქვენ ხართ.

- სად არის ეს კომპრომატები? "იმედმა" ჩემი უშუალო მონაწილეობით გამოიძია იმ დროს გახმაურებული საქმეები. ეს გადიოდა "დროებასა" და საინფორმაციო გადაცემებში. ყველაფერ ამას მე ვაკეთებდი! რაიმე ლოგიკა ხომ უნდა არსებობდეს ამ ბრალდებაში?

- პრესაში იწერებოდა, რომ "იმედის" დარბევის დროს ერეკლე კოდუას დავალებით უსაფრთხოდ გაგიყვანეს ტერიტორიიდან.

- საინტერესო ჭორია და კარგია, რომ დამისვით ეს შეკითხვა. იმ ღამით, როცა სტუდიებიდან გამოგვყარეს, ნახევარი საათი წვიმაში ვიდექი ტელევიზიის ეზოში, სპეცრაზმელების გარემოცვაში. როცა ყველა თანამშრომელს იქაურობა დაატოვებინეს, ჩემი მანქანის საჭესთან სპეცრაზმელი დაჯდა, კინოსტუდიის მხრიდან კარი გატეხეს და ისე წამოგვიყვანეს მე, თათია და ჩემი მეგობარი გია გულიაშვილი. თამარ მეფის ხიდამდე მიმიყვანეს და გამაფრთხილეს, უკან აღარ დავბრუნებულიყავი. მაინც დავბრუნდი, მაგრამ დიღმის ტერიტორია პოლიციელებს ჰქონდათ გადაკეტილი.

ამ უნამუსოებისთვის პასუხის გაცემაც არ ღირს, მაგრამ რამდენიმე დეტალს მაინც დაგიზუსტებთ: ერთდროულად ორმა წყარომ, ერთმანეთის პარალელურად, ბადრი პატარკაციშვილმა და შს მინისტრის მოადგილე შოთა უტიაშვილმა, ინფორმაცია მომაწოდეს და შსს-მ ოფიციალურად გამაფრთხილა, რომ ჩემზე მზადდებოდა თავდასხმა მკვლელობის მიზნით. ამ ამოცანის შესასრულებლად სამკაციანი ჯგუფი ცხინვალის ტერიტორიაზე მზად იყო. Aამდენად, სრულიად გასაგებია მაშინდელი ხელისუფლების მცდელობა, ხელი შეეშალათ უსამართლობისა და "იმედზე" თავდასხმის გამო ტელევიზიასთან მოსულ ხალხთან ჩემი შეხვედრისთვის, ამიტომაც არ გამიშვეს სხვა თანამშრომლებთან ერთად და ამიტომაც სპეცრაზმის მეშვეობით იძულებით გადამიყვანეს სხვა ტერიტორიაზე. ასევე სრულიად გასაგები ხდება, რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ის ინფორმაცია, რომელიც ცალკე ბადრისა და ცალკე შსს-ს ჰქონდა, რეალიზებული იქნებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესების უკიდურესი ესკალაცია გარდაუვალი იქნებოდა.

- ტელედებატებისას თქვენსა და გიორგი მარგველაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. რამ გამოიწვია დაძაბულობა?

- როცა პრეზიდენტობაზე გაქვს ამბიცია და კითხვა გაღიზიანებს, ეს ორ რამეზე მეტყველებს: ერთი, რომ ნერვები წესრიგში არ აქვს და მეორე - წარმოდგენა არა აქვს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პირი. პოლიტიკაში არაერთ ძველ ბიჭს შევხვედრივარ, მაგრამ ძველი ბიჭი პრეზიდენტი ჯერ არ მინახავს. პასუხი გავეცი, მაგრამ ჩემი მიკროფონი გამორთული ყოფილა და ვერავინ გაიგო, რა ვუთხარი. გადაცემის დამთავრებისთანავე ბატონი გიორგი ისე გაქრა, რომ თვალი ვეღარავინ მოჰკრა.

- მაინც რა უპასუხეთ?

- შენი "პატრონი" მოასვენე-მეთქი! საზოგადოებამ უნდა გააანალიზოს, რას მოუტანს ასეთი გაუწონასწორებელი პრეზიდენტის არჩევა ქვეყანას.

ჩვენ დავუკავშირდით შოთა უტიაშვილს, რომელმაც გიორგი თარგამაძეზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ კომენტარის გკეთება არ ისურვა.