ნინო ბურჯანაძეს Facebook-ზე

ნინო ბურჯანაძეს Facebook-ზე "ლაიქების" მოპარვაში ადანაშაულებენ

თუ პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი არ ხართ და სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" მისი გვერდის "დალაიქებაზე" არც გიფიქრიათ, მაგრამ აღმოაჩენთ, რომ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, თქვენი ერთი "ლაიქი" მაინც მის "ანგარიშზეა", ნუ ინერვიულებთ - ამნეზია არ გჭირთ და არ დაგვიწყებიათ, როდის მოიწონეთ ბურჯანაძის საარჩევნო გვერდი. საქმე, როგორც ჩანს, "ჯადოსნურ ჯოხშია", რომელიც "ფეისბუქში" ბურჯანაძის გვერდს თქვენი "ლაიქებით" ისე ამარაგებს, რომ თქვენ არაფერს გეკითხებათ...

ეჭვი, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგით იბრძვის, არასამართლიანი მეთოდებით ცდილობს სოციალურ ქსელში ლაიქების მოგროვებას, რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ფეისბუქის" მომხმარებლებმა ბურჯანაძის და მისი დამხმარე პირების "ჯადოსნობის" შედეგად საკუთარი თავიც იმ ადამიანთა ნუსხაში აღმოაჩინეს, რომლებსაც "ბურჯანაძე არ მოსწონთ, მაგრამ მაინც მოსწონთ". მათ შორის საკუთარ თავს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომლებმა, "ქართული ოცნების" არაერთმა აქტივისტმა და უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა დეპუტატმაც კი მიაგნო.

"ბურჯანაძე, ნუ ცდილობ ჩემი ლაიქის მოპოვებას ქურდულად, ფბ ლაიქები არ გიშველის და ნუ აყალბებთ! როგორ აღმოჩნდა ჩემი ლაიქი ბურჯანაძის ფბ გვერდზე, როცა დავიფიცები, რომ არასდროს დამილაიქებია?! – პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის თანამშრომელი ანა გოჩაშვილი ერთადერთი არაა, რომელიც საკუთარი პოსტით პასუხს მოითხოვს შეკითხვაზე, როგორ მოიწონა ბურჯანაძის გვერდი მაშინ, როცა არ მოუწონებია.

"ელენე ბასლანძე არის 9 წლის ბავშვი და ზუსტად ვიცი, რომ ნინო ბურჯანაძის გვერდს არ დაალაიქებდა", "ბურჯანაძის გვერდი როდის მოვიწონე არ მახსოვს, სამაგიეროდ, ზუსტად ვიცი, რომ ამ ქალს ვერ ვიტან, ვინმე ამიხსნის მარტო მე მაქვს ასეთი პრობლემა, თუ საზოგადოდ ყველას გვანერვიულებს ეს ქალი?" - ბურჯანაძის "ჯადოსნობით" უკმაყოფილო ადამიანები საკუთარ შეშფოთებას მხოლოდ "ფეისბუქის" თავიანთ გვერდზე არ გამოხატავენ –კომენტარებს ისინი თავად პრეზიდენტობის კანდიდატის გვერდზეც ტოვებენ, თუმცა მათ უკმაყოფილებაზე ბურჯანაძის გვერდის ”ადმინის” პასუხი მხოლოდ ერთადერთია – ასეთი ტიპის კომენტარების დაუყოვნებლივ
გაქრობა.

იყო რამდენიმე შემთხვევაც, როცა უკმაყოფილო პირებს მათი კომენტარების წაშლამდე ნინო ბურჯანაძის დაცვის წევრმა ლევან ფიფიამ "უპასუხა" და "საქმის გასარჩევად" მავანი პარტიის ოფისშიც დაიბარა. ფიფიას ასეთმა გაცხარებამ შეიძლება ისიც გვაფიქრებინოს, რომ ის ერთ-ერთია, რომელიც ბურჯანაძის გვერდის პოპულარიზაციას ეწევა, მით უმეტეს, რომ როგორც "ამბები. გე"-მ აღმოაჩინა, არაერთი "ფეისბუქგვერდი" აქვს მოწონებული, რომლებიც "ლაიქების" მოპოვების სქემებს შეეხება: მაგალითისთვის "ლაიქები უფასოდ", "ლაიქების გაცვლა – გვერდების ყიდვა-გაყიდვა", "100 % ქართული ლაიქები" და ა.შ.

ბურჯანაძის და მის "ლაიქებზე" მომუშავე პირთა "ჯადოსნური ჯოხი" პირადად მე არ მომწვდენია, თუმცა "ფეისბუქი" თითქმის ყოველწამს მატყობინებს, რომ "დემოკრატიული მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის გვერდი ჩემმა კიდევ ბევრმა მეგობარმა "მოიწონა". ისევ მატყუებს თუ არა ბურჯანაძე, რომელიც გაპრეზიდენტების შემთხვევაში ყველგან და ყველასთვის სამართლიანობის აღდგენას გეგმავს, საკუთარ მეგობრებთან აღარ ვინტერესდები - ციფრები ყველაფერზე მეტყველებენ.

მასალაზე მუშაობის დაწყებისას "დემოკრატიული მოძრაობის" "ფეისბუქის" გვერდს 81 103 "ლაიქი" ჰქონდა, წერის დამთავრებისას – 15-20 წუთის შემდეგ კი 81 356. ამ მაჩვენებლით ბურჯანაძე თითქმის 30 ათასი "ლაიქით" ლიდერობს "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც პრეზიდენტობის ერთადერთი ქალი კანდიდატი მთავარ კონკურენტად მიიჩნევს. "ლაიქების" ომს ბურჯანაძე აკრძალული მეთოდით ამ დრომდე აგრძელებს...