შაქარი ერთბაშად გაძვირდა - ბიზნესმენები ხელს ადგილობრივი ქარხნისკენ იშვერენ

შაქარი ერთბაშად გაძვირდა - ბიზნესმენები ხელს ადგილობრივი ქარხნისკენ იშვერენ

ერთი თვეც არ არის, რაც შაქრის იმპორტზე გადასახადი დაწესდა და ამ ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ძირითადი მოხმარების საკვები პროდუქტი მნიშვნელოვნად გაძვირდა. როგორც ირკვევა, ადგილობრივმა მწარმოებელმა იმპორტის ხელოვნურად შეზღუდვით ისარგებლა და პროდუქცია მყისვე გააძვირა. საცალო ქსელში 1 კგ ასაწონო შაქრის ღირებულება უკვე 2,70 ლარის ფარგლებშია.

2023 წლის 11 ნოემბერს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელდა ინფორმაცია იმპორტის საფასურის დაწესების შესახებ, რასაც ბაზარზე მალევე მოჰყვა რეაგირება.

დღესდღეობით 1 ტომარა შაქრის ფასი საბითუმო ბაზარზე დაახლოებით 10%-ით არის გაძვირებული, თუმცა პროდუქტი გაცილებით ძვირია და საცალო გაყიდვების ქსელში და ფასი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი.

თუკი გადასახადის დაწესებამდე 1 ტომარა შაქრის ღირებულება 112 ლარს შეადგენდა (აგარის შაქარი 118 ლარი ღირდა), დღეის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 126 ლარია. მიზეზი ისაა, რომ იაფი იმპორტი ვეღარ შემოდის, აგარის ქარხანამ კი 1 ტომარა შაქრის ღირებულება 8 ლარით გაზარდა. რაც შეეხება სუპერმარკეტების ფასს, 1 კგ შაქრის ღირებულება დაახლოებით 1 თვის წინ 2,35 ლარი იყო, დღეს ფასმა 2,70-ლარიან ნიშნულს მიაღწია.

ინდმეწარმე თენგიზ ფაცაცია, რომელიც შაქრის მსხვილი იმპორტიორია, აცხადებს, რომ გადასახადის დაწესებამ ბაზარზე უკონკურენტო გარემო შექმნა, რამაც ფასის ზრდა დაასტიმულირა.

„სამომხმარებლო ბაზარზე შაქარი მკვეთრად არის გაძვირებული, რაც პირდაპირ უკავშირდება გადასახადის დაწესებას, რის გამოც კომპანიები აღმოჩნდნენ უკონკურენტო ვითარებაში. ჩვენ იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვაწარმოებდით, ბოლო პერიოდში იძულებული ვართ ერთადერთი კომპანიისგან ვიყიდოთ პროდუქტი - „აგარის“ ქარხნისგან, რომელიც დღეს ბაზარზე მთავარი მოთამაშეა. სანამ დისტრიბუციამდე მივა პროდუქტი, ფაქტობრივად, ორჯერ არის გაძვირებული იმასთან შედარებით, რა ფასადაც დისტრიბუცია ყიდულობს და ყიდის“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ იმპორტიორმა.

რამდენიმე დღის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებდა, რომ იმპორტზე დამატებითი გადასახადის შემოღების მთავარი ფაქტორი ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა იყო.

„საკითხზე აქტიურად მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ პროცესების საქმის კურსში ვართ, რა როგორ მიდიოდა. მთავარი წინაპირობა ამ გადაწყვეტილებისთვის, შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოება და 500-მდე დასაქმებულის და ამ საწარმოს ხელშეწყობაა.

დღეს შეიქმნა ის ვითარება ბაზარზე, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, რომ ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა და აქედან გამომდინარე, ეკონომიკის სამინისტრომ კონკურენტული პირობების შესაქმნელად შესაბამისი სამუშაოები განახორციელა შესაბამის სამსახურებთან ერთად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო“, - განაცხადა შამუგიამ და დასძინა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზანია ბაზარზე შაქრის ფასის შენარჩუნებაა.

თუმცა შაქარი მაინც გაძვირდა და როგორც აღვნიშნეთ, ტენდენცია შესაძლოა, გაგრძელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია „ელ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა ირაკლი გოგიბერაშვილმაც ისაუბრა.

„შაქრის გლობალურ ბაზრებზე მაღალი ფასებია, ასეთ პირობებში დამატებითი გადასახადის შემოღება ბუნებრივად გამოიწვევს საცალო ღირებულების გაზრდას, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან არის იმპორტირებული. ამას უკვე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. დახლებზე ძალიან რთულია კონტროლი, თუ საიდან არის პროდუქტი შემოტანილი. ინერციით მიჰყვება ბაზარი ცვლილებას და შაქარი მასობრივად გაძვირდება. ცხადია, ფასი მოიმატებს დაწესებული საფასურის შესაბამისად, 400-ლარიანი ტარიფი პროდუქტის ღირებულებაზე გადანაწილდება და ცვლილება 1 კილოგრამ შაქარზე დაახლოებით 25 თეთრის ფარგლებში იქნება. ჩემი აზრით, შეიძლება 2,80-ლარიან ნიშნულსაც მიაღწიოს ფასმა, მით უმეტეს, იაფი იმპორტის წყარო უკვე აღარ იქნება. ახლა მთავარია, გლობალურ ბაზრებზე არსებული ფასი შენარჩუნდეს, თუმცა ესეც საეჭვოა“, - აღნიშნა ირაკლი გოგიბერაშვილმა.

თომა ინდმეწარმე და მსხვილი იმპორტიორი, მხოლოდ ქართულ რეალობაში თუ იქნება.
11 თვის უკან