წყენის მნიშვნელობა პოლიტიკაში

წყენის მნიშვნელობა პოლიტიკაში

გთავაზობთ ამონარიდს მსოფლიო გეოპოლიტიკური ენციკლოპედიის მეათე ტომიდან:

“ქართველები - ერი, რომელიც ცუდ ტონად თვლის მადლობის თქმას”.

და კიდევ:

“ქართველები - ერი, რომელიც უმადურად ტკენს გულს თავის ხელისუფალს.”

მეტი რა ქნან, სხვანაირად როგორ დაწერონ!

ხომ ფაქტია, პრემიერ-მინისტრსაც ვაწყენინეთ რაღაც!

და ღმერთმა ნუ ქნას, მეორე ტურამდე მივიდეთ, თორემ საშვილიშვილოდ გაგვებუტება. მისი კანდიდატიც, ჩანს, დიდ წყენებზეა ორიენტირებული - ვაი და, მეორე ტურის ჯერი დადგეს (ჯვარი აქაურობას), თურმე, არც ის მოინდომებს ბრძოლის გაგრძელებას. ჰოდა, კი შეგვრჩებიან ისინი, ვისაც სულ რომ თავზე აყარო ქოქოლა, მაინც ვერაფრით გაანაწყენებ: რამ უნდა გაბუტოს ამ გზაზე ან ბ-ნი ბაქრაძე, ან ქ-ნი ბურჯანაძე, ან ბ-ნი თარგამაძე!

ნუ, ბ-ნ ბაქრაძეში კიდევ არის რაღაც ადამიანური (თან შეიძლება ისევ მიხეილ სააკაშვილმა გამოუხტუნოს რაიმე საწყენი - ალბათ, ისედაც ძლივს იტანს, ეს რომ იყრის კენჭს ნაციონალური მოძრაობიდან და არა თვითონ), მაგრამ დანარჩენებს ნერვები არც აქვს: არაფერი სწყნით, რადგან ყველაფრისთვის მზად არიან.

რა უნდა მოხდეს, რომ ქ-ნ ბურჯანაძეს, ან ბ-ნ თარგამაძეს გული ატკინოს ქართველმა ერმა? მე მგონი, ყველაზე საშიში და სახიფათო სწორედ ის პოლიტიკოსია, ვისაც გაბუტვა და წყენისგან დასევდიანება არ შეუძლია. ამათთვის წმინდა არაფერია.

ბოღმებზე არ ვამბობ, ბოღმა სხვაა. ბოღმები შურისმაძიებლები არიან, ბუტიებს კი მორალი აქვთ.

ჰოდა, წყენიები თუ განზე გადგნენ და ვერნაწყენებიღა შეგვრჩნენ, მაინც კარგად ყოფილა ჩვენი საქმე.

ამიტომ, ცოტათი მაინც შევცდები განსაკუთრებით მოწყვლადების დამშვიდებას.

აგერ, ბ-ნი ივანიშვილიც მიდის და ბ-ნი სააკაშვილიც. პირველი რაღაცნაირად ფეთიანივით გარბის, მეორე კბილთა ღრჭენით გვტოვებს, თუმცა, როგორც არ უნდა იყოს საქმე, მადლობა, ჩემი აზრით, ორივეს ეკუთვნის.

პრემიერ-მინისტრის მთავარი დამსახურება ისაა, რომ ქართულ პოლიტიკას ფატალიზმი და ისტერიულობა გამოაცალა. გახსოვთ, რა ხდებოდა შარშან არჩევნების წინ? მაქსიმუმ, მესამე მსოფლიო ომის დაწყებას ველოდით და, მინიმუმ, აპოკალიპტური ბაყაყების წვიმას. ახლა კი, მართალია, ჩხუბობს (და ჩხუბობს კლასიკურ, მე ვიტყოდი, აკადემიურ იმერულ ტრადიციებში), მაგრამ საშიშს არაფერს სჩადის. უბრალოდ, არ გვეშინია და მორჩა. ჩხუბის კლასიკური იმერული ტრადიციაც სწორედ ამას გულისხმობს: ჩხუბობ, მაგრამ მშვიდად ხარ.

მიუხედავად ჩვეული ისტორიული პრობლემებისა, ეს ერთი წელიწადი საქართველომ, პრინციპში, მშვიდად გაიარა: დიდი სტრესები ნაკლებად იყო, ხოლო ისტერიკა და პოლიტიკური შიზოფრენია საერთოდ გაქრა.
პოლიტიკა გახდა ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო - ბანალური. წინა წლებისგან განსხვავებით, პოლიტიკოსები არ გვივარდებოდნენ ჩვენს ბიოგრაფიებში. ეს კი, ვფიქრობ, დასაფასებელია.

მოქმედი პრეზიდენტის ბოლო, მთავარი დამსახურება კი ისაა, რომ მან შარშან ერთ ღამეში მოახერხა სასწაულებრივი გარდასახვა: მშვიდობიანად აღიარა დამარცხება (პირველად კავკასიაში), ისევ იქცა სახელმწიფო მოღვაწედ (რასაც “ვარდების რევოლუციის” მერე ტრაგიკულად იშვიათად ახერხებდა) და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მტრად არ მოეკიდა თავის ქვეყანას. დემოკრატიულ ქვეყნად, რეალურად, იმ ღამეს ვიქეცით, ამიტომ, ვფიქრობ, ესეც დასაფასებელია.

ახლა კი ყველაფერი პოლიტიკოსთა ბანალურობაზე და ჩვენს ადეკვატურობაზეა დამოკიდებული. იმედია, ფატალისტებითა და პოლიტიკური მესიებით არც ჩვენ შევიწუხებთ თავს და აღარც ისინი შეგვაწუხებენ. მინდა ვიფიქრო, რომ მათი დრო არცთუ შორეულ წარსულს ჩაბარდა. მით უმეტეს იმ პოლიტიკოსების, რომელთაც არაფერი სწყინთ და რომელნიც რატომღაც რკინისებრებად იწოდებიან.