გიორგი მარგველაშვილი: "თუ ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება, გვგონია, ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას და არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი ავაშენოთ ქვეყანა, როგორზეც ვოცნებობთ, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ეკარგება"
"მე და ბიძინა ივანიშვილს ერთი პოზიცია გვაქვს. პარტნიორები იმიტომ კი არ ვართ, რომ პრეზიდენტი გავხდე - ეს ქვეყნის მშენებლობაში პარტნიორობაა. სხვათა შორის, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ზემოხსენებულ თემაზე საუბრობდა, აქცენტი იყო იმაზე, რომ მეორე ტური არ იქნებოდა. თუ 27 ოქტომბერს ჩვენი და ჩვენი ოპონენტების ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მივა საარჩევნო ყუთთან, ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ", - აცხადებს კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"ვვარაუდობ, რომ ხმების 70-75%-ს მივიღებ".
"მოდით, პროცედურულად კი არა, პოლიტიკურად შევაფასოთ, რას ნიშნავს მეორე ტური. ბიძინა ივანიშვილის კოალიციამ დაამთავრა ცხრაწლიანი პოლიციური რეჟიმი - ყველა ოჯახში შესული იყო პოლიციის უხილავი ხელი - პრობაციონერის, ნაწამები და დაპატიმრებული ხალხის, კონტროლირებადი მედიის თუ ეკონომიკური ბერკეტების სახით. ქვეყანა იყო ეკონომიკურად წელში გაწყვეტილი, ომში დამარცხებული და შეურაცხყოფილი. შარშან ხალხის ნებით კოალიციამ შეუძლებელი შეძლო - ხელისუფლება წაართვა ქვეყნის დამტერორებლებს. 1 წლის განმავლობაში სახელმწიფო შემოვატრიალეთ ადამიანისკენ - ეს გამოიხატა პოლიციის სრულ დეპოლიტიზებაში - ის აღარ არის დათრგუნვის მანქანა; მედიის, ბიზნესის გათავისუფლებაში; სახელმწიფომ არნახული სიუხვით დააფინანსა სოციალური პროგრამები - უფასო ჯანდაცვა 2,5 მილიონი საქართველოს მოქალაქისთვის, დაზღვევა, გაზრდილი პენსიები და შემწეობები, მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა, გაძლიერებული ინფრასტრუქტურული პროექტები, უპრეცედენტო სოფლის მეურნეობის პროგრამა, ორგანიზებული რთველი კახეთში და ა.შ... რაც მთავარია, ეს ხდება კოაბიტაციის რეჟიმში, როდესაც მთელი საპრეზიდენტო ინსტიტუტი და უმცირესობა ხელისუფლების დისკრედიტაციით იყო დაკავებული და ხან რევოლუციებს აანონსებდნენ და ხან კონსტიტუციურ კრიზისებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი.
"ამ ფონზე კითხვის დასმა: უნდა თუ არა მოსახლეობას უკან, ცხრაწლიან ტანჯვასა და სააკაშვილის რეჟიმში დაბრუნება, მოდელირებული "ქრონიკის" კითხვაა. შესაბამისად, კითხვა: არჩევნებში უნდა მიიღოს თუ არა "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50%-ზე მეტი, არარეალური, სიურრეალისტურია. ბიძინა ივანიშვილიც და მეც ნათლად ვაცხადებთ: პრაქტიკულადაც და თეორიულადაც შეუძლებელია, რომ მოსახლეობას სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნება უნდოდეს. შესაბამისად, როდესაც გეკითხებიან, იქნება თუ არა მეორე ტური, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: თუ ასე ძალიან ვცდებით შეფასებებში, თუ ბიძინა ივანიშვილსაც და მეც ასე ძალიან გვეშლება და გვგონია, რომ ამომრჩეველთა უდიდესი უმრავლესობა ჩვენ გვაძლევს ხმას, მაშინ ასევე არასწორად დაგვიგეგმავს რეფორმები და ქვეყნის განვითარება. ბიძინა ივანიშვილის თვითმიზანი რომ არ არის თანამდებობა, ყველამ კარგად იცის. არც ჩემთვის არის თვითმიზანი, რომ რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუგო. ჩემი მიზანია, ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორზეც ვოცნებობთ და თუ არ არსებობს საამისო საზოგადოებრივი კონსენსუსი და ჩვენს მოსახლეობას არ სურს აყვავებული და განვითარებული ქვეყნის აშენება, მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ეკარგება", - მიიჩნევს "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.
"რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს პროცესი მიმდინარეობს ისევე, როგორი პოლიტიკური ძალაც ვართ, ანუ თანამედროვე ევროპულ სამართლებრივ რეჟიმში. საქართველოში სამართლიანობა აღდგა იმ მომენტიდან, როდესაც ქვეყანაში შეწყდა პოლიციური რეჟიმი და ადამიანთა დევნა. სამართალდარღვევები გამოსწორდება ნელ-ნელა და სამართლებრივად. ნებისმიერი იდეოლოგია, რომ თურმე ჩვენ სასამართლოს გზით კი არა, არამედ სააკაშვილის მსგავსი სამარცხვინო ფორმით უნდა აღვადგინოთ სამართლიანობა, სააკაშვილის, საბჭოთა მენტალიტეტის გამეორებაა. ჩვენ ვართ ცივილიზებული, ევროპული ძალა - ეს კი სამართლის უზენაესობას გულისხმობს. ისე, ღმერთმა დამიფაროს და, უკანონობისა და ლინჩის წესის მომხრეც რომ ვიყო, კონსტიტუციით ამის შესაძლებლობა არ არის", - დასძენს მარგველაშვილი და შეკითხვას - "თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები არჩევნების მომდევნო დღეებში? მაგალითად, ვანო მერაბიშვილის პროგნოზით ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა არეულობის მოწყობას გეგმავს", - პასუხობს:
"დააკვირდით, რა საინტერესო ვითარებაა. საქართველოში დავასრულეთ პოლიციური რეჟიმი, მაგრამ მივიღეთ უფრო კანონმორჩილი საზოგადოება. ამაში დიდი როლი მიუძღვის როგორც შსს-ს, ისე ქართველ საზოგადოებას. შარშანდელთან შედარებით თვისებრივად იკლო დანაშაულმა იმ ფონზე, რომ უპრეცედენტო ამნისტია გამოვაცხადეთ. ნებისმიერი ანტიკონსტიტუციური ქმედება შეუძლებელია იმიტომ, რომ მას მხარს არ დაუჭერს ხალხი. ასე რომ, "ნაციონალური მოძრაობის" ოცნება კრიზისების შესახებ მხოლოდ "მოდელირებული მენტალიტეტის" შედეგია".