ივანიშვილის თაფლობისთვე ელექტორატთან დასასრულს უახლოვდება

ივანიშვილის თაფლობისთვე ელექტორატთან დასასრულს უახლოვდება

"საქართველოს მილიარდერ პრემიერ-მინისტრს თანამდებობის დატოვება უნდა, მაგრამ დათმობს კი ძალაუფლებას?" – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული The Guardian-ის საკვირაო გამოცემა The Observer შონ უოკერის სტატიას ბიძინა ივანიშვილზე. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მილიარდერი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ხშირად აკრიტიკებენ, აცხადებს, რომ უბრალოდ ჩრდილში გადასვლა უნდა, თუმცა, ყველაფერი ასე ცხადად არ არის.

შონ უოკერი ასევე წერს, რომ საქართველოს მილიარდერ პრემიერს უკვირს მოსაზრება, თითქოს კრიტიკისადმი მგრძნობიარეა.

"პირიქით, - ირწმუნება ივანიშვილი მსუბუქი რუსული აქცენტით, - ძალიან მიყვარს კრიტიკა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის ეს", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს.
"თუმცა ყველა, ვინც თვალს ადევნებს ქართულ პოლიტიკაში ბოლოდროინდელ მოვლენებს, საპირისპიროს უნდა ფიქრობდეს. თავად ივანიშვილიც აღიარებს, რომ სურს მოსახლეობა და მედია ზოგჯერ უფრო კეთილგანწყობილი იყოს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ პოლიტიკაში ყოფნის ერთი წლის განმავლობაში მან ყველაფერი იღონა", - აღნიშნავს შონ უოკერი.

"საზოგადოება მხოლოდ კრიტიკით არ უნდა იყოს დაკავებული. მან უნდა დააფასოს კიდეც მთავრობა, როცა ის კარგად მუშაობა. მათ უნდა ჰქონდეთ ეს განცდაც, მაგრამ დღესდღეობით ეს განცდა არ არსებობს", - ციტირებს სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილის კომენტარს.

The Observer-ის ჟურნალისტი ასევე წერს, რომ 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლამდე, ივანიშვილი, რომელმაც ქონება 90-იანი წლების რუსეთში დააგროვა და "ფორბსის" რეიტინგით მსოფლიოს 200 უმდიდრეს ადამიანს შორის იყო, განდეგილივით ცხოვრობდა.

"გასული წლის ოქტომბერში ის მიხეილ სააკაშვილისადმი მიმართულ საყოველთაო უკმაყოფილებას შეურთდა და "ქართულ ოცნებაში" გააერთიანა მრავალფეროვანი ჯგუფები დაწყებული ქალაქის ინტელექტუალებიდან, დამთავრებული აგრესიული ნაციონალებით და უმრავლესობა მოიპოვა პარლამენტში", - წერს შონ უოკერი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა ბრიტანულ გამოცემას მცხეთაში, მცხეთობის დღესასწაულზე უმასპინძლა.

"ოთახის ფანჯრიდან, რომელშიც ჩვენი შეხვედრა შეხვდა, მე-11 საუკუნის ტაძარი ჩანს, რომლის ეზოც მათხოვრებითა და მორწმუნეებითაა სავსე, რომლებიც პირჯვარს იწერენ. მათ შორის გადაადგილდებიან შავ ანაფორებში გამოწყობილი მღვდლები. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილის რეფორმებისა და თბილისის განათებული და ღია კაფეების მიღმა, საქართველო კვლავ მეტწილად პროვინციული, კონსერვატული და ძალიან ღარიბი ქვეყანაა", - წერს შონ უოკერი.

როგორც The Observer-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნას კრიტიკოსები პოლიტიკურად, ეკონომიკურად და დიპლომატიურად დამღუპველად აფასებენ რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას საქართელოს პრემიერ-მინისტრი არ ეთანხმება კრიტიკოსთა მოსაზრებას და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით მიდის და ყოველივე ეს მხოლოდ ხმაური და ემოციებია.

"მაგრამ ის საყოველთაო მოლოდინი, რომ მილიარდერის ფული რიგითი ქართველებისკენ იქნებოდა მიმართული, არ გამართლდა. ივანიშვილის თაფლობისთვე ელექტორატთან კი დასასრულს უახლოვდება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ თავის შემცვლელს დაასახელებს და თავად ისევ თვალს მიეფარება", - წერს შონ უოკერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდმა საქართველოში სერიოზული ცვლილებები განახორციელეს და საქართველო არშემდგარი სახელმწიფოდან ახალბედა დემოკრატიის ქვეყანად გარდაქმნა. მისივე თქმით, ამას მოჰყვა 2008 წლის ხუთდღიანი ომი რუსეთთან, საპროტესტო აქციების დაშლა, ავტორიტარიზმში დადანაშაულება, რომლის იგნორირებაც თანდათანობით უფრო გართულდა.

"რევოლუციური ლიდერის შემდეგ, ბევრი მიხვდა, რომ ქვეყანას ამოსუნთქვა სჭირდებოდა. თბილისში მოღვაწე დიპლომატებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს დასამშვიდებლად "ვინმე მოსაწყენი" სჭირდებოდა. თუმცა ნაცვლად კომპეტენტური, ნაკლები ტექნოკრატის ნაცვლად, ქვეყანამ აირჩია კარჩაკეტილი ოლიგარქი, რომელიც დედაქალაქის თავზე, თანამედროვე სასახლეში ცხოვრობდა. ივანიშვილი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, თუმცა არავინ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა", - წერს შონ უოკერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ შუშის სასახლეში დამალული ჯადოქრის შესახებ უამრავი ჭორი დადიოდა – რომ ის ქვეყანაში ინკოგნიტოდ გადაადგილდებოდა და უამრავ ფულს გასცემდა მათთვის, ვისთვისაც საჭიროდ თვლიდა; რომ ჰყავდა ალბინოსი შვილი, რომელიც ამერიკელ რეპერ ვარსკვლავებთან ერთად ფარულად აკეთებდა ჩანაწერებს; რომ ივანიშვილს ჰყავდა ზებრები, ლემურები და კენგურუები. ამბობდნენ იმასაც, რომ მან თავისი პინგვინებისთვის ანტარქტიდიდან შეიძინა ახალი, ცოცხალი თევზი, რათა მათ ცუდად არ ეგრძნოთ თავი საქართველოს თბილ კლიმატურ პირობებში.

"ის იყო საიდუმლოებით მოცული ფიგურა, რომელმაც სააკაშვილის ბევრი რეფორმა დააფინანსა, მაგრამ ახლა ისინი მოსისხლე მტრები არიან და როგორც საბოლოოდ გაირკვა, ივანიშვილზე გავრცელებული ჭორები სიმართლე აღმოჩნდა", - წერს შონ უოკერი.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მასთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოფნიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს ევროპული დემოკრატიის ქვეყნად გარდაქმნის პროექტი პროცესშია, თუმცა დაბრკოლებები ექმნება სააკაშვილის მხრიდან.

The Observer-ის ჟურნალისტი ასევე წერს, რომ ივანიშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად ნაკლები პოლიტიკური გამოცდილების მქონე გიორგი მარგველაშვილი დაასახელა.

"თუმცა, მარგველაშვილი მაინც ლიდერობს გამოკითხვებში მიუხედავად იმისა, რომ როგორც მილიარდერი პრემიერი ამბობს, უამრავი ჭორი ვრცელდება მასზე, მედია კი უსაფუძვლოდ კრიტიკულია", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.

შონ უოკერი ასევე წერს, რომ რამდენიმე ხნის წინ ივანიშვილმა ოთხსაათიან ჭკუის სასწავლებელი შეხვედრა მოუწყო ჟურნალისტებს, მათ ფოსტალიონები უწოდა და ისინი ფაქტების გადამოუწმებლად გაშვებისთვის გალანძღა.

"ივანიშვილი უარყოფს, რომ კრიტიკაზე ასეთი გაღიზიანების მიზეზი ოლიგარქის განებივრებული ცხოვრების წესია, რომელიც გარშემორტყმული იყო ტკბილადმოუბარი მლიქვნელებით. როგორც თავად ამბობს უნდა, რომ ხალხმა ფაქტები დაუმახინჯებლად მიიღოს", - წერს შონ უოკერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებსა და ექსპერტებს, რომელთაც პრემიერი შეხვდა, მან არგუმენტები მოსთხოვა. თუმცა, როგორც ივანიშვილმა ბრიტანულ გამოცემას განუცხადა, მათ არგუმენტები ვერ წარმოუდგინეს და შეურაცხყოფილები დარჩნენ, რის გამოც თქვეს, რომ პრემიერს კრიტიკა არ უყვარს.

"კი ბატონო, გამაკრიტიკეთ, მაგრამ არგუმენტებულად და ნუ ამბობთ ისეთ რაღაცეებს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - ციტირებს სტატიის ავტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ბიძინა ივანიშვილი ენთუზიაზმით არც უცხოური მედიის მიმართ არის განწყობილი. როგორც ბრიტანულ გამოცემასთან, პრემიერის პიარსამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, უცხოელი ჟურნალისტები მის ზებრებზე წერას ამჯობინებენ, ნაცვლად მისი საქმიანობისა.

"შესაძლოა ეს იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრას თავის საზაფხულო რეზიდენციაში ამჯობინებს, სადაც ზებრები ჰყავს და არა – სამუშაო ოფისში. ჟურნალისტისთვის პატარა ზებრის ჩვენებით, სავარაუდოდ ის პირველ რიგში, ზებრაზე დაწერს და მერე სოფლის მეურნეობის რეფორმაზე. ერთი წლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ზებრების ჩვენებით, ივანიშვილი ამას ისევ ვერ ხვდება", - წერს შონ უოკერი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშავს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუნდის რამდენიმე წევრს სჯერა, რომ პრემიერს საქართველოსთვის კარგი უნდა და უკვე ოპოზიციის წარმომადგენლებიც სერიოზულად,აღარ აცხადებენ, რომ ის კრემლის მარიონეტია. თუმცა, პირად საუბრებში ბევრი აცხადებს, რომ ივანიშვილის საუკეთესო თვისება არ არის სხვებისგან რჩევის ან მედიის საშუალებით გზავნილის მიღება.

როგორც შონ უოკერი წერს, ივანიშვილი საპრემიერო კანდიდატის დასახელების საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს, როცა თავად გაემიჯნება პოლიტიკას და საყოველთაო ბენეფიციარი გახდება, რომელიც მთავრობას ფულით უზრუნველყოფს და გააკონტროლებს მას.

"ცოტა არ იყოს საშიშად ჟღერს. ხვდება კი ივანიშვილის იმას, რომ როგორც მიკერძოებული პოლიტიკური ფიგურა მას გაუჭირდება სამოქალაქო საზოგადოების ბენეფიციარობა", - წერს შონ უოკერი და ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ის აღარ იქნება პოლიტიკოსი.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ The Observer-თან შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, თუ მისი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმების 60%-ზე ნაკლებს მიიღებს და ენთუზიაზმს დაკარგავს.

The Observer-ის ჟურნალისტი ასევე ციტირებს გიგა ბოკერის სიტყვებს, რომელიც აცხადებს, რომ მილიარდერმა პრემიერმა შეგნებულად აირჩია სუსტი და პოლიტიკურად გამოუცდელი ფიგურა საპრეზიდენტო კანდიდატად და სავარაუდოდ, თავის მემკვიდრედაც ახალბედა პოლიტიკოსს აირჩევს.

"90-იანი წლების რუსეთში მოღვაწე ყველა ოლიგარქის ოცნება კულისებიდან პოლიტიკის გაკონტროლება იყო. რა თქმა უნდა, რუსეთში მათ არასწორად შეარჩიეს პუტინი და ყველაფერი არასწორად წარიმართა", - ციტირებს სტატიის ავტორი გიგა ბოკერიას სიტყვებს.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილი მაინდამაინც არ ცდილობს იმაში დარწმუნებას, როგორ შეუწყობს ხელს საუკეთესო ევროპული დემოკრატიის ზრდას მისი როლი კულისებიდან.

"საზოგადოებასთან ერთად, მე გავაკონტროლებ მთავრობას, რომელსაც დავტოვებ. არ მინდა ახლა ვილაპარაკო იმ მექანიზმზე, რომლითაც ვიმოქმედებ", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა The Observer-თან საუბრისას.