"ამომრჩევლის პასიურობა "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ იმუშავებს

ვახტანგ ძაბირაძე - "თუ საჭიროება შეიქმნა და "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურზე უარი თქვა, ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, წყალში ჩაიყრება"

"ხალხში არ იგრძნობა, რომ არჩევნები ტარდება. თუმცა, საკამათოა, - ეს სიმშვიდეა თუ თვლემა! ამის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობის თვალში "არჩეულია" პრეზიდენტიც და პრემიერიც - ბიძინა ივანიშვილი. მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ივანიშვილი და არა ის, რას გვპირდება მარგველაშვილი. ამიტომაც არჩევნებისადმი ცოტა ინდიფერენტული განწყობაა, რაც არასწორია. ამომრჩევლის პასიურობა ძალიან მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს - ეს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ იმუშავებს", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ამომრჩევლის პასიურობა "ქართული ოცნების" საწინააღმდეგოდ იმუშავებს / "თუ ამის საჭიროება შეიქმნა და "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურზე უარი თქვა, ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, წყალში ჩაიყრება"

"მოტივაცია გაცილებით დიდი აქვთ პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებს - ნინო ბურჯანაძეს და დავით ბაქრაძეს. მეორე ადგილის დაკავება და მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირება "ნაციონალებისთვის", ფაქტობრივად, გადარჩენასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება ბურჯანაძეს, ამომრჩეველთა ის კატეგორია, რომელიც განაწყენებულია "ქართულ ოცნებაზე" სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, აუცილებლად მივა არჩევნებზე. მოკლედ, ერთადერთი, ვინც შეიძლება არ მივიდეს 27 ოქტომბერს საარჩევნო უბანში, "ქართული ოცნების" მხარდამჭერია: იმდენჯერ ითქვა, ნებისმიერ შემთხვევაში მარგველაშვილი გაიმარჯვებსო, ხალხმა შესაძლოა, ჩათვალოს, მივალ თუ არა, წარმატება მაინც გარანტირებულიაო. როგორც ჩანს, ასეთი კატეგორიის ამომრჩევლის გამოფხიზლებას ისახავდა მიზნად ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები მეორე ტურის თაობაზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტტან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"არ მგონია, "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას - "მინდა-არ მინდას" დონეზე ვერ გადაწყდება საქმე. არასწორი იქნება, თუნდაც 45%-იან მხარდაჭერაზე უარის თქმა. არ ვიცი, რატომ აქვს აკვიატებული "ქართულ ოცნებას", რომ აუცილებლად პირველ ტურში უნდა მოიგოს. თუ ქვეყნის დემოკრატიზაციაზე ვლაპარაკობთ, თუ არის მეორე ტურის ჩატარების ობიექტური ბაზა, რატომ უნდა იყოს ეს ვინმესთვის შეურაცხმყოფელი?! პირდაპირ გეტყვით - თუ ამის საჭიროება შეიქმნა და "ქართულმა ოცნებამ" მეორე ტურზე უარი თქვა, ყველაფერი, რაც აქამდე გაუკეთებია, წყალში ჩაიყრება. მადლი ქენი, ქვაზე დადეო, ნათქვამია. როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ და ამ საქმეს ხელს ჰკიდებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ადამიანურად შესაძლოა, დასწყდეს გული ივანიშვილს, მაგრამ არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას გაებუტო. იმედია, ასე არ მოხდება", - მიიჩნევს ექსპერტი.

"მირჩევნია, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, ვიდრე მარგველაშვილი და ბაქრაძე. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არაფერი შეცვლილა და ძველი პარტიული იერარქია შეინარჩუნეს. სხვათა შორის, "ნაციონალები" ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხარდაჭერა არ აქვთ. 1990 წელს ყველას გვეგონა, რომ კომუნისტები 5-პროცენტიან ბარიერსაც ვერ გადალახავდნენ, არადა დაახლოებით 30% მიიღეს, ხაზს ვუსვამ - 1990 წელს, 9 აპრილის ტრაგედიიდან ერთ წელიწადში. კომუნისტებს დიდი სტრუქტურული რეზერვი ჰქონდათ და ასეთივე რეზერვი აქვთ "ნაციონალებს". გავიხსენოთ, რომ "ნაციონალები" პერსონალიების დონეზე აკონტროლებდნენ ამომრჩეველს და ეს სტრუქტურა შენარჩუნებული აქვთ. ისინი სექტასავით მუშაობენ. "ნაციონალური მოძრაობა" სახიფათო ძალაა და "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა ეს უნდა გაითვალისწინოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ოცნებას" არ მისცა დასავლეთმა საშუალება, ის გაეკეთებინა, რაც "ნაციონალებმა" გააკეთეს 2003 წელს. არავინ გვეუბნება, რომ სამართლიანობა არ აღდგეს, მაგრამ ეს ნელ-ნელა უნდა გაკეთდეს. ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არ სურს, სააკაშვილი ციხეში ნახოს. პრემიერი აბსოლუტურად სწორად იქცევა, როდესაც ასეთ საკითხებში ფრთხილობს. სჯობს, სააკაშვილი ვნახო ციხეში თუ დასავლეთთან ურთიერთობა გართულდეს? ასეთია კითხვა და პასუხი გასაგებია. რაღაცები უნდა დალაგდეს, აჩქარება არ არის საჭირო. ავიღოთ თუნდაც ჩამორთმეული ქონების საქმეები - თუ ვიღაცას ქონება წაართვეს, ბუნებრივია, უნდა დავუბრუნოთ, მაგრამ ისიც ხომ არ გვეკითხა, საიდან დააგროვა თავის დროზე ეს ქონება? თუ ბოლომდე გავყვებით ჩამორთმეული ქონებების საქმეს, "ცხრაას ჩვიდმეტში" ჩავალთ. ზოგიერთმა მაშინ გაგვძარცვა, როცა პრივატიზაცია მოხდა და ახლა იმას რომ წაართვეს, კიდევ ჩვენი გადასახდელია?! სიფრთხილეა საჭირო. ზოგადად, ამ საკითხის გადასაჭრელად აუცილებლად უნდა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც რაღაც პროცესებს შეაჩერებდა ან დააჩქარებდა. თუ დავკარგავ იმედს, რომ არ აღდგება სამართლიანობა, ვიწყებ მოქმედებას. იმედი არ უნდა დაიკარგოს, სახელმწიფომ კი არ უნდა ითამაშოს, არამედ რეალურად აკეთოს საქმე. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პროცესი დაიწყო და ადრე თუ გვიან დასრულდება", - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

"მთავარი პრობლემა გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით ისაა, რომ მოსახლეობა მიიჩნევს, არ არის საპრეზიდენტო კაციო და მას ივანიშვილი რომ გამოაცალო, რა შედეგი ექნება, გაურკვეველია. იგივე შეიძლება ითქვას ახალ პრემიერზე. თუ არ გაქვს ავტორიტეტი შენს გუნდში, რით აპირებ ხელისუფლების შენარჩუნებას? ჩნდება საშიშროება, ისევ დავცურდეთ იქ, სადაც ვიყავით. ვგულისხმობ იმას, რომ თუ მოსახლეობა არ იქნება საყრდენი, მაშინ მთავრობა ძალოვანი უწყება გახდება. ძალიან არ მინდა, რომ ასე მოხდეს. მე ჩემს აზრს გეტყვით - ივანიშვილს, რომელიც წავა, უცებ `დაივიწყებენ~ ანუ პოლიტიკურად ანგარიშს აღარ გაუწევენ. მას ზუსტად ისეთივე გავლენა ექნება მთავრობაზე, როგორიც ჰქონდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. სწორედ ამიტომ მეშინია, რომ ისევ იქ არ აღმოვჩნდეთ, სადაც ვიყავით. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერის გარეშე გარდამავალი პერიოდი დაეძლიოს", - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვას - "ბაჩო ახალაიას დასკვნითი სასამართლო გაიმართა. განაჩენი მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. ზოგიერთი ექსპერტი შიშობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კუბლაშვილის სასამართლოსგან ახალაიას გამართლებას ბომბის აფეთქების ეფექტი ექნება" - პასუხობს:

"ამას მართლაც ცუდი ამბები მოჰყვება. ვერ დავიჯერებ, რომ ბაჩო ახალაია უდანაშაულოა და არც მოსახლეობის უმრავლესობა დაიჯერებს. ეს დღევანდელი ხელისუფლებისადმი ზურგში დანის ჩარტყმის ტოლფასი იქნება".