ზურაბიშვილი შესაძლოა, გახარიას გუნდს შეუერთდეს

ზურაბიშვილი შესაძლოა, გახარიას გუნდს შეუერთდეს

„თქვენი ხმა ევროპას“, - საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაწყებული ხელმოწერების კამპანიას მედიის წარმომადგენლებისა შემდეგ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ. 10 დეკემბერს კი ამავე კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნებში მყოფ დიასპორასთან გაიმართება ტელეხიდი. ყველას, ვინც დაინტერესებულია ამ შეხვედრაში მონაწილეობით, სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს დაუკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროპა ეს არის გზა, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია.

ხელისუფლებასთან და მმართველ ძალასთან დაპირისპირებულმა პრეზიდენტმა, პრაქტიკულად, საარჩევნო კამპანია დაიწყო, რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. for.ge-ს ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან და არ არის გამორიცხული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი და გიორგი გახარიას ალიანსი ვიხილოთ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მაღალია ალბათობა, რომ არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. თუმცა, როგორც ირაკლი კობახიძე აცხადებს, ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი.

„ძალიან მაღალია ალბათობა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი-ორი თვით ადრე სალომე ზურაბიშვილი გადადგება და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა ყველამ კარგად იცის, სინამდვილეში როგორია ამ ადამიანის რეიტინგი, შესაბამისად, რა შანსი აქვს, რაიმე წვლილი შეიტანოს წინასაარჩევნოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გაძლიერებაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბოლოო ჯამში, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზურაბიშვილი, რომელმაც მას შემდეგ, რაც მკაფიოდ დაიკავა პროდასავლური პოზიცია და დაუპირისპირდა ხელისუფლებას და შეხვედრები დაიწყო საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, ამ ეტაპზე, რთული სათქმელია.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, საკმაოდ რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს სალომე ზურაბიშვილს, თუმცა თუ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ორი თვე ნამდვილად არ ეყოფა. მისი თქმით, მინიმუმ 6 თვე მაინც არის საჭირო, რომ რეალური და პერსპექტიული ძალა შექმნას.

„ვისთან გაერთიანდება - ესეც საკმაოდ რთული სათქმელია. მაგრამ, ზურაბიშვილი დღეს მთელს ოპოზიციურ სპექტრში აღიქმება ნეიტრალურ ფიგურად. ანუ, ზურაბიშვილი არ არის ის პოლიტიკოსი, რომლის მიმართ გაჩნდება ეჭვი, რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას უწევს ლობირებას. ის არის ნეიტრალური ფიგურა და უნდა გააერთიანოს თუ არა მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, ეს საკმაოდ რთული საკითხია და ამავე დროს პრობლემაა. მე, დღეს ვერ ვხედავ ზურაბიშვილის გარემოცვაში ისეთ გუნდს, რომელიც შეძლებს ამ ურთიერთობების დალაგებას. ამდენი პარტიის გაერთიანება და ერთ გუნდად ჩამოყალიბება ძალიან დიდი და, ამავე დროს, მტკივნეული პროცესია. ამასთანავე, მას სჭირდება გარკვეული გამოცდილება, როგორც არჩევნების ცოდნის, ასევე ორგანიზაციული თვალსაზრისით. ზურაბიშვილს ჯერჯერობით ასეთი გუნდი არ ჰყავს, მით უმეტეს, რომ ლაპარაკია ორი თვეზე“, - აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, 2011 წელს ივანიშვილის რეიტინგსა და დღეს, ზურაბიშვილის რეიტინგს შორის განსხვავებაა - ცა და დედამიწა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფული ივანიშვილს არ აკლდა, ისევე როგორც პოპულარობა, მთელი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ძალის ფორმირება მოეხდინა.

„ზურაბიშვილი თუ ამას ორ თვეში გააკეთებს, რაღაცა ძალიან საეჭვოა. გარდა ამისა, მას სჭირდება გუნდი, რომელიც მის გარემოცვაში ჯერჯერობით არ ჩანს. თუ არ გადადგა და დარჩა პრეზიდენტის პოსტზე, იდეური ლიდერობა გაუწიოს ამ გუნდს და იდეა ეს იქნება, რომ ჩვენ მივდივართ ევროპისკენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იქნება არაფრისთვის. აქ რეალური ბრძოლაა საჭირო, მაგრამ საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არის მისაღები.

ბრძოლისუნარიანი უნდა იყოს. მძიმე სამუშაოა, ბევრი პრობლემაა და დიდი თავის ტკივილია. გადადგამს ამ ნაბიჯს, თუ დარჩება ევროპულ მედროშედ, ვერ გეტყვით. ყველაფერს თავი დავანებოთ და ოპოზიციას რომ გადახედოთ, იმდენი პარტია არის და ამ პარტიებში იმდენი ამბიციაა, ცალ-ცალკე რომ გამოკითხო, სავარაუდოდ, ვინ რამდენ ხმას აიღებს, საქართველოში, ალბათ, 6 მილიონ ამომრჩეველამდე ავალთ. ასეთი ვითარებაა დღეს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, სავარაუდოდ, ირაკლი კობახიძის ეს განცხადება ეფუძნება სალომე ზურაბიშვილის გარემოცვიდან გამოჟონილ ინფორმაციას და ასე ხდება პოლიტიკაში, როდესაც ინფორმაციები გამოდის ოპოზიციური პარტიებიდან.

„ვხედავთ, რა ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. დღე არ გავა საკრებულოში ფრაქციები არ დატოვონ „ნაცმოძრაობის“ წევრებმა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკაში წასვლას - თბილისი პატარა ქალაქია, ყველაფერი ყოველთვის ცნობილია. ის ნამდვილად არ იქნება ძვირფასი პოლიტიკური აქტივი არც ერთი პარტიისთვის. თუ აპირებს, რომ ალიანსი შეკრას ეკა გიგაურთან, ნინო ლომჯარიასთან, თუ სხვა ურეიტინგო პოლიტიკურ ავტორებთან, მისი გადასაწყვეტია. დიდი ალბათობით, გამორიცხულია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობამ“ შეიფაროს, ან თვითონ წავიდეს იქ. „ნაცმოძრაობაში“ ახლა უარესი პრობლემებია, ვიდრე ახალი პოლიტიკოსების მიღება“, - აცხადებს აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, არ არის გამორიცხული, სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას ალიანსი. სოცქსელებიდან და ნაცმედიიდან ძალიან აშკარად ჩანს, რომ გახარიას თანაგუნდელები საკამაოდ პოზიტიურად არიან განწყობილი სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

„შეაძლოა, მათ აქვთ კულუარული მოლაპარაკებები, რომელიც რამდენიმე თვეში უკვე დასრულდება. მაგრამ, რატომღაც, ასე მგონია, რომ მისი დასაყრდენი გახდეს ურეიტინგო გახარიას პარტია და ამ შემთხვევაში რომელი უფრო ჩაძირავს ერთმანეთს, ეგეც საკითხავია. იმიტომ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილს პრაგმატული მოსაზრებები ექნებოდა და მოარული ხმებით არ იქნებოდა აგენტოკრატიის წევრი, მას უნდა ეფიქრა პრეზიდენტობის შემდეგ რომელიმე საერთაშორისო სტრუქტურაში გაეტარებინა რამოდენიმე წელი პენსიაზე გასვლამდე, მაგრამ ასე არჩია, რომ იყოს ძალიან ხისტად დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“ და მის ელექტორატთან. თუ გადაწყვიტა პარლამენტში შესვლა, ამ შემთხვევაში, ვისი იმედი ექნება, ესეც ძალიან სათუო არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ლევან ადეიშვილი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით, ზურაბიშვილი გახარიასთან შექმნის საარჩევნო ალიანსს. თვლის, რომ „ლელოში“ პრეზიდენტს არ ელოდებიან, რადგან იქ თავს მოიყრიან „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები მელიას ხელმძღვანელობით.

„პრინციპში, სალომე წავა იქ, სადაც ეტყვის დასავლეთი. ვფიქრობ, რომ გახარიასთან ერთად უფრო რეალურია, ვიდრე „ლელოში“. საკუთარი პარტიის შექმნას ვერც მოახერხებს და ვერც მოასწრებს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ დასავლეთი კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. ეგონა, რომ ბოკერიას „ევროპული საქართველო“ გაქაჩავდა, რაც არ გამოვიდა. ამის მერე „ლელო“ ჩამოაყალიბებინეს ხაზარაძეს, აგერ გახარია ცალკე პარტიად გამოიყვანეს, ახლა ჰგონიათ, რომ სალომეს აქვს რამე რეიტინგი?

ყოველ შემთხვევაში შეიძლება რეიტინგზე არ ფიქრობს, მაგრამ მქუხარე სახელია მაინც - საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გადადგა პროტესტის ნიშნად, გააკეთებს ათასგვარ განცხადებებს, დაგმობს ხელისუფლებას პრორუსულობაში, არჩევნების შესაძლო გაყალბებაში დასდებს ბრალს და, ალბათ, ამისთვის უნდათ ზურაბიშვილი, რომ აყვირონ და ყურადღება მიიქციონ. მაგრამ განწირულნი არიან“, - ამბობს ადეიშვილი.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგად ოპოზიცია იტივტივებს პოლიტიკურ ველზე, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ვერ მიიღოს ამომრჩევლის სრული მხარდაჭერა, მაგრამ, სავარაუდოდ, გადარჩება კოალიციურ მთავრობას.

„საბოლოო ჯამში, 2024 წლის მერე ამ ე.წ. პროდასავლური მე-5 კოლონის, ამ თახსირების ადგილი პოლიტიკაში არ უნდა იყოს. მთავარია, „ოცნებამ“ არ გააკეთოს ისე, რომ ხალხი ძალიან გაამწაროს. გავიხსენოთ იგივე ზურაბიშვილის არჩევნებზე რატომ არ გამოვიდა ხალხი? - იმიტომ, რომ გაბრაზებული იყო. ახლაც იგივე არ მოხდეს. თუ საპრეზიდენტო არჩევნებში იყო მეორე ტური, საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტური არ არის და ყველაზე მთავარი - პატივცემულ ივანიშვილს ვურჩევ, კიდევ ერთხელ, დაუშვას, ან თვითონ გააკეთოს სატელიტი პარტია, ან მისცეს კონსერვატულ ფლანგს საშუალება, შემოვიდნენ პოლიტიკაში, რომლებიც ათი თავით ჯობია მის დეპუტატებს, რომლებიც ჰყავს. ბევრად პატრიოტებიც არიან, ინტელექტუალებიც და რაც მთავარია, საქმეც გამოუვათ. ასეთ შემთხვევაში, იქნება გარანტია, რომ ეს მე-5 კოლონა, მინიმუმ, ვერ მოეთრევა ხელისუფლებაში და კოალიციურ მთავრობასაც გადავრჩებით. მაგრამ, საქმე ისაა, რამდენად შეძლებს ივანიშვილი ამას დათანხმდეს. ანუ მეტ-ნაკლებად ძალა-უფლება გაუყოს სხვას, რამდენად არ აწუხებს ამბიციები და საკუთარი თავის ზედმეტი რწმენა, რომ მარტოდაც გააკეთებს ყველაფერს სატელიტი პარტიების გარეშე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ლევან ადეიშვილმა.

 

ლევკოთეა გიგაური, ლომჯარია და მათი მსგავსები ურეიტინგო კი არა, ნეგატიური რეიტინგის მატარებლები არიან.
ნაცების გარდა (თვითონაც გენეტიკური ნაცები არიან) ნებისმიერ პარტიას რომ შეუერთდნენ, ეგრევე დაუგდებენ იმ პარტიას რეიტინგს. :))
5 თვის უკან
Gami აქამდე არ შეერთებია სალომეა გახარიას? აუჰ, ჩქარე მერე, ჩქარე...
5 თვის უკან
ცუგო- სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ უკვე გააერთიანა ოპოზიცია, 2018 წელს ყველა ერთ ხმაში აგინებდა მას...
5 თვის უკან