საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მცირდება. ფაქტობრივად, ეკონომიკა რეალურ სიტუაციას უბრუნდება. მიგრანტების ეფექტი ამოწურულია და უკვე აღარ მუშაობს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. მეორე მხრივ კი, საყურადღებოა ის, რომ საქართველო რეგიონის ლიდერად გადაიქცა. მან წელს დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა სომხეთი და განსაკუთრებით აზერბაიჯანი, რომელიც ბოლო წლებში საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ოდენობით ყოველთვის უსწრებდა.
2020-21-22 წლებში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი მშპ-ს მოცულობით, დაახლოებით, ერთ დონეზე იყვნენ (ოდნავ მეტი იყო ზრდა აზერბაიჯანში). შარშან საქართველოს აზერბაიჯანმა საგრძნობლად გაასწრო. წელს კი პოზიცია დაკარგა იქიდან გამომდინარე, რომ ყარაბახის ომის გამო ქვეყანაში დაძაბულობა და პოლიტიკურად არახელსაყრელი სიტუაციაა. სომხეთშიც ამოიწურა მიგრანტების ეფექტი და კონფლიქტის ნეგატიური გავლენაც დიდია.
2023 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 8108 დოლარს მიაღწევს (შარშან - 6676), აზერბაიჯანში - 7885 დოლარს (შარშან - 7751), ხოლო სომხეთში - 7530 დოლარს (შარშან - 6587). არის ყველა პირობაა, რომ 2024 წელს საქართველომ კიდევ უფრო განიმტკიცოს რეგიონში ლიდერობა, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა.
ოქტომბერში ზრდა, ძირითადად, მომსახურების დარგებმა განაპირობა, რომელთაგან მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის დარგები.
ფაქტს, რომ საქართველო რეგიონში ეკონომიკური ზრდით ლიდერ პოზიციაზეა, მთავრობის წევრები დადებითად აფასებენ და საუბრობენ იმ გარემოებებზე, რაც ტენდენციას განსაზღვრავს. ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო აქტივობის კუთხით დაფიქსირებული ტენდეციები, ასევე საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის პოზიტიური დინამიკა.
„მიმდინარე წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას უმეტესწილად მაღალი სავალუტო შემოდინებები და ინფლაციის შემცირების შედეგად გაზრდილი მსყიდველუნარიანობა განაპირობებს. ამასთან, ლარის სტაბილური კურსი მომხმარებლის და ბიზნეს განწყობებზე დადებითად მოქმედებს. შედეგად, დაჩქარებულია ბიზნეს აქტივობა და კერძო სექტორის მოხმარება, რომელთა კონტრიბუცია მშპ-ში მზარდია. ასევე, აღსანიშნავია, რომ მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯები მაღალ დონეზე ნარჩუნდება (ეკონომიკის ზომასთან მიმართებით 8.6%-ზეა დაგეგმილი ბიუჯეტში).
ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება 2023 წელს და ეკონომიკის ზომა 80 მლრდ ლარს მიაღწევს, რაც 30.3 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტია. ამასთან, მშპ ერთ სულ მოსახლეზე 8,108 აშშ დოლარს გაუტოლდება და საქართველო კავკასიის რეგიონში ლიდერ პოზიციას დაიკავებს. ათი თვის მაჩვენებლებით საქართველოს, როგორც ფართო რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა ცინცაძემ.
სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, კერძო სექტორის მხარდაჭერითა და კარგი საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკით შესაძლებელი ხდება კარგი მიზნების მიღწევა. ყოველ შემთხვევაში ამის ღრმად სწამს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ დუნდუას, რომელმაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე ისაუბრა.
„დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე ვითარება კარგი იქნება, ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი და მომდევნო წელსაც გვექნება შესაბამისი მაჩვენებელი იმისთვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად ვიმოქმედოთ და სოციალური ფონი გავაუმჯობესოთ“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.
ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ყურადღებას ამხავილებს იმ ფაქტზე, რომ მშპ-ს მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზი ბოლო 3 წელიწადში თითქმის გაორმაგდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ეს ყოველივე თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით განხორციელდა. საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და ეს რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა.
„პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით. 10%-ზე მეტი იყო ზრდა 2021-2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა. პირველ 9 თვეში 7%-იანი საშუალო ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბლა მოაქცია. მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდ ლარს მიაღწევს.
2023 წლის ბოლოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე მოსალოდნელია 8 000 დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.