"საზოგადოების მოლოდინები და ტრადიციული ქართული ზერელობა არ იძლევა რეალური პოლიტიკური სიტუაციის სწორად დანახვის საშუალებას. ამიტომ საზოგადოება ყოველთვის წაგებულია, რადგან არარეალურად, მოლოდინების დონეზე აკეთებს დასკვნებს და არ ითვალისწინებს რეალურ მოცემულობებს. მოცემულობები კი სრულიად სხვაა, ვიდრე ჩვენი საზოგადოების მოლოდინია. პოლიტიკური პროცესი უმკაცრესია, იგი არ ემორჩილება ვინმეს სურვილებს, მით უმეტეს, ხალხის სურვილებს. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახალი ხელისუფლების მხარდაჭერით სრულიად რეანიმირებულია, ძალამოკრებილია, ორგანიზებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი. გარედან მხარდაჭერა არა სახელმწიფო დონეზე, მაგრამ სოლიდური ჯგუფებისა - არსებობს. პარალელურად კი სამთავრობო კოალიცია "ქართული ოცნება" სულს ღაფავს", - აცხადებს ექსპერტი დემურ გიორგხელიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით დემურ გიორხელიძე: "ქართული ოცნება" სულს ღაფავს".
"როგორც კი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა, რამდენიმე თვეში ალბათ ყველაფერი გადაჯგუფდება. ეს არ არის პოლიტიკური ძალა - მე ამაზე არაერთხელ მივუთითე, არ არის გამოკვეთილი პოლიტიკური სისტემა და სტაბილური პოლიტიკური ლიდერები. საკმაოდ არასახარბიელო სიტუაციაა. ყველაფერი დამოკიდებულია დღეის მდგომარეობით ერთი კაცის ნებაზე და საზოგადოებასაც ასე სურს, რომ ერთმა პიროვნებამ მოუგვაროს მათ ყველა პრობლემა. ამ ერთ პიროვნებას კი ვხედავთ, რომ სახელმწიფოს მართვა არ შეუძლია. პრინციპში შეუძლებელია მეტ-ნაკლებად დემოკრატიული საზოგადოების ფარგლებში მართოს ერთმა პიროვნებმ ინსტიტუტების გარეშე, რადგან ინსტიტუტები მომენტალურად ჩაანაცვლა გარემოცვამ - როგორც არ უნდა ახსნას პრემიერ-მინისტრმა, იგი ეყრდნობა არა ინსტიტუტებს, არამედ საკუთარ გარემოცვას. სულაც არ მინდა ვისაუბრო, კარგია თუ ცუდი ეს მისი გარემოცვა და არჩევანი. ვხედავთ, ბიზნესისგან განსხვავებით, სახელმწიფო ათასჯერ უფრო რთული სამართავია. ეს ადრეც მივანიშნე მას. აქ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად საღი და მასშტაბური ხედვისაა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც უნდა იტვირთოს რეფორმები. დღეს ჩვენ გვაქვს დაშლისკენ მიმავალი კოალიცია და გაურკვეველი სიტუაცია,", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დემურ გიორეხელიძე.
"27 ოქტომბრის არჩევნები არის არა არჩევნები, არამედ ჩვენი საზოგადოების დიაგნოზი. მარგველაშვილს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას საზოგადოება ასე რომ განიხილავდეს, ელემენტარულ კითხვებს დასვამდა: რა პოლიტიკური ფიგურაა მარგველაშვილი? შეუძლია მართოს კრიზისული სიტუაციები? რა პოლიტიკური გუნდა უჭერს მხარს? - ის რომ იავანშვილის ხატრით კოალიცია მას მხარს უჭერს, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ხვალ კოალიცია არ იქნება, მაშინ მარგველაშვილის ზურგი ვინ იქნება? ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ისევ ის ზურგი ეყოლება, ვინც იმ დროს ჰყავდა, როცა საზოგადოება მოძრაობას იწყებდა. ხალხი ამასაც არ აქცევს ყურადღებას - საიდან მოდის მარგველაშვილი, საიდან გაუჩნდა ის ინსტიტუტი და საიდან დაფინანსდა, რომელ ჯგუფში იყო. ხალხს არაფერი არ აინტერესებს - ბიძინამ უთხრა - უფროსმა უთხრა, საზოგადოებას კი კითხვების დასმა არ უნდა და ბრმად აძლევს ხმას. ეს არის კატასტროფული დიაგნოზი. ამ პირობებში კვლავ ვიმეორებ ჩემს მოსაზრებას, რომ 27 ოქტომბერს ჩვენი ხალხი დაასამარებს თავის ილუზიას იმიტომ, ის, რასაც ის ელის, არის სრულიად გაუგებარი", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ახლა არაკები შემოდის - ვინც პრემიერ-მინისტრი იქნება, ის შექმნის ფანტასტიკურ პოლიტიკურ პარტიას და ყველაფერი კარგად წავა. პოლიტიკური პარტიები ფულით არ იქმნება, პარტიებს ქმნიან მსოფლმხედველობის მქონე ადამიანები, რომელთა აზროვნებაც, მენტალიტეტიც, პოლიტიკად ამოდის. მე სასწაულების არ მჯერა... ახალმე ხელისუფლებამ უდიდესი შეცდომა დაუშვა, რომ ერთი წლის თავზე არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მახინჯი კონსტიტუცია შეეცვალა და საკონსტიტუციაო ცვლილებები ახალი განხილვებისთვის მოემზადებინა. ახალი კონსტიტუცია პოლიტიკური სისტემის შექმნის საშუალებას მოგვცემდა. კოალიციამ ეს არ გააკეთა, ამდენად, ყველაფერი ისევ ჰაერშია გამოკიდებული.. ახლა დგება ყველაზე რთული მომენტი. რაკი კონსტიტუცია საყრდენად ვერ გამოდგება, რაგან წინა ხელისუფლების პირობებში კონსტიტუციას ტუალეტის ქაღთალდზე ნაკლები დანიშნულება ჰქონდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ დგება მთავარი მოთამაშეების გამოცდის საკითხი, რამდენად შეძლებენ კონსტიტუციურად მორყეულ, დაუბალანსებელ სახელმწიფოში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ მუშაობენ, გააკეთონ გამრღვევი ნაბიჯი, რომ შესაძლებელი გახდეს ცივილიზებული პოლიტიკური ცხოვრების წარმართვა რყევების გარეშე", - დასძენს დემურ გიორხელიძე.