,,ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაცია ვერ მოხერხდა, ,,ქართული ოცნება’‘ გამოაშკარავებულია’

,,ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაცია ვერ მოხერხდა, ,,ქართული ოცნება’‘ გამოაშკარავებულია’

27 ოქტომბრის შემდეგ ,,ქართულ ოცნებასა’‘ და ნაციონალურ მოძრაობას შორის კოჰაბიტაციის პროცესის დასრულებას არ ელის, პირიქით, აცხადებს, რომ ხელისუფლება საპარლამენტო უმცირესობის პოლიტიკურ გადარჩენაზე ზრუნავს და ნაციონალებთან ერთად, ორპარტიულ მმართველობაზე თანახმაა. ,,მოხეტიალე ფორვარდი’‘, საპრეზიდენტო კანდიდატი კობა დავითაშვილი ,,ვერსიასთან’‘ წინასაარჩევნო პროცესს აფასებს და ნაციონალური მოძრაობის გასამართლებას ითხოვს:
- ზოგადად, სოციოლოგიურ კვლევებს არ ვენდობი და თუ ვინმე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მცირე შანსი მაქვს, ტრაბახს არ დავიწყებ, ყველას თავმდაბლად ვუპასუხებ: თითოეული კანდიდატის შესაძლებლობებს არჩევნების დღეს გავიგებთ. სხვათა შორის, მეორე ტურის დანიშვნის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან სახელისუფლო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საკმაოდ სუსტი და საზოგადოებისთვის უცნობი პოლიტიკოსია. ბევრი რამ იმაზეცაა დამოკიდებული, რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი არჩევნების დღეს. თუ 27 ოქტომბერს ამომრჩევლის დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, შესაძლოა მეორე ტური საჭირო აღარ გახდეს. ვიმედოვნებ, მეორე ტურში გიორგი მარგველაშვილს დავუპირისპირდები, თუმცა არც ნინო ბურჯანაძის გასვლას გამოვრიცხავ.

- სამივე ერთად მეორე ტურში როგორ იქნებით, თუ პირველ ტურშივე მარცხს შეგუებული ხართ და გზას ნინო ბურჯანაძეს უთმობთ?
- გზას არავის ვუთმობ. მხოლოდ ჩემს სურვილზე ვსაუბრობ, გამორიცხვით კი არაფერს გამოვრიცხავ.

- თქვენი საპრეზიდენტო სურვილიც განმარტეთ _ ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადების შესახებ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს რატომ იმეორებთ, რის გამოც წლების განმავლობაში თავად აკრიტიკებდით?
- დიახ, მიხეილ სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს მათივე სიტყვები შეგნებულად შემოვუტრიალე. მიხეილ სააკაშვილი ნულოვან ტოლერანტობას ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული არასრულწლოვნების მიმართ აცხადებდა. ახლა აუცილებელია, თავად იგრძნოს, რას ნიშნავს ნულოვანი ტოლერანტობა. ძველი აღთქმისამებრ _ თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ. ვიმეორებ, სააკაშვილმა მისივე პოლიტიკის ,,სიამოვნება’‘ საკუთარ ტყავზე უნდა იგემოს. ამ შემთხვევაში მხოლოდ იმ ნაციონალებზე ვსაუბრობ, რომლებმაც არაადამიანური სისტემის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს.

- თქვენი შურისძიება სამოქალაქო დაპირისპირებას არ გამოიწვევს, მით უმეტეს, როცა ამისკენ ამომრჩეველსაც მოუწოდებთ?
- ნაციონალურ მოძრაობას სამოქალაქო ომის დაწყების შანსი რომ ჰქონოდა, ამას არჩევნების შემდეგ თავადვე გააკეთებდა, რადგან მათთვის ძალაუფლება ადვილი დასათმობი არ იყო. ამ ეტაპზე, ნაციონალურ მოძრაობას სამოქალაქო ომის პროვოცირების თავი არ აქვს, მარგველაშვილი კი ცრუობს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ატყუებს, როცა აცხადებს _ 27 ოქტომბერს კოჰაბიტაცია დასრულდებაო. ამჟამად, პარლამენტში უმრავლესობასა და უმცირესობას შორის გახურებული კოჰაბიტაციური ურთიერთობებია, რასაც 27 ოქტომბერი ნამდვილად ვერ შეაჩერებს. სწორედ ამ მიზეზით აღმოჩნდა ,,ქართული ოცნებისთვის’‘ ლუსტრაციის შესახებ ჩემს მიერ მომზადებული კანონპროექტი მიუღებელი, რომლის მიხედვითაც გაუპატიურებასა და ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით მოქალაქეების დაშანტაჟებაში მხილებულ პარტიის წევრებს მაღალი თანამდებობის დაკავება აეკრძალებოდათ.

- ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი თქვენც ხართ და ლუსტრაციის კანონი, ლოგიკურად, უნდა შეგეხოთ, თქვენ კი პრეზიდენტობისთვის იბრძვით.
- ეს კანონპროექტი ეხება მხოლოდ დანიშნულ და არა ხალხის მიერ არჩეულ თანამდებობებს. სხვათა შორის, ლუსტრაციის კანონი აღმოსავლეთ ევროპაში ტოტალიტარული რეჟიმების შემდეგ მიიღეს, ნაციონალური მოძრაობა კი ავტორიტარული რეჟიმისთვის აუცილებელ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

- სწორედ ამიტომ გეკითხებით, როცა ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაციაზე საუბრობთ, თუმცა პარტიის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერს პრეზიდენტობის ამბიცია გაქვთ, თქვენს წილ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობთ?
- დიდი ხანია ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ნაციონალური მოძრაობის სხვა მოღვაწეებისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ. პარტია, რომელმაც არაადამიანური მეთოდები სახელმწიფოს მართვის ძირითად სისტემად აქცია, რიგით პოლიტიკურ ძალად უნდა განვიხილოთ? გიორგი მარგველაშვილმა ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, მისი ლამაზი ზღაპრები კოჰაბიტაციის დასრულების შესახებ, მხოლოდ ტყუილია. აღნიშნული კანონპროექტი მიზნად ორი პარტიის ლუსტრაციას ისახავდა _ ნაციონალური მოძრაობისა და ,,ქართული ოცნების’‘. ნაციონალური მოძრაობის ლუსტრაცია ვერ მოხერხდა, თუმცა ,,ოცნება’‘ გამოაშკარავებულია. _ და რა გაარკვიეთ? _ სანამ ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნება’‘ იქნება, ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაცია მუდმივად გაგრძელდება. ხელისუფლების პირველი პირები არც მალავენ, რომ მათი მიზანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გადარჩენა და მასთან პოლიტიკური პარტნიორობაა. მეტიც, მმართველი გუნდი მზადაა ნაციონალებთან ერთად ქვეყანაში ორპარტიული რეჟიმი შექმნას. ,,ქართულ ოცნებაში’‘ დღემდე ნაციონალური მოძრაობის კადრები საქმიანობენ, მეტიც, რთულია გაარჩიო ზღვარი ,,ოცნებასა’‘ და ნაციონალებს შორის. კოჰაბიტაცია უმაღლეს მწვერვალზეა ასული და მის დამთავრებაზე საუბარი არარეალურია.

- კოჰაბიტაცია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა იყო, რათა ახალ ხელისუფლებას ნაციონალური მოძრაობის მსგავსად ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა არ განეხორციელებინა. ასე არ ფიქრობთ?
- არა მგონია, დასავლეთიდან მოთხოვნა იყოს, სამი ადამიანი, რომელიც თავს დამესხა, დღემდე ფინანსურ პოლიციაში მუშაობდნენ. ფაქტია, რომ ,,ოცნებას’‘ მსგავსი ადამიანები სჭირდება, რადგან კარგად იცის, რომ ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება რაღაც ცუდისთვის ემზადება.

- მმართველი გუნდი რისთვის ემზადება?
- ჯალათები, რომლებიც დღემდე სამსახურს ინარჩუნებენ, ახლაც მზად არიან დანარჩენი მოქალაქეების უფლებები ფეხქვეშ გათელონ. შესაბამისად, მინისტრები მათ საჭიროებისამებრ გამოიყენებენ. შესაძლოა დღეს მსგავსი მეთოდებით ქვეყნის მართვა აუცილებელი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ დაჭირდებათ ნაციონალების მიერ დატოვებულ ჯალათებს საქმეს ,,ოცნებაც’‘ გააკეთებინებს.
- ანუ, ,,ქართული ოცნება’‘ ნაციონალური მოძრაობის გზას გაივლის?
- როცა ნაციონალური მოძრაობის ჯალათებს პროფესიონალებად და საქმის მცოდნეებად აფასებენ, გამორიცხული არაფერია. სწორედ მსგავსი მიდგომა გახდა ჩემსა და ,,ქართულ ოცნებას’‘ შორის უთანხმოების მიზეზი. სამწუხაროდ, დღემდე არაფერი შეცვლილა. უბრალო და ღარიბი მოქალაქეების ინტერესების ნაცვლად, მთავრობა მსხვილი ბიზნესის პატრონებსა და ფულიანი ადამიანების უფლებებზე ზრუნავს. სადაზღვევო კომპანიებს დღესაც დავით საგანელიძე ლობირებს, არც კაზინოებისა და სათამაშო აპარატები აუკრძალავს ვინმეს და იპოთეკარების პრობლემაც გადაუჭრელია. ,,ქართულ ოცნებას’‘ სამართლიანობის აღდგენაზე ერთი დღეც არ უფიქრია, ქვეყანაში მართლმსაჯულებამ პარალიჩი მიიღო, რისი შედეგიც ბაჩო ახალაიას გამართლება იყო.
-მიუხედავად ამისა, კოალიციის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე, მზად იყავით მინისტრის თანამდებობას დათანხმებოდით.
- ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, ,,ვარდების რევოლუციის’‘ შემდეგ რეალური შანსი მქონდა მინისტრი გავმხდარიყავი, თუმცა მაშინ მაღალ თანამდებობაზე უარი განვაცხადე. ,,ქართულ ოცნებაში’‘ პოლიტიკოსთა უმრავლესობას ამის შანსი არ ჰქონია. როცა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კობა დავითაშვილი პასუხისმგებლობას გაურბის და ოპოზიციიდან კრიტიკა ურჩევნიაო, დიახ განვაცხადე _ მზად ვარ ნებისმიერ სამინისტროს ვუხელმძღვანელო და ნახევარი წლის შემდეგ ჩემი და ყველაზე კარგი მინისტრის მოღვაწეობა შეაფასეთ-მეთქი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს ჩემთვის არაფერი შემოუთავაზებია. ასე რომ, პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, მინისტრობა კი ჩემი მიზანი სულაც არ არის. ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, კომფორმისტი არასოდეს ვყოფილვარ.

- უკვე მეორეჯერ მიანიშნეთ კოლეგებზე, დაასახელეთ ვინ არის დღეს პარლამენტში კომფორტის მოყვარული?
- დღეს პარლამენტში უმეტესობა წესიერი ადამიანია, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის ხათრი აქვთ და უარს არაფერზე ამბობენ. თუ პრეზიდენტი გავხდები, ვადამდელ არჩევნებს აუცილებლად დავნიშნავ, სხვა შემთხვევაში ოთხი წელი ამ პარლამენტის ყურება მოგვიწევს.