,,არჩევნების შემდეგ საზოგადოება ისევ იმედგაცრუებისთვისაა განწირული’‘

,,არჩევნების შემდეგ საზოგადოება ისევ იმედგაცრუებისთვისაა განწირული’‘

რატომ არ აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს ეკონომიკური პროგრამები და ვინაა პასუხისმგებელი არშესრულებულ დაპირებებზე?

საქართველოში, სადაც მძიმე ეკონომიკური ვითარებაა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სოციალურად შეჭირვებულია, პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს ეკონომიკური პროგრამა არ აქვს. ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე კანდიდატები არ საუბრობენ და არც მათ მოგვარებას გვპირდებიან. ,,ახალი მემარჯვენეების’‘ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან კალანდაძემ ,,ვერსიასთან’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ამის მიზეზები ახსნა. პრეზიდენტობის კანდიდატები ეკონომიკური და სოციალური ხასიათის დაპირებებით თავს იმ მარტივი მიზეზის გამო არ იწუხებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მათ ამ პრობლემის რეალურად გადაჭრის საშუალება აღარ ექნებათ! გარდა ამისა, ორი მთავარი გზავნილი, რასაც ლევან კალანდაძემ ,,ვერსიასთან’‘ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, ისაა, რომ ამომრჩეველი ხმას კანდიდატის პროგრამას კი არ აძლევს, არჩევანს ემოციურად აკეთებს, შემდეგ კი, გადის დრო და საზოგადოება აცნობიერებს, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს.

- ბატონო ლევან, რატომ არ აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს ეკონომიკური პროგრამები?
- ამის ობიექტური მიზეზი ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ანუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ძალაში შედის ახალი რეგულაციები, რომლითაც პრეზიდენტი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური აღარ იქნება. მისი უფლებამოსილება და გავლენის სფეროები მთავრობასა და მათ შორის, ეკონომიკურ ინსტიტუციებზე, მნიშვნელოვნად შემცირდება. პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით, კონფლიქტების მართვის მენეჯერის ფუნქციას იღებს. ამ თვალსაზრისით, სწორია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები საზოგადოებას დაპირებებსა და მესიჯებს არ უგზავნიან. მეორე მხრივ, პრეზიდენტი მაინც ქვეყნის საგარეო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. გარდა ამისა, მედიაციისა და კონფლიქტების მართვის ფუნქცია საჭიროებს გარკვეულ ხედვებს, მათ შორის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროში, რასაც პრეზიდენტი თუ არ მართავს, უნდა აბალანსებდეს მაინც. არსებობს სუბიექტური მიზეზიც _ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება და ამომრჩეველი, ევროპელთან შედარებით, ნაკლებად პრაგმატულია და არჩევანს პროგრამების მიხედვით კი არა, ემოციის დონეზე აკეთებს. შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში გარკვეული ტრადიცია ჩამოყალიბდა და მაპატიეთ, მაგრამ პოლიტიკოსები ზედმეტად აღარ იწუხებენ თავს წინასაარჩევნო პროგრამების მომზადებით. სხვა საკითხია, რომ პროგრამის მომზადებას გარკვეული კვალიფიკაცია და შრომა სჭირდება. ერთი მხრივ, ეკონომიკური და სოციალური საკითხები რეალობასთან მისადაგებული უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პროგრამებით პაექრობა არაპოპულარულია, ჩვენი კანდიდატები კომფორტულ გარემოს იქმნიან და საზოგადოების განწყობაზე მოქმედებას ცდილობენ, რათა უფრო მეტი პოპულიზმი შეიტანონ წინასაარჩევნო კამპანიაში.

- ამომრჩეველი წინასაარჩევნო პროგრამას ყურადღებას რომ არ აქცევს, ისევ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების დამსახურება ხომ არაა? _ კანდიდატების დაპირება უმეტესად არ სრულდება და დიდად არც მათი პროგრამები განსხვავდება ერთმანეთისგან?
- შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით... პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებები არ სრულდება და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. გარდა ამისა, ყველა არჩევნებში ისეთი ვითარებაა, თითქოს ეს ,,ფილმი’‘ უკვე ნანახი გვაქვს. პროგრამებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მისი რეალურობის შეფასება უნდა გახდეს აქტუალური ამომრჩევლისთვის. ყოველ არჩევნებზე ვისმენთ, რომ დაპირებები არ სრულდება, მაგრამ მაინც დაპირებებზე ვაკეთებთ აქცენტს მომავალ არჩევნებში და არ ვითვალისწინებთ, რამდენად რეალურია ისინი. 2003 წელს ქართული საზოგადოება ნაციონალური მოძრაობის დაპირებებს ადვილად ენდო, მერე მიხვდა, რომ ეს დაპირებები არარეალური იყო და იმის ნაცვლად, არჩევნებისადმი კონტექსტი და დამოკიდებულება შეცვლილიყო, იგივე ამომრჩეველი 2012 წელს, ისევ მარტივად წამოეგო უკვე ,,ქართული ოცნების’‘ დაპირებებზე. მიზეზი ისაა, რომ დაპირებების რეალობა არავის შეუფასებია. ანუ, საზოგადოებას ზედაპირული დამოკიდებულება აქვს პოლიტიკოსებისადმი. გადაწყვეტილების ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ მიღება მხოლოდ ემოციურ ფაქტორს ეფუძნება. ახლაც, ზოგი კანდიდატი წმინდა სოციალური და ეკონომიკური ხასიათის დაპირებას აძლევს საზოგადოებას, რომლის გარკვეული ნაწილი უკვე წამოგებულია ამ მესიჯს და ამბობს, რომ ეს ძალიან კარგია. გვავიწყდება, რომ რეგულაციების თვალსაზრისით, პრეზიდენტის კომპეტენცია აღარ არის გარკვეული მომსახურების გაიაფება, სამუშაო ადგილების შექმნა... შესაბამისად, არჩევნების შემდეგ, საზოგადოება ისევ იმედგაცრუებისთვისაა განწირული.

-იმის მიზეზი რაღაა, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა წინასაარჩევნოდ თემების (გადასახადების შემცირება, კომუნალური ტარიფების გაიაფება, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის აღორძინება...) აქტუალობის კუთხითაც?
- ეკონომიკური ნაწილი და სოციალური ფონის გაუმჯობესება უფრო მეტად მმართველი ძალის გადასაწყვეტია და არა პრეზიდენტობის კანდიდატის. მიუხედავად ამისა, წინასაარჩევნო კამპანიების დროს, პოლიტიკოსები უხვად გზავნიან სხვადასხვა მესიჯებს და დაპირებებიც საკმაოდ მსუყეა. შემდგომი ოთხწლიანი მუშაობის პროცესში კი გარკვეული კორექტირება ხდება. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებს, ჩემთვის ალოგიკური და წარმოუდგენელი იყო ის კომენტარი, რაც ენერგეტიკის მინისტრისგან მოვისმინე _ გავაიაფეთ დენის გადასახადი, მეტი რა უნდა გავაკეთოთო. პარლამენტის ექსსპიკერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, ვინ თქვა, რომ 2013 წელს პენსიები უნდა გაზრდილიყო, რა პირობაც მივეცით მოსახლეობას, უკვე შევასრულეთო... გარკვეული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის განცდის არარსებობაა საზოგადოებაში და შესაბამისად, ხელისუფლებაც ადეკვატურად იქცევა. მოკლედ, ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს, როგორიც საზოგადოებაა. საზოგადოება ვერ გამოვიდა გარკვეული ეიფორიიდან და ყოველი არჩევნების შემდეგ დგება დრო, როცა ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი შეკვეთა ხელისუფლების მიმართ არაადეკვატური და საჭიროებებსაცდენილია ისევე, როგორც ,,ქართული ოცნების’‘ მთავარი ლოზუნგი _ სამართლიანობის აღდგენა და მოლოდინი, რომ სამართლიანობის აღდგენა გარკვეული ფორმით დაიწყებოდა. საინტერესოა, რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას ეს ტერმინი, რადგან ხალხის უდიდესი ნაწილი სამართლიანობის აღდგენაში ნაციონალების მიერ ბიზნესმენებისთვის წართმეული ქონებისა და აქტივების დაბრუნებას გულისხმობს, მეორე ნაწილი კი სამართლიანობის აღდგენაში მხოლოდ ადამიანების ციხეში ჩასმას მოიაზრებს. შესაბამისად, ამა თუ იმ საკითხის არასწორი აქცენტირება, ბუნებრივად, იწვევს გარკვეულ კორექტირებას ხელისუფლების მოქმედებაში. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას ის, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაპირების, მესიჯის ან პროგრამული ინიციატივის სახით გაჟღერდა. ამ თვალსაზრისით, გულგრილი დამოკიდებულება გვაქვს _ არჩევნებიდან რამდენიმე წლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ხელისუფლებამ დაპირებები ვერ შეასრულა და იმას ვერ ვიაზრებთ, რომ ამაში საზოგადოებამაც შეიტანა წვლილი. შესაბამისად, მხოლოდ ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ პასუხი. ეს იმ საზოგადოების პასუხისმგებლობაცაა, რომელმაც ისე არ დასვა საკითხი, ხელისუფლებას დანაპირები შეესრულებინა. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი, ,,ქართული ოცნების’‘ დაპირებების ,,გაპრავებაზეა’‘ გადასული. მაგალითად, როცა ხელისუფლებამ უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვა აკრძალა, ყველამ ტაში დაუკრა. როცა პრემიერმა განაცხადა, ასეთი აკრძალვა არ შეიძლებაო, იგივე ნაწილი დაეთანხმა და კვერი დაუკრა. რეალური პრობლემა საზოგადოებაშია, რომლის უმწიფრობა ხელისუფლების არაადეკვატურ ქმედებას განსაზღვრავს. დღეს ქვეყანა ორი გამოწვევის წინაშე დგას _ ეკონომიკა და განათლება. არ არსებობს ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი უნდა გახდეს. განათლება კი, პროგრესის საფუძველი და ბაზისია. ამ ორ საკითხზე დღეს არავინ საუბრობს. მიზეზი მარტივია _ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკა და პოლიტიკური საქმიანობა ბაზარს და ,,იყიდე, გაყიდე’‘-ს დაემსგავსა. დღეს ჩვენი პოლიტიკოსები იმას ყიდიან, რაც გაყიდვადია, ხოლო იმ ელიტური საქონლის შეძენა, რომელიც ამ შემთხვევაში, რაციონალური ეკონომიკური პოლიტიკისა და განათლების პრიორიტეტულობის სახით უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, არავის შეუძლია.