კროსვორდი ივანიშვილისგან - პრემიერობის კანდიდატთა წრე ვიწროვდება

კროსვორდი ივანიშვილისგან - პრემიერობის კანდიდატთა წრე ვიწროვდება

კარგი პრემიერი ეყოლება ქვეყანას, - კიდევ ერთხელ დაგვამშვიდა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვუში და იქვე გვაუწყა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში უკვე ყველას ეცოდინება, თუ ვინ შეცვლის ივანიშვილს მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა საკითხი, რომ მომავალი პრემიერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნებოდა, თუმცა ამ განხილვას წერტილი ივანიშვილმა დაუსვა, როდესაც დაბეჯითებით განაცხადა, რომ უსუფაშვილის კანდიდატურა არც კი განუხილავს. მის ბოლო ინტერვიუში უკვე ახალი მინიშნება გაჩნდა, ლაპარაკობდა რა მთავრობიდან და პოლიტიკი­დან წასვლაზე, ის პარტია "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" მომავალსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალში არ იქნება მისი თავმჯდომარე, თუმცა მის წევრად და მხარდამჭერად დარჩება. "არჩევნებიდან ცოტა ხანში დავნიშნავთ პარტიის ყრილობას, რომელზეც აირჩევა ახალი თავმჯდომარე, ჩემი თვალთახედვით, ეს პრემიერი იქნება, შეიძლება შემოვიღოთ მეორე თანამდებობა - გენერალური მდივნის, ანუ პრემიერის გარდა იყოს მეორე ფიგურა, რომელიც მეტ ყურადღებას პარტიას დაუთმობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ეს ნათქვამი აჩენს იმგვარი ვარაუდის საფუძველს, რომ მომავალი პრემიერი აუცილებლად პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენელი იქნება. მოდით, გადავხედოთ პრემიერობის იმ სავარაუდო კანდიდატთა სიას, ვინც აქამდე სახელდებოდა. ყველაზე ხშირად ამ პოსტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას განიხილავდნენ. ის მიიჩნევა ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფორმალურად ის ამჟამად უპარტიოა და, შესაბამისად, თუ ივანიშვილის ნათქვამის მიხედვით ვიმსჯელებთ, ის ვერც პარტიის თავმჯდომარე გახდება და ვერც პრემიერი, რა თქმა უნ­და, თუ უახლოეს მომავალში არ გაწევრდა "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში".

დღეს მთავრობაში ეს პარტია შვიდი მინისტრითაა წარმოდგენილი, მათგან ივანიშვილის კარზე ყველაზე გავლენიან ფიგურად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რჩება, რომელიც პრემიერის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია. პრემიერისეული განცხადების მიხედვით, პრემიერის პოსტზე ყველაზე მეტი შანსი, შესაძლოა, სწორედ მას ჰქონდეს. ის პარტიის ერთ-ერთი
დამფუძნებელია. კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც მთავრობაში ივანიშვილის პარტიას წარმოადგენს, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეა, ის ასევე ვიცე-პრემიერია და აშკარად სარგებლობს პრემიერის კეთილგანწყობით. მისი პრემიერობა, ღარიბაშვილთან შედარებით, ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ანგარიშში ჩასათვლელი ნამდვილად არის.

ასევე, საკმაოდ ხშირად ამ პოსტზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურაც სახელდებოდა, რომელიც არცთუ ურიგოდ უძღვება ერთ-ერთ ყველაზე რთულ სფეროს და საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებასაც ახერხებს. ისიც ივანიშვილის უახლოეს გარემოცვას მიეკუთვნება, ამბობენ, რომ მას პრემიერი განსაკუთრებულ პა­ტივს სცემს, თუმცა, როგორც გავარკვიეთ, სერგეენკო ამჟამად უპარტიოა.

ერთი რამ დაზუსტებით შეიძლება ითქვას: ივანიშვილის შერჩეული კანდიდატურა კოალიციის სხვა სუბიექტების წარმომადგენელი ვერ იქნება.