საავიაციო საჩვენებელი სწავლება ვაზიანში

საავიაციო საჩვენებელი სწავლება ვაზიანში

დღეს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ავიაციის საჩვენებელი სწავლება გაიმართა. წვრთნაში ექვსმა ერთეულმა სუ-25-მა და ორმა ერთეულმა ელ-39 ტიპის თვითმფრინავმა მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში მი-24 და UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენებიც იყო ჩართული.

საჩვენებელი სწავლების დროს სხვადასხვა ტიპის საავიაციო ტექნიკა თანმიმდევრობით მოქმედებდა და სახმელეთო მიზნები სხვადასხვა შეიარაღებით დააზიანა. საავიაციო წვრთნას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო. „დღევანდელმა წვრთნებმა გამოავლინა, რომ ჩვენს მფრინავებს მაღალი მომზადების დონე აქვთ. გამოყენებული შეიარაღება ზუსტად მოხვდა ყველა სამიზნეს. აქედან გამომდინარე, წარმატებულ წვრთნად შეიძლება ჩაითვალოს. მინდა, ყველა სამხედროს, ვინც მონაწილეობას იღებდა, ეს წარმატება მივულოცო და პროფესიულ საქმიანობაში კიდევ უფრო მეტი მიღწევები ვუსურვო“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. ავიაციის საჩვენებელ სწავლებაზე ასევე, იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები, ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და სახმელეთო ძალების წარმომადგენლები.

გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის-გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ საავიაციო სწავლება დადებითად შეაფასა. „დღევანდელი სწავლებით საკმაოდ კმაყოფილები ვართ. წვრთნაში სხვადასხვა ტიპის საავიაციო ბომბები და რაკეტები იყო ჩართული. ჩვენს მფრინავებს ის უნარ-ჩვევები გააჩნიათ, რომელიც შეუძლიათ მოქმედებებში გამოიყენონ“ - განაცხადა ბრიგადის გენერალმა.

ავიაციის საჩვენებელი სწავლებით 3 კვირიანი წვრთნა დასრულდა. სწავლება სამ ეტაპს მოიცავდა. პირველად მფრინავებმა მოსამზადებელი წვრთნები არასაბრძოლო შეიარაღების გამოყენებით გაიარეს. მეორე ეტაპზე სწავლება უმართავი რაკეტებით საცეცხლე მომზადებას დაეთმო. ბოლო ფაზაში კი წვრთნები ძირითადი შეიარაღებით ჩატარდა. გეგმიური სწავლების მიზანს ავია-საშუალებების ეფექტური გამოყენება და საჰაერო მანევრებში ვარჯიში წარმოადგენდა.